Facebook Twitter

¹ას-225-559-07 20 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ბ...ს” პარტნიორი თ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 იანვარს რ. ღ-მ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ბ...ს” პარტნიორ, თ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს ,,ბ...ში” მისი კუთვნილი წილის 5,896% გადაფორმების დავალდებულება.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წელს მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე პრივატიზაციის გზით შეიძინა ზესტაფონის ... ბაზარი, ხელშეკრულება მხოლოდ თ. კ-ის სახელზე გაფორმდა. შემდგომში შეიქმნა შპს ,,ბ...ა” და მასში წილები განაწილდა ექვს პარტნიორზე, ხოლო ბაზრის შემძენი ორი პირი შპს ,,ბ...ში” პარტნიორად არ აღირიცხა. პარტნიორებიდან ერთ-ერთს ჰქონდა მოსარჩელის ვალი, ამიტომ მან მოსარჩელეს შესთავაზა, კუთვნილი წილიდან 4,166%-ის მიღება. მოსარჩელე დასთანხმდა და 1997 წლიდან 2003 წლის მარტამდე მოპასუხის კუთვნილი წილიდან იღებდა მოგების 4,166%-ს დივიდენდის სახით. მოსარჩელის განმარტებით, მან მრავალჯერ სთხოვა მოპასუხეს წილის გადაფორმება, მაგრამ იგი თავს იკავებდა, შემდგომში კი საერთოდ შეწყვიტა დივიდენდის მიცემა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს ,,ბ...ის” დირექტორი თ. ე-ი, რომელმაც სარჩელი ცნო. თ. კ-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. კ-ს დაევალა ფაქტობრივად რ. ღ-ის სახელზე გასხვისებული 4,166% წილისა და მოსარჩელის მიერ მშენებლობისათვის გათვალისწინებული ხარჯებიდან წარმოშობილი 1,73% წილის გადაფორმება რ.ღ-ის სახელზე დადგენილი წესით, ასევე, შპს ,,ბ...ის” დირექტორ თ. ე-ს დაევალა თ. კ-ის მიერ რ. ღ-ის სახელზე 5,896% წილის გადაფორმება, ცვლილებების შეტანა წესდებაში და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გააუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წილის დათმობის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია არსებობდეს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი გარიგება საწარმოში წილის დათმობის შესახებ, იგი უცილოდ ბათილი იქნებოდა და მოსარჩელე მხარეს საწარმოში წილის მოთხოვნის უფლებას ვერ მიანიჭებდა.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე რ. ღ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საქმეში არსებულ ობიექტურ მტკიცებულებებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ნორმები, რომლებიც სამართლებრივად უსაფუძვლოა და, შესაბამისად, თავად გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა. კანონი ამკვიდრებს ფორმის არჩევის თავისუფლებას. თვითონ მხარეები თანხმდებიან გარიგების ფორმაზე, თუ კანონით არაა იგი განსაზღვრული. თუ გარიგების ფორმა კანონითაა განსაზღვრული, მაშინ ეს ფორმა სავალდებულოა გარიგების ნამდვილობისათვის, გარიგების მონაწილეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ. ამ ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას (სკ-ის 59.1 მუხ).

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 19.1 მუხლის თანახმად, ყველა შეთანხმება, რომლითაც იქმნება ან უქმდება საწარმო, აგრეთვე ყოველგვარი ცვლილება მათში მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ბათილია გარიგება რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამავე კანონის 46.3 მუხლის თანახმად, პარტნიორის მიერ წილის დათმობა ან დაგირავება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას და რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში. სანოტარო დამოწმება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია საჭიროა ასევე შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების ან დაგირავების შესახებ.

მითითებული ნორმები იმპერატიულად განსაზღვრავს პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების ფორმას, ასევე იმ შეთანხმების ფორმას, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ, კერძოდ, კანონი ადგენს, რომ აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, მოპასუხეს წილის გასხვისების ვალდებულება არ წარმოშობია.

კასატორის მოსაზრებით, შპს „ბ...ს“ დირექტორის აღიარებით მტკიცდება თ. კ-ის მიერ საზოგადოებაში სადავო წილის დათმობის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია და რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დირექტორის აღიარება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, კანონის თანახმად, საზოგადოებაში წილის დათმობის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, სხვა სახის მტკიცებულებით, კერძოდ, არ შეიძლება დადასტურდეს საზოგადოების დირექტორის აღიარებით.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მიღებულია სწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.