Facebook Twitter

ას23-378-07 22 თებერვალი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ა. ლ-მა შპს “ .. .. ..” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ და მოითხოვა ბინის რეკონსტრუქციისათვის 10000 ლარისა და ყოველთვიურად ბინის ქირის 100 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 8 დეკემბერს 9 საათზე დაზიანდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹21-ში მდებარე სახლის მკვებავი 20 მმ-იანი წყალსადენის მილი, რომელიც მდებარეობდა ა. ლ-ის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ტროტუარზე. წყალსადენიდან გამომდინარე წყალმა დააზიანა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე დაუყოვნებლივ ტელეფონით დაუკავშირდა ... რაიონის ... სამსახურს და დახმარება სთხოვა. მითითებული ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსარჩელესთან გამოცხადდნენ მხოლოდ 13.00 საათზე და დაზიანების შეკეთებაზე უარი განაცხადეს, ვინაიდან აღნიშნული მათ მოვალეობას არ განეკუთვნებოდა და ურჩიეს კერძო მუშების მოყვანა. მუშებმა, მიწის გათხრისათვის სპეციალური ნებართვის არარსებობის გამო, სამუშაოზე უარი განაცხადეს. მხოლოდ საკრებულოს მხრიდან ჩარევის შემდეგ, ... მეშვეობით, წყალი საღამოს საათებში გადაიკეტა. წყლის ნაკადის შეუჩერებელმა დინებამ მოსარჩელის ბინა მთლიანად დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. თბილისის წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობის წესდების თანახმად, წყალსადენის განშტოება, ქუჩის გამანაწილებელი ქსელიდან წყალმზომი კვანძის ჩათვლით, სახლთმფლობელობის ეზოს ან კვარტლის ტერიტორიაზე ითვლება შიდა ქსელად და იქ მომხდარი უწესრიგობის აღკვეთა აბონენტს ევალება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ .. .. ..” ა. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 25 თებერვლის განჩინებით გაუქმდა

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის წინასწარი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ზიანის ოდენობის განსაზღვრა დადგინდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. ლ-სა და მისი წარმომადგენლის ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქმე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ა. ლ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “ .. .. ..” დამატებით დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით ა. ლ-ის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს “ .. .. ..” ა. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალისტისათვის მისაცემი თანხა 3398 ლარი და 40 თეთრი.

პალატამ მიიჩნია, რომ დამდგარი ზიანი გამოწვეული იყო შპს “ .. .. ..” ბრალეული უმოქმედობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში კასატორი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორის აზრით, მის მიერ არ მომხდარა დავის საგნის გაზრდა ან გადიდება, არამედ სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის საფუძველზე მოხდა რეალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის დროს შემოფარგლულია არსებული კანონმდებლობით. საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიზანშეწონილად მიეჩნია დავის საგნის გადიდება აპელანტის მიერ და დაეკმაყოფილებინა იგი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის იმ არგუმენტს, რომ აპელანტს 2006 წლის სხდომის ოქმით დაევალა რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენა სასამართლოში და სასამართლო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა იმ დროისათვის მოქმედი საპროცესო კოდექსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. 2006 წლის 6 დეკემბრისათვის მოქმედი საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად სასამართლოს არ შეეძლო ემსჯელა დავის საგნის გადიდების მიზანშეწონილობაზე. ამ ნორმის თანახმად დავის საგნის გადიდება დაუშვებელია, ამიტომ სასამართლოს მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს საპროცესო ნორმების დარღვევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.