¹ას-218-544-09 4 მაისი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ მ. კ-შვილი (წარმომადგენელი ტ. ა-ავა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. ჩ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკასაციო საჩივრის დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 7 თებერვალს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. ჩ-შვილმა მოპასუხე მ. კ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის გადაცემული ბინის ნასყიდობის თანხის _ 2000 აშშ დოლარის დაკისრება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ზ. ჩ-შვილმა 2001 წლის ივლისში მ. კ-შვილს გადასცა 2000 აშშ დოლარი. მოპასუხისათვის მითითებული თანხის გადაცემა განპირობებული იყო იმით, რომ თანხის საფასურად მოსარჩელე შეიძენდა ლანჩხუთში, ... ქ. ¹116-ში მდებარე ¹1 ბინას, რომელიც მ. კ-შვილის საკუთრებაში ირიცხებოდა. გარდა ამისა, ზ. ჩ-შვილმა ბინის ნასყიდობასთან დაკავშირებით გაიღო სხვა დამატებითი ხარჯები. მიუხედავად ამისა, მ. კ-შვილი ამ დრომდე უარს აცხადებდა სადავო ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემაზე, გადახდილ თანხასთან დაკავშირებით კი მიუთითებდა, რომ ზ. ჩ-შვილს ამ თანხას 2006 წლის იანვარში დაუბრუნებდა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მ. კ-შვილის 2004 წლის 10 ნოემბრის ხელწერილი ადასტურებდა, რომელიც სასარჩელო განცხადებას თან ერთვოდა.
მოსარჩელე მ. კ-შვილის მიერ მისთვის შეთავაზებულ პირობას, რომ მოპასუხე გადახდილ თანხას 2006 წლის იანვარში დააბრუნებდა, მიუღებლად მიიჩნევდა, რამდენადაც დროის დასახელებულ მონაკვეთამდე მას თანხა სხვა ბინის შესაძენად ესაჭიროებოდა (ტომი I, ს.ფ. 1).
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. კ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: მ. კ-შვილის 2004 წლის 10 ნოემბრის ხელწერილი, რომლის თანახმად, მ. კ-შვილს ვალის სახით ზ. ჩ-შვილის მიმართ მართებდა 2000 აშშ დოლარი, რომელსაც 2006 წლის იანვარში დაუბრუნებდა; მოპასუხის შვილის _ შ. ჩ-ძის ხელწერილი, რომლის მიხედვით, იგი ესწრებოდა 2001 წლის ივლისის თვეში ზ. ჩ-შვილის მიერ დედამისის _ მ. კ-შვილისათვის 2000 აშშ დოლარის გადაცემას. აქვე, სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ შ. ჩ-ძეს მითითებულ ხელწერილთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია.
სასამართლოს მოსაზრებით, თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას ასევე ასაბუთებდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის სხდომაზე, რა დროსაც განიხილებოდა იმავე მხარეებს შორის ბინიდან გამოსახლების შესახებ ზ. ჩ-შვილის სარჩელით აღძრული სამოქალაქო დავა, შ. ჩ-ძის აღიარება. სასამართლოს დასახელებულ სხდომაზე შ. ჩ-ძე ადასტურებდა, რომ 2000 აშშ დოლარი დედამისს ზ. ჩ-შვილისაგან მიღებული ჰქონდა. განსახილველ საქმეზე აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინება სასამართლომ დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით, რომლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც ემყარება მათი მოთხოვნა თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთს განეკუთვნება ფაქტები რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ზემომითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარების ხელწერილის სადავოდ მიჩნევა შეაფასა, როგორც საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა და მიიჩნია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 46-47).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 50-54).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა მ. კ-შვილის გამოჯანმრთელებამდე (ტომი I, ს.ფ. 120-121).
სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეჩერების შემდგომ მ. კ-შვილს 05.03.07წ., 21.05.07წ., 11.07.07წ. და 03.12.07წ. წერილებით ეთხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა იმჟამინდელი მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობები (ტომი II, ს.ფ. 4,10,11,16). დროის დასახელებულ პერიოდში აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ. კ-შვილისათვის ხანგრძლივი მკურნალობისა და წოლითი რეჟიმის საჭიროებაზე მიუთითებდნენ (ტომი II, ს.ფ. 13,19).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება (ტომი II, ს.ფ. 21-22).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა სადავო ხელწერილზე მ. კ-შვილის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად იშუამდგომლა გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება (ტომი II, ს.ფ. 35-37).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით განსახილველ საქმეზე დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზა, რომლის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა მ. კ-შვილს; ამავე განჩინებით ექსპერტიზის ჩატარების დასრულებამდე საქმის წარმოება შეჩერდა (ტომი II, ს.ფ. 41-44).
2008 წლის 24 ნოემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოცემული საქმე სააპელაციო სასამართლოს დასკვნის გარეშე დაუბრუნდა იმ მიზეზით, რომ მხარემ ექსპერტიზის ხარჯები არ გადაიხადა (ტომი II, ს.ფ. 51,53).
