ას-216-550-07 30 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს “ .. ..“ (მოპასუხე)
2. მ. ჟ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ განაცდურისა და დავალიანების ანაზღაურება, ბრძანების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჟ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ .. ..“ მიმართ დავალიანების ანაზღაურების შესახებ, თუმცა მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა რამდენჯერმე დააზუსტა და მოითხოვა მ.ჟ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შპს „ .. ..“ დირექტორის 2004 წლის 6 ოქტომბრის ¹131 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის შვებულების ხარჯზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესულებისათვის 1675 ლარის, მიუღებელი ხელფასის _ 2520 ლარის, შრომის წიგნაკისა და შრომის კონტრაქტთან დაკავშირებული საბუთების გაუცემლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის _ 5040 ლარის, ასევე ხელფასის გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის _ 1209,6 ლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 384 ლარის მოპასუხისათვის გადახდევინება შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის მარტში მხარეთა შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. მ.ჟ-ა სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის ოქტომბერში, თუმცა მოსარჩელის არაერთგზის სიტყვიერი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მას შრომის წიგნაკი, გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ინფორმაცია მისი მუშაობის პერიოდში სახელფასო განაკვეთისა და დაკავებული თანამდებობის შესახებ არ გადასცეს. მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსით გარანტირებული მოსარჩელის უფლებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მ.ჟ-ა სამსახურიდან გათავისუფლდა კანონიერად, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება, რომ მას შრომის წიგნაკი არ დაუბრუნეს, ვინაიდან მოპასუხის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მ.ჟ-ს კუთვნილი საბუთების წასაღებად საზოგადოებისათვის არ მიუმართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჟ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. ჟ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ .. ..“ დირექტორ გ.კ-ის 2004 წლის 6 ოქტომბრის ¹131 ბრძანება მ. ჟ-ს მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდა, შპს „ .. ..“ მ. ჟ-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 2336 ლარისა და ორი სამუშაო წლის გამოუყენებელი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის _ 630 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 207,62 ლარის გადახდა, მ. ჟ-ს სარჩელი შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი მ.ჟ-ს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველი, მ. ჟ-ს დაეკისრა შპს „ .. ..“ სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯების _ 295,76 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლიდან მ. ჟ-ა მუშაობდა შპს „ .. ..“, საიდანაც 2004 წლის 6 ოქტომბერს, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტის საფუძველზე, მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სამუშაოდან გათავისუფლებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში მ.ჟ-ს შვებულებით არ უსარგებლია და არც შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ.ჟ-მ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით თავისი სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, დააზუსტა და არ გაზარდა, რადგან მისი თავდაპირველი მოთხოვნები (იძულებითი განაცდურის დაკისრება და სხვა) სწორედ ამ ბრძანების უკანონობას ემყარებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სასარჩელო განცხადების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან დაადგინა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მ.ჟ-ს ჩაბარდა სასამართლოში საქმის განხილვისას _ 2005 წლის 15 თებერვალს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანება უკანონოა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის დაიდო შრომის კანონთა კოდექსის 1211 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულება მ.ჟ-ს მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელ პირად დანიშვნის თაობაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯელობა ამ პასუხისმგებლობის ბრალეულ დარღვევაზე, რაც ზემოხსენებული ბრძანების საფუძველად მითითებულ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტითაა გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ჟ-ა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა და საფუძვლიანია მისი მოთხოვნა, ამავე კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ ასევე გაიზიარა მ.ჟ-ს მოთხოვნა, შრომის კანონთა კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საშვებულებო კომპენსაციის _ 630 ლარის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად დაწესებულების მიერ თავისი ბრალით მუშაკისათვის შრომის წიგნაკის გაუცემლობისას გათვალისწინებული კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლების არსებობა მ.ჟ-მ ვერ დაადასტურა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით, მ.ჟ-ს მიერ სააპელაციო ინსტანციაში სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაყენებით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა სასამართლომ ჩათვალა დაუშვებლად. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა შპს „ .. ..“ მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მ. ჟ-ს დააკისრა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 295,76 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ .. ..“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მ.ჟ-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მ.ჟ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს „ .. ..“ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით თავისი სასარჩელო მოთხოვნა კი არ გაზარდა, არამედ დააზუსტა. რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მ.ჟ-მ სასარჩელო მოთხოვნა მთავარ სხდომაზე გაზარდა, რაზეც მოპასუხეს თანხმობა არ მიუცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია ამავე კოდექსის 248-ე მუხლი და არასწორად განმარტა 84-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნული კი გახდა არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ჟ-მაც, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო კომპენსაციის _ 7140 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ მ.ჟ-ს საზოგადოებისათვის შრომის წიგნაკის მისაღებად არ მიუმართავს, ვინაიდან სამუშაოდან მუშაკის გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის დაბრუნება საწარმოს ვალდებულებაა, რაც შპს „ .. ..“ არ შეუსრულებია. სასამართლომ არასწორად გამორიცხა მოცემულ შემთხვევაში მ.ჟ-სათვის შრომის წიგნაკის დროულად დაბრუნებაში საზოგადოების ბრალეულობა და სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი, რომელთა თანახმად მ.ჟ-ს სამსახურში მიღებაზე უარი ეთქვა შრომის წიგანკის წარუდგენლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებებით მ. ჟ-სა და შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ მ. ჟ-სა და შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჟ-სა და შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივრები დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ .. ..“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჟ-სა და შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს „ .. ..“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.