ას-214-548-07 12 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. მ-იE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ზ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხე დ. ზ-ის მიმართ მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 15 დეკემბერს დ. ზ-ისაგან შეიძინა მიკროავტობუსი 7 000 აშშ დოლარად. აღნიშნულზე მხარეებს შორის შედგა შესაბამისი ხელწერილი.
მოსარჩელის განმარტებით, მიკროავტობუსი ტექნიკური სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე აღრიცხულია დ. ზ-ის სახელზე, მაშინ, როდესაც მიკროავტობუსი გადაეცა 2000 წელს და ის ექვსი წლის განმავლობაში მის კანონიერ მფლობელობაშია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიკროავტობუსის ფლობის ფაქტი დასტურდება მოწმეთა განმარტებებით, სანოტარო აქტებით, შესაბამისობის სერტიფიკატითა და შპს „.. ..“ ცნობით.
მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 165-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა მიკროავტობუსის („ფორდტრანზიტი“ ¹... ის) მესაკუთრედ აღიარება და 1997 წლის 17 ნოემბერს გაცემულ ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში ¹... ავტომანქანა „ფორდტრანზიტი“ ¹...-ის მესაკუთრის გრაფაში, დ. ზ-ის ნაცვლად, გ. მ-ს მითითება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა სს „თ...ი“.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 1 ივნისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა.
სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-მა. მან მიუთითა, რომ 2000 წლის 15 დეკემბერს დ. ზ-მ ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტი” ნამდვილი უფლების საფუძველზე პირდაპირ მფლობელობაში გადასცა, მან კი გადაიხადა 7000 აშშ დოლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა, “ფორდტრანზიტი,” სახ. ნომერი ¹..., 1997 წლის 19 ნოემბრიდან რეგისტრირებულია დ. ზ-ის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობა ჰჰ ¹...-ით.
2000 წლის 15 დეკემბერს დ. ზ-მ მარტივი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ავტომანქანა 7000 აშშ დოლარად მიჰყიდა გ. მ-ს.
2000 წლის 19 დეკემბერს შედგენილი სანოტარო აქტის საფუძველზე დ. ზ-მ გ. მ-ს გადასცა აღნიშნული ავტომანქანის მართვის, გასხვისებისა და სხვა პირზე გადანდობის უფლება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი), კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, რადგან, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რაც მოსარჩელეს არ აქვს გავლილი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გამოიყენა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული “რეგისტრაციის წესები” და განმარტა, რომ ამ წესების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენის, გაფორმების, საზღვრის გადაკვეთის, ნომრიანი აგრეგატის შეცვლას და სხვა ისეთი გარემოების წარმოშობის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემის შეცვლასთან, სატრანსპორტო საშუალებები მათმა მესაკუთრეებმა უნდა გაატარონ რეგისტრაციაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოშველიებული ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული უზრუნველყოფის ერთ - ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის.
საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ 2000 წლის 15 დეკემბერს დ. ზ-მ აღნიშნული ავტომანქანა მარტივი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე 7000 აშშ დოლარად მიჰყიდა გ. მ-ს ანუ მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და ამდენად, უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, თანახმად, ნივთის ჩაბარებად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
კონკრეტულ შემთხვევაში დ. ზ-სა და გ. მ-ს შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება და ავტომანქანა გადაცემული იყო პირდაპირ მფლობელობაში.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც განსაზღვრავს მესაკუთრის ნამდვილი ნებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეთანხმდნენ თუ არა ხელშეკრულების მხარეები ყველა იმ არსებით პირობაზე, რაც ითვალისწინებს მოძრავ ნივთზე დ. ზ-ის მიერ საკუთრების მიტოვებას და გ. მ-ის მიერ მოძრავ ნივთზე საკუთრების მიღებას ანუ, დ. ზ-ს სურდა თუ არა მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცა გ. მ-სათვის (იხ. სასამართლო პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ¹3კ-624-02).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.