№303აგ-15 16 მარტი, 2016 წელი
ლ-ი დ, 303აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკოლოზ ნინიძის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ. ლ-ს შორის 2014 წლის 11 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 6 იანვრიდან.
2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ლ. კ-ს შორის 2014 წლის 11 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება. ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისულფების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ლ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 6 იანვრიდან.
4. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2013 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2013 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ლ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2014 წლის 6 იანვრიდან იმავე წლის 5 აგვისტოს ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 6 აგვისტოდან.
6. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
7. მსჯავრდებულმა დ. ლ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მისი ქმედების გადაკვალიფიცირება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლზე და სასჯელის შემსუბუქება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ლ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი