Facebook Twitter

ას-227-552-09 4 მაისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს ,,ე. ჯ.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ავა, რ. ჩ-ავა, გ. ბ-უა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. გ-ავამ, რ. ჩ-ავამ და გ. ბ-უამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს ,,ე. ჯ.” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის, ადვოკატის მომსახურებისა და ექსპერტიზის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

სს ,,ე. ჯ.” სარჩელი არ ცნო და იშუამდგომლა არასათანადო მოპასუხის _ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის სათანადო მოპასუხით _ სს ,,ე. ჯ.” შეცვლის თაობაზე, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2008 წლს 27 აგვისტოს განჩინებით დადგინდა, რომ საქმე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსჯადი არ იყო და იგი განსახილველად გადაეცა სენაკის რაიონულ სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ე. ჯ.”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით საპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,ე. ჯ.” დაეკისრა 178,60 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ე. ჯ.”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სს ,,ე. ჯ.” დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 15 აპრილს (ს.ფ. 277). 2009 წლის 22 აპრილს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ს.ფ. 278-279).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ე. ჯ.” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლი იმპერატიული ხასიათისაა და აწესებს, რომ მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში სს ,,ე. ჯ.” საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 15 აპრილს (ს.ფ. 277).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის ბოლო დღე _ 2009 წლის 20 აპრილი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ მიცვალებულთა ხსენების დღეს, აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის 21 აპრილს. სს ,,ე. ჯ.” საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა 2009 წლის 22 აპრილს, სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დარღვევით (ს.ფ. 278). აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. ამდენად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით ამ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2009 წლის 21 აპრილს სს ,,ე. ჯ.” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 185-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს ,,ე. ჯ.” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.