Facebook Twitter

¹ას-21-358-09 28 მაისი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «ს. ს. ე.»

წარმომადგენელი _ ი. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «რ.»

წარმომადგენელი _ ნ. ტ-უა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 11 მაისს შპს «ს. ს. ე.» სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს «რ.» მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისთვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრება 839478,13 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის პირველ ნოემბერს სახელმწიფო კომპანია «ე.» და სახაზინო საწარმო «რ.» შორის გაფორმდა ხელშეკრულება პირდაპირი მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გადაცემის თაობაზე, რომლის თანახმადაც, კომპანია «ე.» კისრულობდა ვალდებულებას მის განმავლობაში არსებული ქსელის მეშევეობით სახაზინო საწარმო «რ.» მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის ელექტროენერგია, ხოლო თავის მხრივ, სახაზინო საწარმო «რ.» იღებდა ვალდებულებას დადგენილი ტარიფის შესაბამისად, გადაეხადა ელექტროენერგიის საფასური. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახამდ, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც 2002 წლის 20 ნოემბერს საზოგადოებებს შორის გაფორმებულ იქნა 1999 წლის პირველი იანვრიდან 2002 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდის ბუღალტრული შედარების აქტი, რომლის შესაბამისად, სს «რ.» აღიარებდა შპს «ს. ს. ე.» წინაშე არსებულ დებიტორულ დავალიანებას 839473,00 ლარის ოდენობით. იმის გამო რომ მოპაასუხე არ იხდის მის მიერ აღირებულ დავალიანებას, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 აგვისტოს საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე სს «რ.» შეიცვალა სათანადო მოპასუხე შპს «რ.».

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. ს. ე.» გენერალური დირექტორისა და რეაბილიტაციის მმართველის ჯოზეფ ქორბეტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «რ.» მოსარჩელე შპს «ს. ს. ე.» სასარგებლოდ დაეკისრა 297370 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა 542108 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. შპს «ს. ს. ე.» მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

შპს «რ.» სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს «ს. ს. ე.» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «რ.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «ს. ს. ე.» უარი ეთქვა მოპასუხე შპს «რ.» 297370 ლარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1998 წლის პირველ ნოემბერს სახელმწიფო კომპანია «ე.» და სახაზინო საწარმო «რ.» შორის გაფორმდა ხელშეკრულება პირდაპირი მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გადაცემის თაობაზე ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია «ე.» კისრულობდა ვალდებულებას მის განმავლობაში არსებული ქსელის მეშევეობით სახაზინო საწარმო «რ.» მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის ელექტროენერგია, ხოლო თავის მხრივ, სახაზინო საწარმო «რ.» იღებდა ვალდებულებას დადგენილი ტარიფის შესაბამისად, გადაეხადა ელექტროენერგიის საფასური. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახამდ, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2002 წლის 20 ნოემბერს შპს «ს. ს. ე.» და შპს «რ.» შორის გაფორმებულ იქნა 1999 წლის პირველი იანვრიდან 2002 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდის ბუღალტრული შედარების აქტი, რომლის შესაბამისად, დავალიანებამ შეადგინა 839473,00 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 297370 ლარს, ხოლო დარიცხული საურავი _ 542103,00 ლარს. შედარების აქტი ხელმოწერილია საწარმოს დირექტორებისა და მთავარი ბუღალტრების მიერ და დამოწმებულია საწარმოთა ბეჭდებით;

სახელმწიფო კომპანია «ე.» უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს «ს. ს. ე.», ხოლო სახაზინო საწარმო «რ.» უფლებამონაცვლეს _ შპს «რუსთავწყალი»;

შპს «რ.» სააპელაციო საჩივარში, შპს «ს. ს. ე.» სარჩელის უსაფუძვლობის გარდა უთითებდა სარჩელის ხანდაზმულობას, ვინაიდან გასული იყო სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ს. ს. ე.» წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მიხედვით, ვალდებული პირი უფლებამოსილია მიუთითოს სარჩელის ხანდაზმულობაზე და უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, თუ სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტის დასადასტურებლად არ არის მოყვანილი ახალი ფაქტები და არ არის წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს აზრით, აპელანტმა მიუთითა რა სარჩელის ხანდაზმულობაზე, ამ ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია ახალი მტკივებულებები, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი უფლებამოსილი იყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შეემოწმებინა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებდა საზოგადოებებს შორის 2002 წლის 20 ნოემბერს შედგენილ საბუღალტრო შედარების აქტზე, ხოლო მან სარჩელი სასამართლოში აღძრა 2007 წლის 11 მაისს, სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმული იყო და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს «ს. ს. ე.» მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ აღიარა 112082,00 ლარის დავალიანების არსებობა, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ შპს «რ.» სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. ს. ე.», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძველბით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტიოლების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა იგი.

კასატორის აზრით, მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებისა, სააპელაციო სასამართლომ შპს «რუსთავწყალის» სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით, მაშინ, როდესაც შპს «რ.» სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ არ გაუხდია არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში. აღნიშნული საკითხი მოწინააღმდეგე მხარმ დააყენა მხოლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის საქმის წარმოების ეტაპზე განხილვით, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 381-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასმართლომ არ გაითვალისწინა და სამართლებრივად არასწორი შეფასება მისცა შპს «რ.» მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაკეთებულ აღიარებას სასარჩელო მოთხოვნის საერთო თანხიდან 112082,00 ლარის დავალიანების ფაქტის არსებობის თაობაზე, მაშინ, როდესაც არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არ სააპელაციო სასამართლოში, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ მომხდარა მათ მიერ უკვე გაკეთებული, დავალიანების არსებობის ფაქტის აღიარების გაქარწყლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ შპს «ს. ს. ე.» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებულ მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომელიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შპს „რ.“ პირველი ლინსტანციის სასამართლოში სარჩელის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი დააყენა მხოლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებული პირი უფლებამოსილია მიუთითოს სარჩელის ხანდაზმულობაზე და უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, თუ ხანდაზმულობის ფაქტის დასადასტურებლად არ არის მოყვანილი ახალი მტკიცებულებები და ფაქტები.

სააპელაციო პალატის აღნიშნულ დასკვნას საკასაციო პალატა არ იზიარებს და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი. მითითებული ნორმა ადგენს არა მხოლოდ ახალი მტკიცებულებების, არამედ ახალი ფაქტების მიღებისა და დასაშვებობის პირობებს. ამასთან, აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს რომელიმე ფაქტის მიმართ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეს ხანდაზმულობის საკითხის დაყენება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს შეეძლო თუ არა მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა სარჩელის ხანდაზმულობაზე. იმ შემთხვევაში თუ მხარემ არასაპატიო მიზეზით არ მიუთითა ხანდზმულობის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტს და უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სხვა საფუძვლებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ს. ს. ე.» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.