Facebook Twitter

¹ას-219-545-09 12 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. და ვ. ა-ძეები (მოპასუხეები)

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ა-ძემ, მოპასუხეების - თ. ა-ძისა და ვ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მამის დანაშთი უძრავი ქონებიდან 1\4 წილის მიკუთვნება.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა - ვ. ა-ძე გარდაიცვალა 1967 წლის 19 აპრილს. მამის სამკვიდროს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქ.¹6-ში მდებარე უძრავი ქონება სასარგებლო ფართით 225,88 კვ.მ. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე: მ. ა-ძე, მოსარჩელე გ. ა-ძე, ს. ა-ძე, ვ. და თ. ა-ძეები. მ. ა-ძე გარდაიცვალა 2002 წელს ისე, რომ მეუღლის - ვ. ა-ძის სამკვიდრო ქონება არ მიუღია, მის საკუთრებაში არ აღრიცხულა სამკვიდრო ქონება. ვ. ა-ძის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სახლში ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მისი უმცროსი ძმები, მოსარჩელემ აღნიშნულ სახლს მიაშენა და გააფართოვა. მოსარჩელის განმარტებით, იგი თავის ძმებთან - მოპასუხეებთან ერთად ცხოვრობდა მამის საცხოვრებელ სახლში მამის გარდაცვალებიდან 10 წლის მანძილზე, ხოლო შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად ქ.ბათუმში, ... ქ.¹15-ში. მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მამის დანაშთი უძრავი ქონებიდან 1\4-ის მიკუთვნება.

მოპასუხეებმა ვ. და თ. ა-ძეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოპასუხეთა განმარტებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ, თითქოს მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდეგ 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა სადავო სახლში, არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. ა-ძე მამკვიდრებლის სიცოცხლეში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისამართზე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ კი ერთი დღეც არ უცხოვრია სადავო ბინაში. ამდენად, მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და თ. ა-ძეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. და თ. ა-ძეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ა-ძეს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ¼1/4 წილი, კერძოდ, 56,47 კვ.მ 225,88 კვ.მ ფართიდან და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მამკვიდრებელ ვ. ა-ძის ქ.ბათუმში, ... ქ.¹15-ში მდებარე სამკვიდროდან, კერძოდ, 58,85 კვ. მ გ. ა-ძეს მიეკუთვნა საკუთრების უფლებით 1/4¼ ნაწილი ანუ 14,7 კვ.მ.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო გ. ა-ძის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არასწორად განისაზღვრა სამკვიდრო მასის ოდენობა, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდრო მასად უნდა ჩაითვალოს 58,85 კვ.მ, რამდენიც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ტექ-ბიუროშია აღრიცხული.

პალატის მოსაზრებით, სამკვიდრო მასის ოდენობის განსაზღვრისათვის ვითარებას ვერ ცვლის ის გარემოება, რომ 2008 წლისათვის ვ. ა-ძის სახელზე 225,88 კვ. მ სასარგებლო ფართი ირიცხება.

პალატამ მიუთითა, რომ, საჯარო რეესტრის 2008 წლის მონაცემთა თანახმად, გარდაცვლილ ვ. ა-ძის სახელზე 225,88 კვ.მ - აღრიცხული, სამკვიდრო მასად უნდა ჩაითვალოს 58,85 კვ.მ ანუ ის ფართი, რომლის თაობაზე მონაცემსაც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ტექბიურო იძლევა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ა-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შეუმცირდა საკუთრების უფლება სამკვიდრო მასის 225,88 კვ. მ ფართიდან 1/4¼ წილი და ნაცვლად 56,47 კვ. მ ფართისა მიაკუთვნა სამკვიდრო მასიდან მხოლოდ 14,7 კვ. მ.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის ცნობა, რომლითაც დადგინდა ის გარემოება, რომ მამკვიდრებელ ვ. ა-ძეს საკუთრებაში გააჩნდა ქ.ბათუმში, ... ქ.¹15-ში მდებარე ბინის 225,88 კვ.მ სასარგებლო ფართი, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა საკუთრების უფლების ცნობა აღნიშნული საცხოვრებელი ფართის 1/4¼ ნაწილზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ სახლზე მიშენებულია მოპასუხეების მიერ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადასტურებულია სამკვიდრო მასის მამის - ვ. ა-ძის სიცოცხლეში გაზრდის ფაქტი.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა სამკვიდრო მასიდან წილი განსაზღვრული, კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 1967 წლის მონაცემებით ქ.ბათუმში, ... ქ.¹15-ში მდებარე ვ. ა-ძის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი შედგენს 342 კვ.მ-ს, ხოლო შენობის საერთო სასარგებლო ფართია 58,85 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი 36.10 კვ.მ-ია. თუკი მემკვიდრეებს შორის ერთი მეოთხედი წილი უნდა განსაზღვრულიყო სწორედ აღნიშნული სამკვიდრო მასიდან, რაც მამკვიდრებელს სიკვდილის დროს გააჩნდა, მაშინ უნდა განსაზღვრულიყო 342 კვ. მ მიწის ნაკვეთიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო გ. ა-ძის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არასწორად განისაზღვრა სამკვიდრო მასის ოდენობა, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდრო მასად უნდა ჩაითვალოს 58,85 კვ.მ, რამდენიც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ტექ-ბიუროშია აღრიცხული.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამკვიდრო მასის ოდენობის განსაზღვრისათვის ვითარებას ვერ ცვლის ის გარემოება, რომ 2008 წლისათვის ვ. ა-ძის სახელზე 225,88 კვ. მ სასარგებლო ფართი ირიცხება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, საჯარო რეესტრის 2008 წლის მონაცემთა თანახმად, გარდაცვლილ ვ. ა-ძის სახელზე 225,88 კვ.მ ფართია აღრიცხული, სამკვიდრო მასად უნდა ჩაითვალოს 58,85 კვ.მ ოდენობა ფართისა ანუ ის ოდენობა, რომლის თაობაზე მონაცემსაც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ტექბიურო იძლევა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად (ფართის ოდენობის ნაწილში) ვერ გამოდგება ვერც თავად მოსარჩელის და ვერც მოწმეთა განმარტებები იმის შესახებ, რომ ამ 58,85 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ვ. ა-ძის სიცოცხლეში მიაშენეს. ამ ნაწილში მითითებული მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდა ტექაღრიცხვის ბიუროს მონაცემები, რომლის თანახმად მამკვიდრებლის სახელზე მისი გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა 58,85 კვ.მ ბინა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ტექბიოროში მხოლოდ 58,85 კვ.მ ბინის რეგისტრაციის ფაქტი არ შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ დანარჩენი სადავო ფართი არ შედიოდა სამკვიდრო მასაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ, 2008 წლის 27 მარტის მდგომარეობით გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ორსართულიანი სახლი საერთო ფართით _ 225,88 კვ.მ, ირიცხებოდა აწ. გარდაცვლილ ვ. ა-ძის სახელზე. ივარაუდება, რომ ფართი, რომელიც დარეგისტრირდა აწ გარდაცვლილ ვ. ა-ძის სახელზე, ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს და ამის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი სწორია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი). ამ გარემოების საწინააღმდეგო დადასტურების მტკიცების ტვირთი აკისრიათ მოპასუხეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

განსახილველი ნორმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სადავო ფართი მიმატებული იყო მამკვიდრებლის მიერ, მაგრამ ვერ აღირიცხა იმ დროს ტექბიუროში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქონება წარმოადგენს აწ გარდაცვლილის სამკვიდრო აქტივს.

Aამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით, უნდა დაადგინოს მამკვიდრებლის აქტივი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.