სააპელაციო სასამართლოს 26.11.08წ. მიმართვით მ. კ-შვილს განემარტა, რომ ექსპერტიზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ესპერტიზა არ ჩატარდებოდა, მტკიცების ტვირთი დაეკისრებოდა იმ მხარეს, რომელმაც ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას და გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია დადასტურებულად ჩაითვლებოდა (ტომი II, ს.ფ. 60,61).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე წარმოება განახლდა და დადგინდა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის დრო (ტომი II, ს.ფ. 54-55).
2008 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის დროის თაობაზე აპელანტი ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მ. კ-შვილსა და მის წარმომადგენელ ტ. ა-ავას სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყებები ჩაჰბარდათ 2008 წლის 30 ნოემბერს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ სს «მიხეილ ჩაჩავას სახელობის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის» ექიმის 2008 წლის 8 დეკემბრის ცნობით ირკვეოდა, რომ მ. კ-შვილი 2008 წლის 8 დეკემბრისათვის იმყოფებოდა მწოლიარე მდგომარეობაში, დიაგნოზით: იშემიური ინსულტი, მარჯვენამხრივი ჰემოპარეზი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტსა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ითვლება მხარის ავადმყოფობა, რაც დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა ასახავდა მ. კ-შვილის მდგომარეობას 2008 წლის 8 დეკემბრისათვის და არა 12 დეკემბრის მდგომარეობით, ამასთან მას ხელს არ აწერდა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი არ მიიჩნია შუამდგომლობის დამასაბუთებელ მტკიცებულებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-შვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ აპელანტის წარმომადგენელი ტ. ა-ავა მოკლებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობას, რადგან იმავე რიცხვში თბილისის საქალაქო სასამართლოში ახორციელებდა მ. ზ-შვილის წარმომადგენლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ტ. ა-ავას განსახილველ საქმეზე სასამართლო უწყება ჩაჰბარდა 2008 წლის 30 ნოემბერს, ხოლო მას მ. ზ-შვილის წარმომადგენლობა გაფორმებული ჰქონდა 2008 წლის 3 დეკემბერს, ანუ სააპელაციო სასამართლოს უწყების ჩაბარების შემდგომ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუ არ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 78-83).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მ. კ-შვილმა (წარმომადგენელი ტ. ა-ავა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.
საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე მ. კ-შვილის გამოუცხადებლობის საპატიობას ადასტურებდა 2008 წლის 8 დეკემბრის ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალები. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა დამატებით წარადგინა 2008 წლის 24 დეკემბრის ¹993 ცნობა, რომელსაც ხელს აწერდა სს «მ. ჩ. ს. ლ. ს. ცენტრის» დირექტორი.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რამდენადაც მ. ზ-შვილის წარმომადგენლობას მის სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით იგი ახორციელებდა 2006 წლიდან, რასაც ადასტურებდა 2006 წლის 10 მარტის რწმუნებულება. რაც შეეხებოდა 2008 წლის 3 დეკემბრის რწმუნებულებას, აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ ძველი რწმუნებულების განახლებულ ვარიანტს გაზრდილი უფლებამოსილებით.
ამდენად, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე როგორც მხარის, ისე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო იყო, რაც სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებდა (ტომი II, ს.ფ. 90-91).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. კ-შვილის (წარმომადგენელი ტ. ა-ავა) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის დროის თაობაზე აპელანტი ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მ. კ-შვილსა და მის წარმომადგენელ ტ. ა-ავას სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყებები ჩაჰბარდათ 2008 წლის 30 ნოემბერს.
