Facebook Twitter

¹ას-230-555-09 15 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს «გ.» დირექტორი ა. გ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება, იმავე პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1996 წლის 21 მარტს შპს «შ.» დიდუბის რაიონის სასამართლოს შპს «გელათის» მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ შპს «გ.» თვითნებურად დაიკავა მისი კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი.

1996 წლის 11 აპრილს იმავე სასამართლოს დიდუბის რაიონის პროკურორმა მიმართა სარჩელით და შპს «გ.» ქ. თბილისში, ... ქ. ¹190-ში მდებარე ფართიდან გამოსახლება მოითხოვა.

თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს «გელათს» დაევალა საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონების შეფასება და 3 თვის ვადაში ახალი იურიდიული მისამართის დადგენა, ასვე, შპს «გელათი» გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹190-ში მდებარე შენობა-ნაგებობებიდან და გამოთავისფულებული ფართი გადაეცა შპს «შ..»

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «გ.» საკასაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

1998 წლის 10 აპრილს შპს «გ.» წარმომადგენლებმა დიდუბის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმავე სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 ივლისის განჩინებით დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 7 ივლისის დაუსწრებელი და 1999 წლის 22 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებებით შპს «გ.» მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აღდგენილ იქნა შპს «გ.» რეგისტრაცია და შპს «შ.» უარი ეთქვა შპს «გ.» შენობა-ნაგებობებიდან გამოსახლებაზე.

სს «შ.» დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. აღნიშნული სასამართლოს 1999 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქმე გადაგზავილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქმე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სს «შ.» საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სს «შ.» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სს «შ.» დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 ივლისის განჩინება და იმავე სასამართლოს 2003 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა საქმის შპს «გ.» განცხადების დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ივლისის განჩინებით სს «შ.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება და გადაწყვეტილება გაუქმდა, საქმე შპს «გ.» განცხადების ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს გელათის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება შპს «გ.» კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.

2008 წლის 15 სექტემბერს შპს «გ.» დირექტორმა ა. გ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და იმავე პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა. განმცხადებლის მტკიცებით, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს «გელათის» განცხადება, იმავე სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 5 მარტს შპს «გ.» დირექტორმა ა. გ-შვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგანაც საქმეზე არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე თ. ზ-ძე, რომელიც ტ. ზ-ძის შვილია, ტ. ზ-ძე კი უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში იხილავდა შპს «გ.» და სს «შ.» შორის დავას. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის მიუხედავად, საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილა თბილისის მერია, რომელიც მოცემულ დავაში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შპს «გ.» დირექტორ ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემოდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა არ იზარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მოსამართლის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში დაუშვებელია, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, აგრეთვე, თუ მოსამართლე არ იყო დანიშნული კანონის შესაბამისად ან გასული იყო მისი უფლებამოსილების ვადა.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსამართლე თ. ზ-ძეს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც იგი ტ. ზ-ძის შვილია, ეს უკანასკნელი კი უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში იხილავდა შპს «გ.» და სს «შ.» შორის არსებულ დავას.

საკასაციო პალატა ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლების მიხედვით, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობის მიღება ეკრძალება, თუ იგი მანამდე რაიმე სტატუსით მაინც მონაწილეობდა მხარეებს შორის არსებული დავის განხილვაში (საქმეს განიხილავდა ქვემდგომ ინსტანციაში, თავად იყო მხარე ან მხარის წარმომადგენელი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან სხდომის მდივანი და ა.შ.), ამასთან აღნიშნული შეზღუდვა ეხება უშუალოდ მოსამართლეს და არა მის ოჯახის წევრებს, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თ. ზ-ძის მამა შპს «გ.» და სს «შ.» შორის მიმდინარე დავას საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავდა, თ. ზ-ძის საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნის.

გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მეორე საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერია, რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. საკასაციო პალატის აზრით, ამგვარ განცხადებაში განმარტებული უნდა იყოს რა შეხება აქვს პირს კონკრეტულ დავასთან და რა საფუძვლით უნდა მოხდეს მისი მესამე პირად ჩაბმა.

როგორც საქმიდან ირკვევა, შპს «გ.» წარმომადგენელმა ა. გ-შვილმა 2008 წლის 11 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ქ. თბილისის მერიის საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა (ტ.5, ს.ფ. 163), თუმცა აღნიშნულ განცხადებაში არ იყო მითითებული მხარე ქ. თბილისის მერიას დაინტერესებულ პირად რა გარემოებების გამო მიიჩნევდა, ამასთან, განმცხადებელმა 2008 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მის მიერ მანამდე დაყენებულ ყველა შუამდგომლობაზე უარი განაცხადა და მოითხოვა, რომ სასამართლოს მხოლოდ საქმის წარმოების განახლების საკითხზე ემსჯელა (ტ.5, ს.ფ. 167), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ქ. თბილისის მერია საქმის განხილვაში არ ჩააბა, უსაფუძვლოა.

გარდა ამისა, სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი პრინციპია, რომ ყოველმა პირმა სასამართლოს მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უნდა მიმართოს. აღნიშნული პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლშია განმტკიცებული.

იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მხოლოდ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს, შესაბამისად, თუ პირი საქმის განხილვაში ჩაბმული არ იყო, მან ეს გარემოება თავად უნდა გახადოს სადავოდ, რომელიმე მხარეს მის ნაცვლად ამ საკითხის დაყენების უფლება არ აქვს. განსახილველ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მერია მიიჩნევდა, რომ დაირღვა მისი უფლებები, მას შესაბამისი განჩინების ბათილად ცნობა თავად უნდა მოეთხოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 422-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «გ.» დირექტორ ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.