Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-214-475-08 25 ივნისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ. ძ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ძ-შვილისა და ბ. ძ-შვილის უფლებამონაცვლეები – გი. და ვ. ძ-შვილები

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ძ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. და გ. ძ-შვილების წინააღმდეგ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დედის – ს. ძ.-შვილის სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი; ს. ძ.-შვილი გარდაიცვალა 1995 წელს და მას დარჩა სამკვიდრო. იგი 1985 წლიდან ცხოვრობს და ჩაწერილიცაა აღნიშნულ სახლში. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეები – ბ.და გ. ძ-შვილები შეიჭრნენ მის სახლში და ხელს უშლიან საკუთრებით სარგებლობაში. აქედან გამომდინარე, კ. ძ-შვილმა მოითხოვა სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა და მოაპასუხეების გამოსახლება აღნიშნული სახლიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით კ. ძ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ. ძ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით კ. ძ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. ძ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა. ამის გამო დატოვა სასამართლო პროცესი და სასამართლომ კი გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 25 ოქტომბერს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე მართალია, გამოცხადდა აპელანტი კ. ძ-შვილი, მაგრამ მან სასამართლო პროცესი დატოვა, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რის გამოც მან დატოვა სასამართლო პროცესი, კერძოდ, მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა მოსამართლის აცილების თაობაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა კ. ძ-შვილმა უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში კ. ძ-შვილი სასამართლომ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო მის მიმართ გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილბას. მიუხედავად ამისა, მან დატოვა სასამართლო პროცესი და უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე (ს.ფ.206).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კ. ძ-შვილის მიმართ სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.