ას-218-552-07 20 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – საკუთრების სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ლ-მ 2005 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლება, ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-2 შესახვევი, ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; თ. ბ-ს აეკრძალა სარგებლობა და იგი გამოსახლებულ იქნა მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად ნ. ლ-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილიდან მდებარე ქ. ქუთაისი ... ქუჩის მე-2 შეახვევი ¹ 16 ში
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აპელანტი თ. ბ-ს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც ნ. ლ-ს წარმომადგენლის, ნ. ა-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. ბ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო საამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით თ. ბ-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და ბაჟის სახით ამ თანხის 5%- ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით კასატორ თ. ბ-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა თ. ბ-ს, რაც 2007 წლის 30 მაისს პირადად ჩაბარდა მას (ს.ფ. 116).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 6 ივნისის ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან თ. ბ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.