ას-2-341-09 26 მარტი,2009წელი
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ გ. შ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე--- ს/ს “ბ.-ა”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბინით დაკმაყოფილება ან ფულადი კომპენსაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
Gგ. შ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მუშად მუშაობდა სს ,,ბ.-ში”, სადაც მიიღო საწარმოო ტრამვა და დაუზიანდა ფეხი. 1978 წლიდან 1979 წლამდე იყო ბიულეტენზე, ამის შემდეგ არ უმუშავია. ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ქარხანამ ბინით არ დააკმაყოფილა. 2005 წელს კვლავ მიმართა დირექტროს, რომელმაც მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტები, რაც წარადგინა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მიმართა აჭარის მთავრობას, რომელმაც უთხრა, რომ ქარხანას გადასულია გაკოტრების რეჟიმში და უნდა მიემართა ქარხნისათვის. მიმართა ქარხანას, მაგრამ გაკოტრების მიზეზით უარი უთხრეს.
მოსარჩელემ მოითხოვა ქარხანამ დააკმაყოფილოს, ბინით ან მინიმალური ხელფასით - სამსახურში მუშაობიდან დღემდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საწარმოო ტრამვა არ მიუღია. მას დანიშნული აქვს პენსია საერთო დაავადებით, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი
პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ბინის აღრიცხვაზე ყოფნისა და თანხის გადახდის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობდა ბინის მიღების ან კონფესაციის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინება გ. შ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
კასატორის განმატებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება სამართლის ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა, რომ მან საწარმოო ტრავმა მიიღო ბ.-ში. აგრეთვე არ დაჰკითხა მის მიერ დასახელებული მოწმეები. სასამართლოს არ დაუდგენია მიზეზობრივი კავშირი მიღებულ საწარმოო ტრავმასთან და არსებულ ინვალიდობის დასკვნას შორის.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.