ას-21-376-07 19 მარტი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “ .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 ნოემბერს ვასილ შაყულაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპსაუხე სს “ .. ..” წინააღმდეგ და მიუთითა, რომ 2002 წლის 17 ივნისამდე მუშაობდა სს “ .. ..” აბონენტთა საჩივრების ანალიზის განყოფილებაში მენეჯერის თანამდებობაზე. 2001 წლის პირველ ნოემბერს, გენერალური დირექტორის ¹კ-734 ბრძანების საფუძველზე საწარმოში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა მუშა-მოსამსახურეთა გათავისუფლება. აღნიშნულის შედეგად, 2004 წლის 20 ნოემბრის ¹761-ე ბრძანებით, აბონენტთა საჩივრების ანალიზის განყოფილება და მასში შემავალი თანამშრომლები დაექვემდებარნენ მენეჯერს. შემცირების გამო, საწარმოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც 2002 წლის 10 ივნისის ¹17-ე საოქმო გადაწყვეტილებით დაეთანხმა საწარმოს პროფკავშირის პროფკომიტეტის პრეზიდიუმი. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა საწარმოს გენერალური დირექტორის 2002 წლის 30 მაისის ¹1-05/121 წერილს, რომლის თანახმად, დირქტორი ვალდებულებას იღებდა გათავისუფლებულ პირთათვის, გათავისუფლების შემდეგ, კომპენსაციის სახით სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას. ხოლო პროფკომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაოდან გათავისუფლებულ პირებს უნდა ანაზღაურებოდათ კომპენსაცია ექვსი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, მოსარჩელის განმარტებით, სს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა 2005 წლის 8 ნოემბრის წერილით უარი განუცხადა ექვსი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე და მხოლოდ ერთი თვის ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდას დათანხმდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. შ-მა მოითხოვა ექვსი თვის საკომპენსაციო თანხისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება _ სულ 8960 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს “ .. ..” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2560 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემატა შემდეგი პუნქტი: სს “ .. ..” ვ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2560 ლარის გადახდა. აპელანტს უარი ეთქვას სამი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ის გარემოება, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ სს “ .. ..” ადმინისტრაციამ იკისრა ვალდებულება გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის ექვსი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ. ასევე დაადგინა, რომ ვ. შ-ი გათავისუფლებიდან ორი თვის მანძილზე სამუშაოზე არ მოწყობილა, რის გამოც საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, საკომპენსაციო თანხა უნდა განსაზღვრულიყო ორი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..” წარმომადგენელმა ვ. ც-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით სს .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
სს ,, .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში ვ. შ-მა წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სს ,, .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,, .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს ,, .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,, .. ..” წარმომადგენელ ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.