Facebook Twitter

¹ას-217-543-09 5 ნოემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ა-ძე(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. და ი. ა-ძეები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება,

სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება, საჯარო რეესტრში ცვლილების

შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სარჩელით მიმართა ნ. ა-ძემ, მოპასუხეებად დაასახელა მ. ა-ძე, ი. ა-ძე და ნოტარიუს დ. ხ-შვილის მიერ, 2007 წლის 1 მაისს შედგენილი რ¹2-94 სამკვიდრო მოწმობის, ასევე 2007 წლის 12 ივნისს, ნოტარიუს დ. ხ-შვილის მიერ დამოწმებული რ¹1-4846 ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, აწ გარდაცვლილი ა. ა-ძის სამკვიდრო ქონების სამ მემკვიდრეზე გაყოფა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსხურში, ქ.ქუთაისში, ... გამზ. ¹56/27-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა მონაცემებში ცვლილების შეტანა მოითხოვა.

მოპასუხე ი. ა-ძემ სასარჩელო მოთხოვნა სცნო.

მოპასუხე მ. ა-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ნაზიბროლა ალფაიძემ უარი განაცხადეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. ა-ძის სარჩელს მ. ა-ძისა და ი. ა-ძის მიმართ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ძემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ქუთაისში ... გამზ. ¹56/27-ში მდებარე უძრავი ქონება, სამ ოთახიანი ბინა საერთო ფართი – 54,98 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი – 42,38, დამხმარე ფართი – 12,60 კვ.მ. ა. ა-ძის საკუთრებას წარმოადგენდა;

საქმეში არსებული გარდაცვალების ¹14090 მოწმობით დადგენილია, რომ ა. ა-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 14 ივლისს;

ა. ა-ძის სამკვიდრო, ქ.ქუთაისში ... გამზ. ¹56/27-ში მდებარე უძრავი ქონება, სამ ოთახიანი ბინა საერთო ფართი – 54,98 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი – 42,38; დამხმარე ფართი – 12,60 კვ.მ. თანდაბარი ½ წილის უფლებით საკუთრებაში მიიღეს პირველი რიგის მემკვიდრეებმა, შვილებმა: მ. და ი. ა-ძეებმა, რაზედაც 2007 წლის 01 მაისს ნოტარიალურად გაცემული იქნა დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.

2007 წლის 12 ივნისს, ნოტარიუს დ.ხ-შვილის მიერ შედგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.ქუთაისში, ... გამზირზე ¹56/27-ში მდებარე უძრავი ქონება, მ. ა-ძემ აჩუქა მ. ა-ძეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსხურის 2007 წლის 06 ნოემბრის ¹22/34—4/42 ცნობით დადგენილია, რომ 2007 წლის 01 მაისის სამკვიდრო მოწმობისა და 2007 წლის 12 ივნისს, ნოტარიუს დ.ხ-შვილის მიერ შედგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ქ.ქუთაისში ... გამზირზე ¹56/27-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია მ. ა-ძისა და ი. ა-ძის საკუთრებად.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფ. შ-ძის, დ. შ-ძისა და ნ. ს-ძის ჩვენებებით დადგენილია, რომ დედის, ა. ა-ძის სიცოცხლეში, მოსარჩელე, დედის სახლში, გასაყიდად აცხობდა ფუნთუშებს, ხოლო შემდეგ დედამისმა გამოუშვა სახლიდან და ნ. ა-ძემ ფუნთუშების ცხობა განაგრძო მეზობლის ავტოფარეხში. დედის გარდაცვალების შემდეგ მ. ა-ძემ ათხოვა ავტოფარეხი, სადაც მან განაგრძო ფუნთუშების ცხობა და ცხობის დროს დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა ნ. ა-ძე.

პალატის განმარტებით, მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სადავო გახადეს ნ. ა-ძის მიერ, ა. ა-ძის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაეუფლა დედის ქონებას, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ. ა-ძეს ა. ა-ძის სამკვიდრო არ მიუღია.

პალატის განმარტებით, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მცხოვრები ძმის, მ. ა-ძის მოვლისა და მზრუნველობის მიზნით ხშირად მიდიოდა სადავო საცხოვრებელ სახლში, სადაც დედის გარდაცვალებამდე მიტანილი ჰქონდა პირადი ნივთები, პალატამ არ მიიჩნია სამკვიდროს დაუფლებად.

პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა განმარტებებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა. ა-ძის გარდაცვალების დროისათვის, ქ.ქუთაისში, ... გამზირზე ¹56/27-ში მდებარე ავტოფარეხი მის საკუთრებაში რეგისტრირებული არ ყოფილა და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 2007 წლის 17 ივლისს კრების გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით გადაეცა მ. ა-ძეს.

