Facebook Twitter

ას-229-563-07 21 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ბ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. კ-მ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს დ. ბ-ს მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 30 აგვისტოს მასა და მოპასუხეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება სესხის უზრუნველსაყოფად, თუმცა მხარეთა შორის არანაირი სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა. გირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ნ. კ-ის საკუთრებაში არსებული ავეჯი. მოპასუხემ კანონსაწინააღმდეგოდ გირავნობის საგანი, ავეჯი, გადაიტანა მესამე პირის სახლში და შემდეგ გაყიდა. ნ. კ-ე სარჩელში უთითებდა, რომ ავეჯის გაყიდვის მომენტისათვის მას ჰყავდა მყიდველი, რომელიც იხდიდა 7000 აშშ დოლარს. დ. ბ-მა კი ავეჯი გაყიდა 3000 აშშ დოლარად, რის შედეგადაც მას მიადგა 4000 აშშ დოლარის ზიანი.

2000 წლიდან დ. ბ-ს მისთვის აღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია, შესაბამისად, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველთვიურად 10%, რამაც სარჩელის აღძრის მომენტისათვის შეადგინა 29200 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა 33200 აშშ დოლარის ანაზღაურება.

თელავის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებით ნ. კ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1999 წლის 30 აგვისტოს ნ. კ-სა და დ. ბ-ს შორის დაიდო გიროვნობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დაგირავებული ქონება შეფასებულ იქნა 3000 აშშ დოლარად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განისაზღვრა უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების ვადა 2000 წლის 31 მაისის ჩათვლით ანუ სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოგირავნემ დააღღვია დ. ბ-ს უფლება ჰქონდა, მოეხდინა საგნის რეალიზაცია ვადის დადგომისას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. კ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, 2000 წლის 5 თებერვლიდან 2006 წლის 4 დეკემბრამდე უწყვეტად მიმდინარეობს დავა გირავნობის ხელშეკრულების ბათილობაზე და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რის გამოც უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობაზე მითითება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე დ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.