ას-231-565-07 7 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ პ. ხ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ხ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ხ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და სამკვიდროდან წილის ნატურით გამოყოფის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და პ. ხ-ს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, რაც პ.ხ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, პ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა გ. ხ-ის სამკვიდრო ქონების 1/2-ის მემკვიდრედ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ხ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და პ. ხ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაზეც მან შეიტანა საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და პ.ხ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, კასატორს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 11 აპრილს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით პ. ხ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში მისი გამოსწორება.
საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, პ.ხ-ს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 11 აპრილს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში პ. ხ-მ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოასწორა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.