¹ას-220-554-07 30 აპრილი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 თებერვალს ნ. პ-მ, ლ. ჯ-მა და მ. დ-მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ იძულებითი განაცდურისა და ხარჯების ანაზღაურების შესახებ, შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა განმარტებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი 2002 წლის 2 ოქტომბერს განხორციელებული ნარკოლოგიური ლაბორატორიის ლიკვიდაცია. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე და ითვლებიან შპს “ .. ..” თანამშრომლებად, თუმცა, მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია არ ამუშავებულა, რის გამოც 2004 წლიდან ხელფასი არ მიუღიათ.
მოპასუხე შპს “ .. ..” სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. პ-ს, ლ. ჯ-ისა და მ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-ს, ლ. ჯ-ისა და მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება იძულებითი მოცდენისათვის ანაზღაურების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. პ-ს, ლ. ჯ-სა და მ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ .. ..” დაეკისრა 2004 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის 30 ნოემბრამდე იძულებითი მოცდენისათვის ანაზღაურება, კერძოდ ნ. პ-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად ექიმი-ლაბორანტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მ. დ-ისა და ლ. ჯ-ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, თვითოეულისათვის შპს “ .. ..” ფერშალი-ლაბორანტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აპელანტებს, ნ. პ-ს, მ. დ-სა და ლ. ჯ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ბაჟის გადახდა 336 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ აპელანტები შპს “ .. ..” თანამშრომლები არიან, რომლებიც სამუშაოს ვერ ასრულებენ და შრომის ანაზღაურებას ვერ იღებენ იმის გამო, რომ შპს “ .. ..” ლაბორატორია არ ფუნქციონირებს, რადგანაც საწარმომ ვერ მოახერხა ლაბორატორიის მუშაობისათვის საჭირო ლიცენზიის მოპოვება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს “ .. ..” იძულებითი მოცდენა არა აპელანტთა, არამედ საწარმოს ბრალითაა გამოწვეული. ამასთან, რადგანაც აპელანტები დასაქმებულები არიან შპს “ .. ..” და მათთან შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა, საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ისინი სამუშაოთი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.