№508აგ-15 16 მარტი, 2016 წელი
დ-ა გ, 508აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის განაჩენით გ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარი, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახით დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მას მიესაჯა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 7000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. დ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაეკისრა ჯარიმა - 7000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან.
3. მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
4. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. დ-ს ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ დამატებით სასჯელზე _ ჯარიმა 4000 ლარზე.
5. გ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახით დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მას მიესაჯა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. დ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან.
7. მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ გ. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, გ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და აღნიშნული სასჯელის მეოთხედი – 2 წელი გამოაკლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ამ ნაწილში მოსახდელად დარჩენილ 4 წელს და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამ სასჯელის ერთი მეოთხედი – 1 წელი, 7 თვე და 15 დღე გამოაკლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დამატებულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, ანუ წინა განაჩენიდან დაემატა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. დ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 13 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, შემცირებულ სასჯელს - 7 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან - 1 წლით, 3 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. დ-ს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
13. მსჯავრდებულმა გ. დ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, მისი ქმედების გადაკვალიფიცირება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლზე და სასჯელის შემსუბუქება.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრისა და 2013 წლის 21 ივნისის განაჩენებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
15. გ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ” ქვეპუნქტებით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად დარჩენილ სასჯელს - 7 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 9 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან - 1 წლით, 3 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრისა და 2013 წლის 21 ივნისის განაჩენები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გ. დ-ს დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი