Facebook Twitter

ას-233-494-08 17 ივლისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ო-ის უფლებამონაცვლე ი. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 13 დეკემბერს ნ. ო-იმ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. დ-ისა და ნოტარიუს თ. ჩ-ს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2006 წლის 6 აგვისტოსა და 2006 წლის 9 აგვისტოს გ. დ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, ქონების ნაწილის თავის სახელზე აღრიცხვა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.

მოსარჩელის განმარტებით, თავისი მეუღლე _ ო. ო. ო-ი გარდაიცვალა 2006 წლის 21 იანვარს, რომლის წილ ქონებაზეც გაიხსნა სამკვიდრო. მეუღლეებს თანასაკუთრებაში გააჩნდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 97,6 კვ.მ და ავტომანქანა “ვაზ-2107”. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან გააგრძელა მთლიანი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა, მართავდა და განაგებდა მას. 2006 წლის 14 ნოემბერს შეიტყო, რომ მისი ქალიშვილის _ გ. დ-ის სახელზე ნოტარიუსმა თ. ჩ-მ გასცა სამკვიდრო მოწმობა და მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადაეცა მთლიანი სამკვიდრო, მიუხედავად იმისა, რომ მოწმობის გაცემის დროს მოსარჩელე წარმოადგენდა გარდაცვლილი ო. ო. ო-ის მეუღლეს, სადავო ქონება მეუღლეთა თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი და ამასთან, მოსარჩელეს უარი არ უთქვამს საკვიდრო ქონების მიღებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მთლიან სამკვიდრო ქონებაზე გ. დ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უკანონო იყო, რითაც შეილახა მისი კანონიერი უფლებები.

მოპასუხე გ. დ-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ იყო დადასტურებული, ნ. ო. ო-ის მიერ ფაქტობრივი ფლობის გზით სამკვიდროს მიღება, შედავება სამკვიდროს მიღებაზე არ მოხდა ორ თვიან ვადაში და ამასთან აღნიშნა, რომ გ. დ-ს მემკვიდრეობით მიღებული ქონება უკვე გასხვისებული ჰქონდა ზ. წ-ზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ო. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე გ. დ-ის სახელზე ხელვაჩაურის რაიონში ნოტარიუს თ. ჩ-ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობები, რომლებიც რეგისტრირებულია 08.06.2006 წ. ნომრით ¹... და 06.08.06წ. ნომრით ¹... და რომლებითაც გ. დ-მ გაიფორმა მემკვიდრეობა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისაში მდებარე 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ 97,6 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე, ასევე “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანაზე, რომლის სახელმწიფო სანომრე ნიშანია …;

მოსარჩელე ნ. ო. ო-ის სასარჩელო მოთხოვნაზე საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანისა და ქონების ნაწილის თავის სახელზე აღრიცხვაზე უარი ეთქვა.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ო-სა და აწ გარდაცვლილ ო. ო-ს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით _97,6 კვ.მ და ავტომანქანა “ვაზ-2107”.

ო. ო-ი გარდაიცვალა 2006 წლის 21 იანვარს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბერში.

ნ. ო. ო-ი არის აწ გარდაცვლილი ო. ო. ო-ის მეუღლე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების დღიდან აგრძელებს საერთო საკუთრების ფლობას, განაგებს და მართავს მას.

ო. ო. ო-ის გარდაცვალების შემდეგ, გ. დ-მ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გაიფორმა თავის სახელზე.

აღნიშნული სამკვიდროს მისაღებად გ. დ-მ ნოტარიუსს მიმართა 2006 წლის 6 აგვისტოს, ანუ სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე და 1426-ე მუხლები და მიუთითა, რომ სამკვიდროს მიღების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი განეხილა მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ და გაეცა სამკვიდრო მოწმობა.

რაც შეეხება მოთხოვნას საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკუთრების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი, გ. დ-ის სახელზე ხელვაჩაურის რაიონის ნოტარიუსის თ. ჩ-ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაცვლილი ო. ო. ო-ის სამკვიდრო ქონებაზე მოწმობა მიიღო მისმა შვილმა _ გ. დ-მ;

სამკვიდრო მოწმობით მიღებული სამკვიდრო ქონება აღარ წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობის მფლობელის _ გ. დ-ის საკუთრებას და იგი გასხვისებული იყო მესამე პირზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ნ. ო. ო-ის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სარჩელის მიკუთვნებით ნაწილში, ანუ იმ ნაწილში რომლითაც იგი მოითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებსა და ავტომანქანის რეგისტრაციის თაობაზე მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანას და სადავო ქონების თავის სახელზე აღრიცხვას, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო სადავო ქონება გასხვისებულია მესამე პირზე, შესაბამისად, სარჩელის აღიარებითი ნაწილიც უსაფუძვლო იყო, რის გამოც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობების ბათილობის ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ გ. დ-ს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული;

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი მოტივირებული შუამდგომლობა მოწმეთა სასამართლო სხდომაზე გამოძახების შესახებ, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდგომ იგი ცხოვრობდა სადავო სახლში და ფაქტობრივად ფლობდა მას, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმები, არ მისცა შესაძლებლობა თავი დაეცვა მოწმეთა ჩვენებების გამოყენებით.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გარდაიცვალა კასატორი ნ. ო-ი, რის გამოც 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე, 2009 წლის 10 ივლისს განახლდა საქმის წარმოება და საქმეში ნ. ო-ის უფლებამონაცვლედ ჩაება ი. ლ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ნ. ო-ი არის აწ გარდაცვლილი ო. ო-ის მეუღლე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების დღიდან აგრძელებდა საერთო საკუთრების ფლობას, განაგებს და მართავს მას. ხოლო გ. დ-მ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუს მიმართა ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გ. დ-ზე სამკვიდრო მოწმობები გასცა კანონის დარღვევის, რის გამოც ბათილად ცნო ისინი. ამასთანავე, რაიონულმა სასამართლომ საჯარო რეესტრში ცვლილებებს შეტანაზე უარი უთხრა მოსარჩელეს იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთისა და საკადასტრო ინფორმაციის საუძველზე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით საკუთრების რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა არა იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო მემკვიდრე და მესაკუთრე, არამედ ფაქტობრივად მოსარჩელეს განუმარტა, რომ მიემართა ნოტარიუსისათვის აეღო სამკვიდრო მოწმობა და ამის საფუძველზე აღერიცხა თავისი საკუთრება.

სააპელაციო საამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მხოლოდ სამკვიდრო მოწმობებეის გაუქმებით, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობების გაუქმების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ უკრძალავს მოსარჩელეს მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად.

სადავო სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის შემთხვევაში აღდგება პირვანდელი მდგომარეობა ანუ სადავო ქონება აღირიცხება მამკვიდრებლის სახელზე, რაც აძლევს უფლებას მემკვიდრეებს მოითხოვონ შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება.

მით უფრო როცა დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით და სკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხეს გასხვისებული აქვს სადავო ქონება და სამკვიდრო მოწმობების გაუქმება მას სარგებელს არ მოუტანს. ჯერ ერთი, ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არის გამხდარი და სასამართლო წარმოება ამ საქმეზე ჯერ არ დამთავრებულა და მეორეც, თუ მოსარჩელე სადავოდ ქონებას ვერ დაიბრუნებს, მას შეუძლია მოპასუხისაგან მოითხოვოს კომპენსაცია; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რათა დადგინდეს სამკვიდრო მოწმობების კანონის დარღვევით გაცემის ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ო-ის უფლებამონაცვლის – ი. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.