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებითა და მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი, 2007 წლის 22 ივნისის ¹12-1603990, 2007 წლის 17 სექტემბრის ¹12-179524, ¹12-111982, ¹12-53868 ელექტროენერგიის გადახდის ქვითრების საფუძველზე პალატამ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ ქ. ქუთაისში, ... გამზირზე ¹56/27-ში მდებარე ავტოფარეხს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ნ. ა-ძე იყენებდა 2007 წლის ივნისიდან. შესაბამისად გაზიარებული არ იქნა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ავტოფარეხს უწყვეტად ფლობდა დედის გარდაცვალებამდე პერიოდიდან, 2007 წლამდე და რომ აღნიშნული წარმოადგენდა ა. ა-ძის სამკვიდროს, რომლის ფაქტობრივი დაუფლებით მთლიანი სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. და ი. ა-ძეები, როგორც ა. ა-ძის პირველი რიგის მემკვიდრეები წარმოადგენენ თანასწორი წილის უფლების მქონე მემკვიდრეებს, რომელთაგან თითოეულს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ ქ.ქუთაისში, ... გამზირზე ¹56/27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½ ნაწილი. ამ გარემოების გათვალისწინებით, ნოტარიუსის დ.ხ-შვილის მიერ, 2007 წლის 1 მაისს შედგენილი რ¹2-94 სამკვიდრო მოწმობა კანონშესაბამისი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

პალატის განმარტებით, ვინაიდან მ. ა-ძე წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... გამზირზე ¹56/27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½ ნაწილის მესაკუთრეს, მის მიერ საკუთრების განკარგვა ნამდვილი იყო და არ არსებობდა 2007 წლის 12 ივნისს, ნოტარიუს დ.ხ-შვილის მიერ დამოწმებული რ¹1-4846 ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-ძემ.

კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორად აღიქვა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები, აგრეთვე არასწორად გაიგო იმ კანონების აზრი და შინაარსი, რაზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

კასატორის განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დედის გარდაცვალებამდე მისი აწ გარდაცვლილი ძმა – მ. ა-ძე თავისი ოჯახით ცხოვრობდა სიდედრის ოჯახში, გამომდინარე იქიდან, რომ დედაშვილური ურთიერთობები დაძაბული იყო და მხოლოდ დედის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა იგი ძირეულ ოჯახში. კასატორის თქმით, ამას ადასტურებს არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ ისიც, რომ მხოლოდ 2006 წლის 17 მაისს აიღო მისმა ძმამ ახალი პირადობის მოწმობა მისამართით: ქ. ქუთაისი, ი. ... გამზირი ¹56/27, რამეთუ დედის სიცოცხლეში საბინაო წიგნის ან დედის წერილობითი თანხმობის მიღება პირადობის მოწმობის ასაღებად მათ შორის არსებული დამოკიდებულების გამო გამორიცხული იყო.

კასატორის განმარტებით, მისი და – ი. ა-ძე თავისი ოჯახით დღემდე ცხოვრობს სოფელ გეგუთში, თუმცა რეგისტრირებულია ძველ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... გამზირი ¹56/27-ში, თუმცა მის მიერ მიცემული ჩვენების ირგვლივ კასატორის განმარტებით, არცერთმა ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობისა და განკარგვის თაობაზე. მეზობელთა ჩვენებები კი ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზეა აგებული და კასატორის აზრით არც კია გასათვალისწინებელი, ვინაიდან მათი ხელმოწერებით დადასტურებულ განცხადებაში მითითებულია, რომ დედამისს მხოლოდ ორი შვილი – მ. და ირინე ჰყავდა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ 2007 წლის მაისი - სექტემბრის თვეებში ელექტროენერგიაზე გადახდილი თანხა არაფერზე მეტყველებს და ეს თურმე იმ დახარჯული ელექტროენერგიის თანხაა, რომელსაც იგი ფუნთუშების ცხობისათვის იყენებდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა არცერთმა მემკვიდრემ არ დაიცვა. ამდენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლიდან გამომდინარე, ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნას სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. კასატორის განმარტებით, მის მიერ ასეთი თანხმობა ბუნებაში არ არსებობს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპესაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. ა-ძე არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმეებმა მისცეს განსხვავებული ინფორმაცია. სასამართლომ კი გაიზიარა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ ზემოთ მითითებულ გარემოებას, ხოლო მიზეზები, თუ რატომ უარყო სასამართლომ სხვა მოწმეთა ჩვენებები, გადაწყვეტილებაში ასახული არ არის. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, რომლის თანახმადაც, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხეთაგან ერთ-ერთი ცნობს სარჩელს. აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ამ მოპასუხის ნაწილში მაინც. სასამართლომ ეს ფაქტი ყურადღების მიღმა დატოვა, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს ი. ა-ძის ახსნა-განმარტება არ მოუსმენია. მხარის ახსნა-განმარტება წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, თუნდაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლშიMმითითებული დებულების თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასმართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას. ი. ა-ძემ სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა მისი დის მიერ სამკვდროს დაუფლების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს მისი ახსნა-განმარტება სრულად და ყოველმხრივად არ განუხილავს. ახსნა-განმარტებაში მითითებული ასეთი გარემოებათა აღიარებით კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ უარყო სასამართლომ მხარის ასეთი ახსნა-განმარტება.

პალატა მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასრულადაა დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს დაეუფლა თუ არა ნ. ა-ძე სამკვიდრო ქონებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასჩივრდება