Facebook Twitter

ას-233-558-09 15 სექტემბერი, 2009 წ.

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე

კასატორები – ვ. და მ. ლ-ძეები

მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ელი

წარმომადგენელი _ მ.თ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. პ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. და მ. ლ-ძეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1990 წელს მ.პ-ელმა ე. ჯ-ოვისაგან შეიძინა ბოლნისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოგვიანებით საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე. გარკვეული პერიოდი იგი მითითებულ სახლში არ ცხოვრობდა, რითაც ისარგებლეს მოპასუხეებმა, თვითნებურად დაიკავეს და, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სადავო სახლის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერში მ. პ-ელის სახელზე არსებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: 1990 წელს რუსთაველის საზოგადოებამ მ. პ-ელს შეუძინა სადავო სახლი იმ პირობით, რომ იგი 25 წლის განმავლობაში არ გაასხვისებდა მას, მაგრამ მ. პ-ელმა აღნიშნული პირობა დაარღვია და იმავე წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე სახლი მიჰყიდა ვ. ს-ძეს. 1995 წელს ვ.ს-ძემ უძრავი ნივთი ზეპირი გარიგებით გაასხვისა ვ.მ-იანზე, ამ უკანასკნელმა კი ასევე ზეპირი შეთანხმებით 2000 აშშ დოლარად მიჰყიდა მოპასუხეებს, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გამოსახლდნენ ქ.ბოლნისში, ... ქ.¹18-ში მდებარე მ. პ-ელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, შეგებებულ სარჩელს კი უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ვ. და მ. ლ-ძეებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 2003 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით ზემოხსენებული განცხადება დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრში არსებული 2003 წლის 23 ივლისის ¹403-03 ჩანაწერი ქ.ბოლნისში, ... ქ.¹18-ში მდებარე ბინის მ. პ-ელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ ცნობილ იქნა ბათილად, მ.პ-ელის სარჩელს კი უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.პ-ელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით მ.პ-ელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მ.პ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო სახლი გამოთხოვილ იქნა მ. და ვ. ლ-ძეების მფლობელობიდან, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ პ-ელი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს დავის მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტა სადავოდ არ გაუხდიათ, მოცემული დავა უნდა მოწესრიგდეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. და მ. ლ-ძეები ქ.ბოლნისში, ... (ყოფილი ...) ქ.¹18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ფლობენ იურიდიული საფუძვლის გარეშე, რადგან მათ აღნიშნული ქონება შეიძინეს 1995 წელს ვ. მ-იანისაგან კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ზეპირი გარიგების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. და ვ. ლ-ძეებს აღიარებითი შეგებებული სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი ვერ ექნებათ, ვინაიდან შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათთვის სასურველი მიზანი ვერ მიიღწევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 1990 წელს მესაკუთრე ე. ჯ-ოვის წარმომადგენელსა და მ. პ-ელს შორის. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ.ბოლნისში, ... ქ.¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილი ტექბიუროს არქივის ჩანაწერებში 1990 წლიდან 2003 წლამდე ირიცხებოდა მ.პ-ელის სახელზე, 2003 წლის 23 ივლისიდან კი ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში აღირიცხა ამავე პიროვნებაზე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში სახლი აღრიცხული დარჩება გამყიდველის, ე. ჯ-ოვის სახელზე, რომელიც ლ-ძეებისათვის სახლის მართლზომიერი ფლობის საფუძველს არ წარმოშობს. პალატამ არ გაიზიარა პ-ელი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ საქმეში წარმოდგენილი ბოლნისის რაიონის გამგეობასთან არსებული საბინაო კომისიის თავმჯდომარე პ.დ-იასადმი რუსთაველის საზოგადოების მიგრაციული პროცესების მართვის ფონდის თავმჯდომარის 1993 წლის 10 იანვრის ¹01-01\79 წერილის საფუძველზე ქ.ბოლნისში, ... ქ.¹18-ში არსებული ბინა, რომელიც მ. პ-ელმა საკუთარი სურვილით ჩააბარა, უნდა გაფორმებოდა ცაგერის რაიონში სტიქიით დაზარალებულ ვ. ს-ძის ოჯახს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სახლის ვ.ს-ძისათვის იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით გადაფორმების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატამ დაადგინა, რომ არაუფლებამოსილმა პირმა, რომელსაც არ ჰქონდა წარმოშობილი საკუთრების უფლება სადავო სახლზე კანონით დადგენილი წესით, გაასხვისა იგი ვ. მ-იანზე, ამ უკანასკნელმა კი ასევე ზეპირი შეთანხმებით მიჰყიდა იგი ლ-ძეებს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ 2003 წლის 23 ივლისს განხორციელებული ¹403-03 ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარისთვის სასურველი შედეგი ვერ დადგება და მხარე ვერ გახდება მითითებული სახლის მართლზომიერი მფლობელი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ლ-ძეების მხრიდან სადავო ჩანაწერის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, რადგან ზემოხსენებული ჩანაწერი კანონდარღვევით არ განხორციელებულა, კერძოდ, ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილი ტექბიუროს არქივის ჩანაწერებში 1990 წლიდან 2003 წლამდე სადავო სახლზე ცვლილება არ შესულა და, შესაბამისად, არსებული ჩანაწერი საჯარო რეესტრში იმ სახით გადავიდა, რა სახითაც იგი არსებობდა ტექბიუროს არქივის ჩანაწერებში. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარე ვერ უთითებს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელ გარემოებას უდებს საფუძვლად თავის მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პ-ელი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლზე მითითებით, რადგან აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების შესახებ განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, საქმეში კი მ. პ-ელის მიერ ასეთი განცხადებით საჯარო რეესტრისათვის მიმართვის ფაქტი დადასტურებული არ არის და არც ამ განცხადების რეგისტრაციის შესახებ ტექბიუროს არქივის ჩანაწერებში ინფორმაცია არ მოიპოვება. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება მ. და ვ. ლ-ძეების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მ. პ-ელის განმარტებით, მისთვის სახლის გადაცემის შემდეგ იგი პ-ელად ქ.ბოლნისში წავიდა 1993 წელს, შემდეგ 1995, 2000 და 2003 წლებში, ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ხანმოკლე დროში უკანვე ბრუნდებოდა და 2003 წლამდე სადავოდ არ გაუხდია სხვა პირთა მიერ მისი საცხოვრებელი სახლის დაკავების ფაქტი. რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას, რომ მ. პ-ელმა დაარღვია „იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად ჩათვალა მ.პ-ელის მოთხოვნა მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების თაობაზე, რა დროსაც იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ვ. და მ. ლ-ძეებს ქ.ბოლნისში, ... ქ.¹18-ში მდებარე სახლის ფლობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნიათ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. და მ. ლ-ძეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემული საქმის წარმოება განახლდა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პ-ელი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარის მიერ ისეთი გარემოების შეტყობას, რომელიც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იქნებოდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი საქმის შედეგი არ შეცვლილა. სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერდა, თუმცა შემდეგ წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება გაუქმდა ლ-ძეების კერძო საჩივრის გამო. სააპელაციო სასამართლომ არასრულად ასახა დავის საგანი და მხარეთა მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ 1990 წელს მ.პ-ელი ჩაეწერა ბოლნისში ოჯახის წევრებთან ერთად და 1992 წლამდე გადაეწერა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ლტოლვილთა სტატუსს ვერ მიიღებდნენ. პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის დანაწესთა შესაბამისად, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა პირის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას. დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ მ.პ-ელის განცხადება სადავო უძრავი ქონების მიტოვების შესახებ არ არსებობს. საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ოქმი და გადაწყვეტილება, რომლითაც მანამდე მ.პ-ელისათვის მიკუთვნებული სახლი განაწილდა ვ.ს-ძეზე. კასატორთა მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერი უსაფუძვლოა, ვინაიდან მ.პ-ელმა მიატოვა უძრავი ქონების უფლება, რის საპასუხოდ სააპელაციო პალატა მიუთითებს აღნიშნული ჩანაწერების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მითითებული პრეზუმფცია მოქმედებს ჩანაწერის სისწორეზე საჩივრის შეტანის მომენტამდე. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მ.პ-ელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ ნების გამოვლენის ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურებულა, ვინაიდან საქმიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე საცხოვრებლად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადავიდა, წლების განმავლობაში ბოლნისში არ ყოფილა, მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი და იღებს შესაბამის დახმარებას. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ მ.პ-ელმა და მისი ოჯახის წევრებმა დაკარგეს სახლზე საკუთრების უფლება და მათ სასარგებლოდ შესრულებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი უკანონოა. სააპელაციო სასამართლო არასწორად უთითებს, რომ, კასატორთა განმარტებით, მ.პ-ელმა დაარღვია “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” კანონი. კასატორები განმარტავდნენ, რომ მოსარჩელემ ჩააბარა ბინა, რაც მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებითა და დახმარების მიღებით დასტურდება. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ სადავო ბინა კვლავ მ.პ-ელს ეკუთვნის, მას უნდა ეხელძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით და რუსთაველის საზოგადოების ოქმისა და საბინაო გადაწყვეტილების სიყალბის შესამოწმებლად აღნიშნული დოკუმენტები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებისათვის, რაც არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. მ. პ-ელი თანახმაა, მოწინააღმდეგე მხარე მ. და ვ. ლ-ძეებს გადაუხადოს თანხა საცხოვრებელი სახლის მდებარე ქ.ბოლნისში, ... ¹18-ში, 2000 აშშ დოლარი 1 (ერთი) წლის განმავლობაში 2010 წლის ოქტომბრამდე;

