ას-224-558-07 29 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ე. ბ-ს სარჩელის გამო მოპასუხე ნ. ჯ-ს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ჯ-ს მიმართ და მოითხოვა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის - 2410 ლარისა და მორალური ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, ნ.ჯ-ს დანაშაულებრივი ქმედებით მიიღო სხეულის დაზიანება, კერძოდ, მარჯვენა ხელის მტევნის დორზალურ ზედაპირზე მესამე თითის პირველი ფალანგის სახსრის ადგილზე ნაპობი, სწორ კიდეებიანი 06 სმ სიგრძის ჭრილობა, რომელიც გადადის მეორე და მეოთხე თითებზე, იმავდროულად ძვალ-სახსართან გადაეჭრა გამშლელი მყესები და სისხლძარღვები, ფაქტობრივად, მთლიანად მარჯვენა ხელმა დაკარგა სრულყოფილი ფუნქცია, რაც უარყოფითად აისახა მის ფსიქიკაზე, ასევე სერიოზული გავლენა მოახდინა მისი შვილის – გ. ჯ-ს ჯანმრთელობაზე, რომელიც დღემდე მკურნალობს ამბულატორიულად სოფელ ... ამბულატორიაში დიაგნოზით - ნევროზი, არტერიული ჰიპერტონია, რომლის მკურნალობაზეც დახარჯა 26,85 ლარი, ნ.ჯუღელის დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულ იქნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, რაც კანონიერ ძალაშია შესული.
სხეულის დაზიანების გამო ე.ბ-მა მოითხოვა გაწეული ხარჯების, ასევე დაზიანებული ხელის ადგენის მიზნით, შემდგომი ოპერაციისა და შვილის მკურნალობისათვის დახარჯული თანხების, სულ 2410 ლარის ანაზღაურება და მორალური ზიანის - 2000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2006 წლის 5 მაისს მოსარჩელემ გაზარდა სარჩელი და მოპასუხისაგან დამატებით მოითხოვა ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ე.ჯ-ს ნ. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 2332,65 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-სა და ე. ბ-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ჯ-ს ე. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 2275,65 ლარისა და მორალური ზიანის - 300 ლარის ანაზღაურება.
ზემოთ მითითებულ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ბ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.