№357აგ-15 14 მარტი, 2016 წელი
ლ-ე ე, 357აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განაჩენით ე. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 3 თებერვლიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის თაობაზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ე. ლ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 3 თებერვლიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ლ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ლ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
2015 წლის 14 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ე. ლ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ე. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ე. ლ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ლ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი – რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ ე. ლ-ს სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ე. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ე. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე