ას-216-542-09 8 ივნისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ც-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ც-ძის მიმართ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის _ 2437,96 ლარის, დავალიანების _ 1502,43 აშშ დოლარის, ჯარიმის _ 14000 ლარისა და 2005 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნული თანხის 0,2% ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹976 ბრძანებით მოპასუხე გაწვეულ იქნა სამხედრო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და ამავე წლის 30 მარტიდან დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით. კ.ც-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹273 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. მოპასუხის სამხედრო სამსახურისათვის მომზადებაში დაიხარჯა 2437,96 ლარი და კ.ც-ძის დათხოვნის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახდა აღნიშნული თანხა ხელახლა გადაეხადა სხვა სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად, შესაბამისად, სამინისტროს მიადგა სადავო თანხის ოდენობის ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2437,96 ლარის ნაწილში სამინისტრო ითხოვს მისგან ხელფასის სახით მის მიერ მიღებული თანხის დაბრუნებას, რაც უკანონოა და არღვევს შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლებას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ.ც-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 1502,43 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 2437,96 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ც-ძემ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის წესის დაცვით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ზიანის _ 2437,96 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელს მითითებულ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2005 წლის 30 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ც-ძეს შორის დაიდო ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ამავე წლის 19 ოქტომბრის ¹273 ბრძანებით კ. ც-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2005 წლის 20 სექტემბრიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მეორე თავის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე. კ. ც-ძემ სამხედრო სამსახურის გავლის დროს 2005 წლის 30 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მიიღო კუთვნილი შრომის ანაზღაურება 2437,96 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს, 3.2 პუნქტით კი სამხედრო სამსახურის პირველი სამი თვე შეადგენს სამხედრო მოსამსახურის სწავლებისა და მომზადების პერიოდს, რაც შედის 3.1 მუხლში აღნიშნულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. კონტრაქტის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, «სამხედრო მოსამსახურეს» ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი 1ა კატეგორიის ხელფასის სახით თვეში 447 ლარის ოდენობით, მე-5 მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან, მათ შორის, მომზადების პერიოდშიც უზრუნველყოფილია სათანადო ანაზღაურებით, ხელფასით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კ. ც-ძემ დაარღვია კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.6 პუნქტი, რის გამოც სამინისტრო იძულებული იყო, შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება, კ.ც-ძეს კი, სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში. პალატის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში მოსამსახურის პასუხისმგებლობას, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 407-ე და 414-ე მუხლებს. სასამართლომ ჩათვალა, რომ, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, მისი ვადამდე შეწყვეტა უნდა შეიცავდეს სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა ისეთ მახასიათებელ აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ კ. ც-ძემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, ანუ არსებობს მართლწინააღმდეგობა და ბრალი, თუმცა არ დასტურდება ზიანის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ კ. ც-ძის მიერ მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 2437,96 ლარით, რადგან აღნიშნული თანხა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის გაწეულ დამატებით ხარჯს წარმოადგენს. სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული არგუმენტი სათანადო მტკიცებულებებს არ ეფუძნება, საქმეში არსებული 20232-ე სამხედრო ნაწილის მეთაურისა და ფინანსისტის მიერ გაცემული 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1650 ცნობით კი დასტურდება, რომ კ.ც-ძემ სადავო თანხა მიიღო კუთვნილი შრომის ანაზღაურების სახით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო ანაზღაურება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ზიანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაადასტურა, თუ რა თანხა იქნა დახარჯული კ. ც-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე და რა თანხა დაიხარჯა ამისათვის, ასევე სადავო კონტრაქტის დარღვევით მიადგა თუ არა სამინისტროს მატერიალური ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა, მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის დარღვევის გამო, სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანს, რაც კონტრაქტის 8.2, 8.3, 8.4 მუხლებით დასტურდება, კერძოდ, სამინისტრომ მოითხოვა ის თანხა, რაც მან სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯა და, კ.ც-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ხელახლა გაიღო სხვა მოსამსახურის მოსამზადებლად. საყურადღებოა, რომ ამ კონტრაქტის დადებისას კასატორის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 407-ე და 414-ე მუხლები. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი სადავო კონტრაქტის მიმართ მდგომარეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფაში, მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევით კი აღნიშნული ვერ განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უშედეგოდ დაიხარჯა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული დავის საგანს წარმოადგენს კ. ც-ძის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, კ. ც-ძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. დასახელებული ნორმა ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, კერძოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ კატეგორიათა რიგს არ განეკუთვნება.
სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ, მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლის ნორმებს ეფუძნება, აღნიშნული თავისთავად დავის კერძოსამართლებრივ ხასიათზე არ მეტყველებს. განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის სწორად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ემსჯელა მხარეთა შორის არსებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ», «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეეფასებინა სადავო სამართლებრივი ურთიერთობა სამოქალაქო კანონმდებლობასთან მიმართებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავი («ადმინისტრაციული ხელშეკრულება») უშვებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები, როდესაც მოცემული საქმე განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების გზით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.