Facebook Twitter

ას-228-489-08 17 ივლისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ო-ის უფლებამონაცვლე – ი. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ე, ზ. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 10 აპრილს ნ. ო-იმ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. დ-ისა და ნოტარიუს ხ. კ-ის მიმართ, მესამე პირი _ ზ. წ-ი და მოითხოვა გ. დ-სა და ზ. წ-ს შორის 2007 წლის 2 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, თვითონ და თავის მეუღლეს - ო. ო-ის საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით _97,6 კვ.მ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გ. დ-მ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გაიფორმა თავის სახელზე. მემკვიდრეობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დავის განხილვის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ ო. ო-ის სახელზე რიცხული მთლიანი ქონება 30000 ლარად მიჰყიდა ზ. წ-ს, მაშინ, როდესაც აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქონება 105 000 ლარად იყო შეფასებული.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ვინაიდან ზ. წ-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა შეეძინა სადავო სახლი, ასევე, არ დაინტერესებულა შეძენილი ქონებით ისე გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, აღნიშნული გარიგება მოჩვენებითია, რის გამოც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. დ-მ გაყიდა თავისი საკუთრება, ხოლო ზ. წ-ი კეთილსინდისიერი შემძენი იყო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 2 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც გ. დ-მ გაყიდა, ხოლო ზ. წ-მა იყიდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისაში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 97,6 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მითითებულ ქონებას.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ო-სა და აწ გარდაცვლილ ო. ო-ს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით _97,6 კვ.მ, რაც აუდიტის დასკვნის მიხედვით შეფასებულია 105 000 ლარად;

ო. ო-ის გარდაცვალების შემდეგ, გ. დ-მ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გაიფორმა თავის სახელზე და 30000 ლარად მიჰყიდა ზ. წ-ს, რაც ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ გაფორმდა სანოტარო წესით;

სადავო ნასყიდობა განხორციელდა მაშინ, როდესაც ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ნ. ო-სა და გ. დ-ს შორის იხილებოდა სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული დავა, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

სასამართლომ გ. დ-ესა და ზ. წ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით გარიგებად, ვინაიდან ჩათვალა, რომ გ. დ-ს მოცემულ შემთხვევაში გააჩნდა ცალმხრივი ინტერესი მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონების შესანარჩუნებლად. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა, რომ ზ. წ-ი ნასყიდობის შემდეგ არ დაინტერესებულა შეძენილი ქონებით, არც შესაგებელი წარმოუდგენია სარჩელის წინააღმდეგ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზარახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. წ-მა და მოპასუხე გ. დ-მ.

აპელანტებმა მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი, გ. დ-სა და ზ. წ-ს შორის 2007 წლის 2 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. დ-სა და ზ. წ-ს შორის 2007 წლის 2 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსაჩვენებლად იყო დადებული შედეგ გარემოებათა გამო:

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გ. დ-ის საკუთრებას;

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო ქონება აღირიცხა ზ. წ-ი საახელზე;

ნასყიდობის დროისათვის ქონება დაყადაღებული არ იყო;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. წ-ი კეთილსინდისიერი შემძენი იყო, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არაკეთილსინდისიერ შემძენად მიეჩნიათ;

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზ. წ-ი გ. დ-ის ძველი მეზობელი იყო, შესაბამისად კარგად იცნობდა იმ ქონებას, რომელიც მისგან შეიძინა და ამასთან, ვინაიდან იგი მოსარჩელის ერთადერთი შვილი იყო და არ იცოდა მათ შორის უთანხმოების შესახებ, ჩათვალა, რომ დედა-შვილი შეთანხმებულები იყვნენ სახლის გაყიდვაზე;

გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ზ. წ-ს სხვა საცხოვრებელი სახლი ჰქონდა, მას არ დაუყენებია მოსარჩელის გამოსახლების საკითხი, თუმცა მას შემდეგ, რაც დავის თაობაზე შეიტყო, გამოხატა პროტესტი და მოსთხოვა ბინის ქირა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. წ-ი კეთილსინდისიერი შემძენი იყო და არ არსებობდა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. წ-ი გ. დ-ის მეზობელი იყო და, შესაბამისად, კარგად იცნობდა სადავო ქონებას სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან, მართალია ისინი მეზობლები იყვნენ, მაგრამ არა სოფელ ანგისაში, არამედ ქ. ბათუმში და ზ. წ-ისათვის დღემდე უცნობია სადავო ქონების ადგილმდებარეობა. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნულის თაობაზე, მისი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ არ დააკმაყოფილა, რითაც წაერთვა თავის დაცვის შესაძლებლობა, მითუმეტეს, რომ მოპასუხეებს ამგვარი მოთხოვნა პირველი ინსტანციაში არ დაუყენებით;

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ზ. წ-მა და გ. დ-მ ნასყიდობის ხელშეკრულება მაშინ გააფორმეს სანოტარო წესით, როცა მოპასუხეებად იყვნენ ჩაბმული სხვა საქმეში და იცოდნენ სასარჩელო მოთხოვნის შესახებ;

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გარდაიცვალა კასატორი ნ. ო-ი, რის გამოც 2008 წლის 25 ნოემბერს შეჩერდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2009 წლის 10 ივლისს განახლდა საქმის წარმოება და საქმეში ნ. ო-ის უფლებამონაცვლედ ჩაება ი. ლ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას, სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ არის. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარემოების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არსებობდა თუ არა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისათვის. სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, ასევე გაიზიარა ზ. წ-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა და არა წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებით.

სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ისეთ გარემოებებს, რაც სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს, კერძოდ, დადგენილია, რომ გაყიდულ სახლს ფაქტობრივად ფლობდა მოსარჩელე, იგი მყიდველს არ გადასცემია. სადავო სახლი გაიყიდა იმ დროს, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო სახლზე. სასამართლოს არ გამოურკვევია სადავო სახლის ღირებულების გადახდის ფაქტი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ. წ-ი არ იჩენდა ინტერესს მოცემული დავის მიმართ, არ წარუდგენია შესაგებელი, არ ცხადდებოდა სასამართლოში ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გასაჩივრების ვადის დარღვევით. მართალია მოსარჩელემ ზ.წ-ი, როგორც მესამე პირი ისე მიუთითა, მაგრამ იგი ფაქტობრივად საქმეში ჩაბმული იყო როგორც მოპასუხე (ზ.წ-ს სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და დაევალა წარედგინა შესაგებელი (ტ.1. ს.ფ. 17).

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, შესაბამისად, გასაჩივრებულილ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებები უნდა განიხილოს ყოველმხრივ და ობიექტურად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ო-ის უფლებამონაცვლის – ი. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.