Facebook Twitter

¹ას-229-554-09 8 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ დ. ფ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ მამობის დადგენა, ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 16 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფ. მ-ძემ მოპასუხე დ. ფ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ცნობა 2007 წლის 3 მაისს დაბადებული მ. მ-ძის მამად, მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ ყოველთვიურად 100 ლარისა და დამატებითი ხარჯების _ 1 402 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დ. ფ-ძემ მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც 2007 წლის 3 მაისს შეეძინა შვილი _ მ. მოპასუხემ ბავშვის მამად ნებაყოფლობით თავი არ ცნო. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დ. ფ-ძის ბიოლოგიური მამობა მ. მ-ძის მიმართ დამტკიცებულია. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლებზე (ს.ფ. 2-11).

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ფ-ძე ცნობილ იქნა მ. მ-ძის მამად, დადგინდა მ. მ-ძის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის და ბავშვის გვარის _ «მ-ძის» შეცვლა «ფ-ძით». მოპასუხეს დაეკისრა 2007 წლის 18 აპრილიდან მ. მ-ძის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ 50 ლარის გადახდა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება 868 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილით დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენისას «სასამართლო მხედველობაში იღებს საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას». მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ასეთ დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნია გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 52-54).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მოსაზრებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლს, რომლის თანახმად, მამობის დადგენისათვის აუცილებელია, სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება და საერთო მეურნეობის წარმოება, რაც არ იქნა დადასტურებული. რაც შეეხებოდა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, მხოლოდ ბავშვის ბიოლოგიური მამობა არ ნიშნავდა სასამართლო წესით მამობის დადგენის საფუძვლის ქონას (ს.ფ. 61-69).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით დ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და დავის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2007 წლის 3 მაისს ფ. მ-ძეს შეეძინა შვილი მ. რომლის გვარად დაბადების სააქტო ჩანაწერში მის გვარზე _ მ-ძეზე მიეთითა, რადგან მოპასუხე დ. ფ-ძემ მამობა არ აღიარა. ასევე დადგენილია, რომ ბავშვის მამობის დადგენის საკითხის გადასაწყვეტად ფ. მ-ძემ 2008 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის საფუძველზეც მოხდა მოპასუხის ბავშვის მამად აღიარება.

რაც შეეხებოდა აპელანტის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ზემოაღნიშნული მუხლით «სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით», რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა (ს.ფ. 106-113).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

კასატორის მითითებით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მოთხოვნებს. დასახელებული ნორმა მამობის დადგენისათვის აუცილებლად მიიჩნევს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას და საერთო მეურნეობის წარმოებას, ან ბავშვის ერთად აღზრდას და რჩენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 120-127).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმიდან ირკვევა, რომ არსებობს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. მ-ძის სარჩელი 2007 წლის 3 მაისს დაბადებული მ. მ-ძის მამად დ. ფ-ძის ცნობისა და ამ უკანასკნელისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 14-15,17);

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების არსებობა განაპირობებს საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძვლების სწორად გამორკვევას, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის სწორ განმარტებასთან. კანონის აღნიშნული ნორმა მხარეთა განცხადებით ან სასამართლოს ინიციატივით საქმის წარმოების შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სარჩელის იგივეობა გულისხმობს ამ მუხლში დასახელებული სამივე კომპონენტის იდენტურობას, ე.ი. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი), სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განსახილველ საქმეზე ფ. მ-ძის მიერ აღძრულია თუ არა სარჩელი იმავე მხარეებს შორის, იმავე მოთხოვნით და იმავე საფუძვლით.

სარჩელის საფუძვლის იდენტურობის საკითხის სწორად შესაფასებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სარჩელის საფუძველს ქმნის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ეს გარემოებები შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით, თუმცა თავად მტკიცებულებები კი არ წარმოადგენენ სარჩელის საფუძველს, არამედ სარჩელის საფუძველი სწორედ მასში მითითებული ფაქტებია. მხოლოდ ის გარემოება, რომ ფ. მ-ძემ ახალ სარჩელს დაურთო ექსპერტიზის დასკვნა, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნის წარდგენით შეიცვალა მანამდე აღძრული სარჩელის საფუძველი. ექსპერტის დასკვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XX თავის თანახმად, წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას სამოქალაქო პროცესში. იმავე მოთხოვნით და იმავე საფუძვლით იმავე მხარეებს შორის სარჩელის თავიდან აღძვრა, რომელშიც მითითებულია ახალ მტკიცებულებაზე არ ნიშნავს სხვა სარჩელის აღძვრას. მითითებული მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნის) საქმეზე წარდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლიდან გამომდინარე, ფ. მ-ძეს თავდაპირველი დავის მიმდინარეობის დროსაც გააჩნდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს საქმეზე წარმოების შეწყვეტის ზემოთ დასახელებული წინაპირობების არსებობაზე, უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ადგილი კონკრეტულ შემთხვევაში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით წარმოებულ დავას, რაც აღნიშნული კომპონენტების იდენტურობის შემთხვევაში საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.