2. მ. და ვ. ლ-ძეები თანახმანი არიან, მიიღონ მ. პ-ელისაგან 2000 აშშ დოლარი 2010 წლის ოქტომბრამდე, უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ რაიმე პრეტენზია ქ.ბოლნისში, ... ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე არ ექნებათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პ-ელი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მხარეებმა კი მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება შორის შემდეგი პირობებით:

1. მ. პ-ელი თანახმაა, მოწინააღმდეგე მხარე მ. და ვ. ლ-ძეებს გადაუხადოს თანხა საცხოვრებელი სახლის მდებარე ქ.ბოლნისში, ... ¹18-ში, 2000 აშშ დოლარი 1 (ერთი) წლის განმავლობაში 2010 წლის ოქტომბრამდე;

2. მ. და ვ. ლ-ძეები თანახმანი არიან მიიღონ მ. პ-ელისაგან 2000 აშშ დოლარი 2010 წლის ოქტომბრამდე, უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ რაიმე პრეტენზია ქ.ბოლნისში, ... ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე არ ექნებათ.

შეწყდეს საქმის წარმოება მ. პ-ელის სარჩელის გამო ვ. და მ. ლ-ძეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, ასევე ვ. და მ. ლ-ძეების შეგებებული სარჩელის გამო მ. პ-ელის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.