¹ ას-219-553-07 11 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. პ-ეE(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. პ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. პ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ის მიმართ და მოითხოვა მიწით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მეუღლის დაღუპვის შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედისეულ სახლში, სადაც იგი ავადმყოფ დედას უვლიდა. იგი არ ამოწერილა მამისეული კომლიდან და დედის - ე. პ-ის კომლის წევრად ირიცხება. ამჟამად იგი ცხოვრობს დედისეულ სახლში და 0,45 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მისი ძმა, გ. პ-ე, რომელიც გადავიდა სხვა სოფელში საცხოვრებლად, ედავება მიწის ნაკვეთს, რომელიც მისი საკუთრებაა. მისმა ძმამ გაყიდა სახლი და თვითონ და თავისი შვილი დარჩნენ უსახლკაროდ. მან საკუთარი სახსრებითა და მეზობლების დახმარებით ააშენა ფიცრული სახლი, თუმცა ამით განაწყენებულმა მისმა ძმამ, წაართვა მიწის ნაკვეთი.
ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. პ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის – მ. ხ-ის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. პ-ს აეკრძალა მ. პ-ის საკარმიდამო ნაკვეთის ხელყოფა და მ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. პ-მ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 21 ნოემბერს იმყოფებოდა ავად, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
გ. პ-ის საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა საჩივრის განხილვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. პ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. პ-მ. მან მიუთითა, რომ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, კერძოდ, იგი 2006 წლის 21 ნოემბერს შპს „ .. ..“ მკურნალობდა დიაგნოზით - პირველილ ხარისხის მწვავე ვირუსული ინფექცია, მე-2 ხარისხის ჰიპერტონული დაავადება და გულის უკმარისობა. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა და არასწორად დატოვა უცვლელად დაუსწრებლი გადაწყვეტილება. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრისა და 2007 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი მ. პ-ე და მისი წარმომადგენელი მ. ხ-ე. არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე გ. პ-ე, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სასამართლოს სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ (ს.ფ. 84).
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის დღეს, 2006 წლის 21 ნოემბერს, იგი ავად იყო, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. აღნიშნულის დასადატურბლად გ. პ-მ წარმოადგინა შპს „ .. ..“ მიერ 2006 წლის 21 ნოემბერს გაცემული ცნობა ¹2063. აღნიშნული ცნობიდან ირკვევა, რომ გ. პ-ს 2006 წლის 21 ნოემბერს შპს „ .. ..“ დაუსვეს დიაგნოზი მწვავე ვირუსული ინფექცია, მე-2 ხარისხის ჰიპერტონული დაავადება და პირველი ხარისხის გულის უკმარისობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. პ-ის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე უნდა ჩაითვალოს არასაპატიოდ, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, მასში არ არის მითითებული, რომ მხარისათვის, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოცხადება შეუძლებელი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გ. პ-ის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მართებულად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. პ-ე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.