Facebook Twitter

¹ ას-221-555-07 22 ივნისს, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “თ...ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს...ე” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ს...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “თ...ს” მიმართ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 30 ივნისს მხარეთა შორის 49 წლით დაიდო მოსარჩელის კუთვნილი 124 კვ.მ ძირითადი და 80 კვ.მ დამხმარე ფართის იჯარის ხელშეკრულება. საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 300 ლარით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს პრეტენზია არ ექნებოდა შპს “ს...ს ტერიტორიაზე განთავსებულ სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენებზე და პირველსავე მოთხოვნაზე დროებით შეწყვეტდა ფუნქციონირებას სამუშაოების საბოლოო ჩატარებამდე. აღნიშნულის მიუხედავად, შპს “თ...ი” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, არ იხდის საიჯარო ქირას და უკანონოდ ხელყოფს მოსარჩელის საკუთრებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან სადავო იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ან გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს...სა” და შპს “თ...ს” შორის 2004 წლის 30 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “თ...მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს “ს...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს...სა” და შპს “თ...ს” შორის 2004 წლის 30 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 30 ივნისს მხარეთა შორის 49 წლის ვადით, ყოველი თვის 5 რიცხვში 300 ლარის გადახდის პირობით, დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “თ...ს” იჯარით გადაეცა შპს “ს...ს” კუთვნილი სავაჭრო დახლები და სათავსები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული ხელშეკრულების 4.2 მუხლზე, რომლის მიხედვით სადავო გარიგება საიჯარო ვალდებულებების დარღვევის პირველსავე შემთხვევაში ჩაითვლებოდა ბათილად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 4.2 მუხლში აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა, ფაქტობრივად, ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას, ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა რა სადავო გარიგების ბათილად ცნობა, აღნიშნული გაგებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს “თ...მა” დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, რაც, ამავე კოდექსის 405-ე და ხელშეკრულების 4.2 მუხლების შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული გარიგების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “თ...მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ გაითვალისწინა, რომ შპს “ს...ს” სადავო ხელშეკრულებაზე უარის თქმამდე კასატორი სათანადოდ არ გაუფრთხილებია და ვალდებულების შესრულებისათვის არც დამატებითი ვადა არ მიუცია. პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილი. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით შპს “თ...ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

შპს “ს...მ” წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება და მოითხოვა საკასაციო საჩივარის დაუშვებლად ცნობა. მითითებულ მოსაზრებას დაერთო მასალები 21 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ შპს “თ...ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “თ...ს” საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “თ...ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 540 ლარის 70% _ 378 ლარი. კასატორს ასევე უნდა დაუბრუდეს მის მიერ შეცდომით ზედმეტად გადახდილი 300 ლარი.

რაც შეეხება შპს “ს...ს” მიერ წარმოდგენილ წერილობით მასალებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, შპს “ს...ს” წერილობითი მტკიცებულებები, სულ 21 ფურცელი, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “თ...ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

შპს “თ...ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 678 ლარი.

შპს “ს...ს” დაუბრუნდეს მასალები 21 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.