ას-223-557-07 19 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ხ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ხ-მ 2006 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეზე თანხის დაკისრება.
ნ. ჩ-ის გარდაცვალების გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საქმე რ. ხ-ის სარჩელისა გამო ნ. ჩ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ წარმოებით შეჩერდა მოპასუხის ნ. ჩ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით მოპასუხის ნ. ჩ-ის უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეზე ცნობილი იქნა დ. ჩ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ. ჩ-ს რ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 22 000 (ოცდაორიათასი) აშშ დოლარი და 2005 წლის 30 დეკემბრიდან ყოველთვიურად აღნიშნული თანხის 2,5% ანუ 550 (ხუთას ორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა დავალიანების სრულად დაფარვის დღემდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის დარიცხვის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ხ-ის სარჩელი, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ. ჩ-ს რ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების ძირითადი თანხის 22 000 აშშ დოლარის 2,5%-ის, 550 აშშ დოლარის გადახდა ყოველთვიურად, 2006 წლის 10 აპრილიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ჩ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ვადის უკანასკნელი დღე გასულად ითვლება ამ ბოლო დღის 24 საათის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საპროცესო მოქმედება შესრულდა საპროცესო ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, საპროცესო მოქმედება ვადაში შესრულებულად ითვლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა დ. ჩ-ს (ს.ფ. 134), რომელიც 2007 წლის 18 იანვარს პირადად ჩაბარდა მას (ს.ფ. 137). აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 19 თებერვლის ჩათვლით; მან კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 20 თებერვალს, ე.ი. საკასაციო საჩივის შეტანის ერთ თვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო საჩივის შეტანის ერთ თვიანი ვადის დარღვევას ადასტურებს კასატორის განცხადება, რომლითაც დ. ჩ-ე განმარტავს, რომ მის მიერ საპროცესო ვადის დარღვევა გამოწვეულია იმის გამო, რომ იგი ავარიაში მოყვა და 19 თებერვალს ვერ შეძლო ქუთაისში ჩასვლა და საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს საპროცესო ვადის გაშვების მიზეზის საპატიოდ ცნობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთ თვიანი ვადა, რომლის აღდგენა (გაგრძელება) კანონით აკრძალულია, რის გამოც დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.