ს.ფ. 73-ე არსებული უწყებიდან ირკვეოდა, რომ ტ. ა-ავას მარწმუნებულ მ. ზ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2008 წლის 14 ნოემბერს გაუგზავნა სასამართლო უწყება, რომლითაც 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომის თაობაზე აუწყა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელი გონივრული ვადით (დაახლოებით 2 კვირით ადრე) იყო გაფრთხილებული როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჩივარზე თანდართული მინდობილობა, რომელიც ტ. ა-ავას და მ. ზ-შვილს შორის წარმომადგენლობის გაფორმების დროდ 2006 წელზე მიუთითებდა, საქმის არსს ვერ შეცვლიდა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე წარმომადგენელ ტ. ა-ავასათვის უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმომადგენელ ტ. ა-ავასათვის ასევე ცნობილი იყო მისი მარწმუნებლის მ. კ-შვილის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე, ანუ იმის შესახებ, რომ მხარე თავად ვერ შეძლებდა პროცესში მონაწილეობას და რომ მისი უფლებების დაცვა სასამართლოში სწორედ წარმომადგენელს უნდა განეხორციელებინა. იმის მიუხედავად, რომ როგორც მხარეს, ისე წარმომადგენელს გააჩნდათ საკმარისი დრო _ დაახლოებით ორი კვირა, მათ აღნიშნულის მოწესრიგება და პროცესში მონაწილე უფლებამოსილი პირის წარმოდგენა (თავად ტ. ა-ავას ან სხვა პირის სახით) არ უცდიათ.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმის შესახებ, რომ აპელანტის მიზანს პროცესის გაჭიანურება წარმოადგენდა. აღნიშნული მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად მ. კ-შვილმა სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯები არ გადაიხადა, რის გამოც საქმე სასამართლოში დასკვნის გარეშე დაბრუნდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 103-108).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა (წარმომადგენელი ტ. ა-ავა), რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომამდე სასამართლო ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ მ. კ-შვილი სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდა. საქმის განხილვაში მონაწილეობას ასევე ვერ მიიღებდა აპელანტის წარმომადგენელი, რადგან იმავე დღეს იგი სხვა სამოქალაქო საქმეზე მ. ზ-შვილის ინტერესებს იცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს არაობიექტურობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა მისი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომ აღნიშნული საჩივრის განხილვის დროის შესახებ შეტყობინება არ ჩაჰბარებია. ზ. ჩ-შვილი კი, რომელიც თავის უფლებებს წარმომადგენლის გარეშე იცავდა, ვერც 2008 წლის 12 დეკემბერს იშუამდგომლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და შემდგომში ვერც დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ვერ მოითხოვდა, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ამგვარ უფლებამოსილებებში ვერ ერკვეოდა (ტომი II, ს.ფ. 116-124).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
საქმეზე დასტურდება, რომ 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო სს «მ. ჩ. ს. ლ. ს. ცენტრის» 2008 წლის 8 დეკემბრის ¹896 ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. კ-შვილი წარმოადგენს მძიმე ავადმყოფს და იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში, დიაგნოზით იშემიური ინსულტი, მარჯვენამხრივი ჰემოპარეზი (ტომი II, ს.ფ. 69). მანამდე საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო ცნობები მ. კ-შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 13, 19, ტომი I, ს.ფ. 119). გარდა ამისა, საჩივრის ავტორის მიერ საქმეზე წარდგენილია 24.12.2008წ. ¹993 ცნობაც მ. კ-შვილის ავადმყოფობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია სწორედ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, კერძოდ, სს «მ. ჩ. ს. ს. ცენტრის» დირექტორის მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 8 ნოემბერს მ. კ-შვილის დაავადებამ განიცადა პროგრესირება, რის გამოც ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე და ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა (ტომი II, ს.ფ. 92).
ის გარემოება, რომ მ. კ-შვილის ავადმყოფობის შესახებ თავდაპირველად წარდგენილი ცნობა გაცემულია 2008 წლის 8 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წლის 12 დეკემბერს, არ ასაბუთებს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის არასაპატიობას. ავადმყოფობის ცნობა საკმარის საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ აღნიშნული ავადმყოფობიდან ოთხი დღის შემდგომ, ალბათობის მაღალი ხარისხით, მ. კ-შვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 12 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
ზემომითითებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-შვილთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას ადგილი ჰქონდა.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვითარება სახეზეა მ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ა-ავასთან მიმართებითაც. საქმეზე დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო წარმომადგენელ ტ. ა-ავას შუამდგომლობა. იგი მიუთითებდა, რომ 2008 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დანიშნულ სხდომაზე ახორციელებდა მ. ზ-შვილის წარმომადგენლობას. შუამდგომლობას თან ერთვოდა ტ. ა-ავას სახელზე 2008 წლის 3 დეკემბერს გაცემული რწმუნებულება და მ. ზ-შვილისათვის 2008 წლის 14 ნოემბერს გაგზავნილი სასამართლო უწყება. რამდენადაც 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომის შესახებ სასამართლო უწყება ტ. ა-ავას 2008 წლის 30 ნოემბერს ჩაჰბარდა (ტომი II, ს.ფ. 65), ხოლო მ. ზ-შვილთან გაფორმებული რწმუნებულება მისი შედგენის დროდ უწყების ჩაბარების შემდგომ რიცხვზე _ 2008 წლის 3 დეკემბერზე მიუთითებდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. ა-ავასთან მიმართებით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა გამოირიცხებოდა (ტომი II, ს.ფ. 71-72). მოგვიანებით, საჩივრის ავტორის (ტ. ა-ავა) მიერ წარდგენილმა მეორე რწმუნებულებამ, რომელიც მ. ზ-შვილთან გაფორმებული იყო ჯერ კიდევ 2006 წელს, მოსაზრება უწყების ჩაბარების შემდგომ რწმუნებულების გაფორმების თაობაზე, თავისთავად გააქარწყლა. ამასთან, ტ. ა-ავას მიერ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის სხდომის შეტყობის თარიღისა (2008 წლის 30 ნოემბერი) და მისი მარწმუნებელ მ. ზ-შვილისათვის სასამართლო უწყების გაგზავნის დროის (2008 წლის 14 ნოემბერი) გათვალისწინებით, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ტ. ა-ავამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე უფრო ადრე იცოდა, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას წარმომადგენელ ტ. ა-ავას გამოუცხადებლობის არასაპატიობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ისევე როგორც 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა გაუქმდეს ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება, 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.