¹ას-230-564-07 30 აპრილი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 აგვისტოს ე. კ-მ და მ. ჯ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ნ. დ-სა და ი. ჩ-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეების გამოსახლება მათ სახელზე რიცხული ფართიდან. მოსარჩელეთა განმარტებით, საკუთრების უფლებით ფლობენ თბილისში, ... ფერდობი, მე-3 მ/რ, მე-16 კორპუსში მდებარე 42 კვ.მ ფართობის ¹... შემოქმედებით სახელოსნოს. 1994 წელს აღნიშნული სახელოსნო დროებით დაუთმეს სოხუმიდან ლტოლვილ არქიტექტორ ნ. დ-ს, რომელიც ამ პერიოდიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს მათ კუთვნილ ფართში. 2002 წლის 13 მარტს მ. ჯ-ს დასჭირდა გულის ოპერაცია და იმყოფება მუდმივ ამბოლატორიულ მკურნალობაზე, თავად ე. კ-მაც 2004 წელს გადაიტანა ინფარქტი და საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეებს ეკონომიურად გაუჭირდათ, რის გამოც მოპასუხეებს მიმართეს ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მოსარჩელეებმა მოითხოვეს თანხმლებ პირებთან ერთად მათი ფართიდან გამოსახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე. კ-ისა და მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები ნ. და ი. დ-ები შვილთან _ ვ. დ-სთან ერთად გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელეების სახელზე რიცხული ფართიდან _ მდებარე ქ. თბილისი, ... ფერდობი, მე-3 მ/რ, პირველი კვარტალი, კორპუსი 16 შემოქმედებითი სამხატვრო სახელოსნო ¹...დან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემებრის გადაწყვეტილებითNნ. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ სადავო ფართი, 1992 წლის 22 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეებს. ასევე დაადგინა, რომ 1994 წლიდან ე. კ-მ ნ. დ-ს ოჯახს დაუთმო აღნიშნული ფართი მანამ, სანამ თავად დასჭირდებოდა, რაც საქალაქო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა, როგორც თხოვების ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ე. კ-ე და მ. ჯ-ი დღესდღეობით საჭიროებენ სადავო ფართს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა Nნ. დ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ Nნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას Nნ. დ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. Nნ. დ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.