ას-221-547-09 6 ივლისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. ლ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. პ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. პ-ის მიმართ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ 7000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წელს ნ. პ-მა ადვოკატ ვ. ლ-ას სთხოვა, დახმარებოდა საცხოვრებელი ბინის მიღებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში. 2002 წლის 24 მაისის მინდობილობით ვ. ლ-ას ნ. პ-ის სახელით მიენიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რა დროსაც მოსარჩელე თავის მოვალეობას ასრულებდა პირნათლად და საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ქ. ბათუმის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის სანაცვლო კომპენსაციის, 33 380 ლარის ანაზღაურება. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ვ. ლ-ა განაგრძობდა თავისი მოვალეობის შესრულებას, რაც გამოიხატებოდა საკომპენსაციო თანხის მისაღებად წარმოებულ მოქმედებებში. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, ქ. ბათუმის მერიის მიერ მისთვის გადასახდელი კომპენსაციიდან ვ. ლ-თვის დაეთმო 7 000 აშშ დოლარი, თუმცა ნ. პ-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მოსარჩელისათვის თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამასთან, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის საფუძვლის შეცვლის თაობაზე და მოითხოვა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის შედეგად ნ. პ-ის მიერ მიღებული საკომპენსაციო თანხის _ 33380 ლარის 4%-ის დაკისრება. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელის საფუძვლის შეცვლას, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ვ. ლ-ა საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოპასუხე ნ. პ-ს საცხოვრებელი ბინის მიღებასთან დაკავშირებულ დავაში, რის საფუძველზეც მხარეებმა სანოტარო წესით გააფორმეს წარმომადგენლობა. ამავდროულად, მხარეთა შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. პ-ი უთმობდა ვ. ლ-ას მოვალისაგან ვალდებულების შესრულების სახით 7000 აშშ დოლარს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად. ვ. ლ-ას თავდაპირველი მოთხოვნის საფუძველად მიეთითა რა დათმობის ხელშეკრულება, პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვ. ლ-ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული დათმობის ხელშეკრულება ბათილ გარიგებად იქნა მიჩნეული. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 1353 ლარის მოთხოვნით მან მხოლოდ შეამცირა დავის საგანი და დავის საფუძველი არ შეცვლა, რადგან იურიდიული მომსახურებისათვის 1353 ლარის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ ფაქტობრივად შეცვალა დავის საფუძველი და, დათმობის ხელშეკრულების ნაცვლად, იგი დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ. ლ-ა ნ. პ-ის ინტერესებს იცავდა სასამართლოში მერიის წინააღმდეგ წარმოებულ დავაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას ნიშნავს, რომლებსაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავდაპირელად უთითებდა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა. პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ლ-ა სარჩელის საფუძვლად თავდაპირველად უთითებდა დათმობის ხელშეკრულებაზე და სწორედ ამ კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითხოვდა 7000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, 1353 ლარის მოთხოვნით კი სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა ზოგადად ნ. პ-ის წარმომადგენლად ყოფნის ფაქტს მოპასუხის მონაწილეობით მიმდინარე დავაში, რისთვისაც ვ. ლ-ას უნდა მიკუთვნებოდა ანაზღაურების სახით დავის საგნის 4%.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ლ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, ნ. პ-თვის 1353 ლარისა და კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი. მართალია, 2002 წლის 24 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ იმავე დღეს მოწინააღმდეგე მხარეს კასატორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ გაუუქმებია და რწმუნებულებამ ძალა ვადის, 5 წლის, გასვლის შემდეგ დაკარგა. სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, კერძოდ, სააპელაციო პალატის მიერ განჩინებით ზემოხსენებული ნორმის განმარტება ეწინააღმდეგება მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ. ლ-ა უწევდა საადვოკატო მომსახურებას ნ. პ-ს საცხოვრებელი ბინის მიღებასთან დაკავშირებულ დავაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2002 წლის 24 მაისს ნ. პ-მა ვ. ლ-ას სახელზე გასცა მინდობილობა სასამართლოში წარმომადგენლობის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, მინდობილობა მიწინააღდეგე მხარეს არ გაუუქმებია, რაც ადასტურებს, რომ კასატორი არა მარტო წარმოადგენდა ნ. პ-ს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვა, არამედ, ფაქტობრივად, საადვოკატო მომსახურებას უწევდა მას და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ წარმომადგენლობიდან გამომდინარეობს. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი და 47-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და შედეგად მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს პირველივე სხდომაზე ნ. პ-ის წარმომადგენელმა დ. ხ-ემ განმარტა, რომ ვ. ლ-ამ ნამდვილად გაუწია ნ. პ-ს იურიდიული მომსახურება და დაეხმარა საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიღებაში. სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მხედველობაში არ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი და მის მიერ გაზიარებული გარემოება, რომ კასატორი საადვოკატო მომსახურებას უწევდა ნ. პ-ს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კანონის ეს დანაწესი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს ისეთ გარემოებას, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ ეფუძნება სწორ ფაქტობრივ დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განიმარტა საპროცესო ნორმა, რაც არსებით გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, კერძოდ:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 1353 ლარის მოთხოვნით მან მხოლოდ შეამცირა დავის საგანი და დავის საფუძველი არ შეცვლილა, რადგან იურიდიული მომსახურებისათვის 1353 ლარის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ ფაქტობრივად შეცვალა დავის საფუძველი და, დათმობის ხელშეკრულების ნაცვლად, იგი დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ. ლ-ა ნ. პ-ის ინტერესებს იცავდა სასამართლოში მერიის წინააღმდეგ წარმოებულ დავაში. ამავე განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვ. ლ-ა საადვოკატო მომსახურებას უწევდა ნ. პ-ს საცხოვრებელი ბინის მიღებასთან დაკავშირებულ დავაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განიმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმით სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული დანაწესით გათვალისწინებული გარემოებები და ფაქტები ქმნიან სარჩელის საფუძველს და შეადგენენ მტკიცების საგანს. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, უფლებამოსილია, თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყაროს როგორც ერთ, ისე რამდენიმე იურიდიულ ფაქტს, რაც დამოკიდებულია თვით სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი უნდა დადასტურდეს იურიდიული ფაქტებით, რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა გარკვეულ შედეგებს უკავშირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას ნიშნავს, რომლებსაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავდაპირველად უთითებდა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა. თუმცა ამგვარ მოქმედებას მოსარჩელის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოცემულ შემთხვევაში ვ. ლ-ა სასამართლოში შეტანილი სარჩელით ითხოვდა რა მოპასუხე ნ. პ-თვის თანხის დაკისრებას, თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ კონკრეტულ იურიდიულ ფაქტებზე: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი შეთანხმება მომსახურებაზე; მოსარჩელის წარმომადგენლობის ფაქტი; მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების მოსარჩელე მხარის მიერ შესრულება; მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა; მხარეთა შორის შეთანხმებული მომსახურების ხარჯების მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების სახით გაფორმება.
ამდენად, განსახილველი სასარჩელო განცხადების ფაქტობრივ საფუძვლად მხოლოდ მოთხოვნის დათმობა არ იყო მითითებული და სასამართლო ვალდებულია, სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე მსჯელობისას შეფასება მისცეს ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული დასაბუთების გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.