Facebook Twitter

¹ას-234-559-09 12 ოქტომბერი 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. ყ-იანი (მოპასუხე)

წარმომადგენელი- ა. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ყ-იანი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი---ხ. გ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ყ-იანის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თელავში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2008 წლის 17 იანვარს ნ. ყ-იანსა (რწმუნ. ქ. ყ-იანი) და ქ. ყ-იანს შორის რეესტრის ¹1-478, დამოწმებული ნოტარიუს ნინო გინტურის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ნ. ყ-იანის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თელავში, ... ქუჩა ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2008 წლის 17 იანვარს ნ. ყ-იანსა (რწმუნ. ქ. ყ-იანი) და ქ. ყ-იანს შორის რეესტრის ¹1-479, დამოწმებული ნოტარიუს ნინო გინტურის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ნ. ყ-იანის სახელზე;

პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ყ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ქ. ყ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელე ნ. ყ-იანმა გასცა საკუთრების მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ¹1-12727) ქ. ყ-იანის სახელზე, რითაც მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი-მოძრავი ქონება, მათ შორის დაედო გარიგება საკუთარ თავთან და ა.შ.

2007 წლის 28 დეკემბრის ნოტარიუსის დადგენილებით (რეგისტრაციის ¹110107) გაუქმებულ იქნა 2007 წლის 5 ოქტომბრის საკუთრების მინდობილობა (რეგისტრაციის ¹1-12727).

2008 წლის 17 იანვარს მოპასუხე ქ. ყ-იანმა დადო ნასყიდობის ხელშეკრულებები (რეესტრის ¹1-478 და რეესტრის ¹1-479), იგი ერთდროულად წარმოადგენდა ნ. ყ-იანს (გამყიდველი) და საკუთარ თავს (მყიდველი), მითითებული გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა.

2007 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ დამოწმებულ იქნა ნ. ყ-იანის განცხადება (რეესტრის ¹1-16656) 2007 წლის 5 ოქტომბრის მინდობილობის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული პროცედურა განხორციელდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹20. აღნიშნული განცხადება გახდა შემდგომში 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილების საფუძველი, რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 5 ოქტომბრის მინდობილობა.

იმავე დღეს, მოსარჩელის ბინაში მისული იყო მოპასუხის მეუღლე, თ. ნ-იანი, რომლისათვისაც გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელე აუქმებდა მინდობილობას, რისთვისაც მოწვეული იყო ნოტარიუსი. ამ ფაქტის შეტყობამ გამოიწვია თ. ნ-იანის უკმაყოფილება, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიმართ პრეტენზიების გამოთქმაში. აღნიშნული ფაქტი სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოწმეთა – ი. დ-შვილისა და გ. კ-ევის ჩვენებებით. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე აღნიშნული ჩვენებების საწინააღმდეგოდ, შემოიფარგლა მხოლოდ წარმომადგენლის განმარტებით, რომ მითითებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონი. და მოპასუხის მეუღლემ არაფერი იცოდა. სასამართლომ დაასკვნა რომ მოპასუხის შედავება ამ საკითხთან მიმართებაში არაარსებითი იყო და საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც არ განახორციელა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ მოპასუხის მეუღლემ იცოდა მინდობილობის გაუქმების შესახებ და გათვიცნობიერებული ჰქონდა მისი შედეგები.

სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გამოხატა ნება მოპასუხისათვის მიეცა მინდობილობა (2007 წლის 5 ოქტომბერი), რომლითაც მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება და ა.შ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის 17 იანვრამდე (მინდობილობის გაუქმებიდან ხელშეკრულებების დადებამდე) პერიოდში შეიტყო მინდობილობის გაუქმების შესახებ მისი მეუღლის საშუალებით. სასამართლომ ასევე, გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რატომ არ შეეძლო მეუღლეს (თ.ნ-იანს) გადაეცა აღნიშნული ინფორმაცია მოპასუხისათვის; სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ქონების შეძენა შედიოდა როგორც მოპასუხის, ასევე, მისი მეუღლის ინტერესებში, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე ისინი ხდებოდნენ თანამესაკუთრეები.

მოწმის ჩვენებით სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის მინდობილობის გაუქმებამდე იყო ძალიან ახლო ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა ხშირ სტუმრობასა და მატერიალურ დახმარებაში მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან, ხოლო მინდობილობის გაუქმების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო მინდობილობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც დადო გარიგება. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს დაედო გარიგება წარმოდგენილი პირის (მოსარჩელის) მიერ კი არ მოხდა დადებული გარიგების მოწონება, რაც გამოიხატა სასამართლოში სარჩელის შეტანაში.

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ყ-იანმა.

კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

კასატორის განმარტებით, 2007 წლის 20 დეკემბერს თ. ნ-იანს არ შეეძლო შეეტყო მინდობილობის გაუქმების ფაქტი, რადგან მინდობილობა გაუქმდა 2007 წლის 28 დეკემბერს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნა არაადეკვატურია, რადგან ა)მინდობილობის გაუქმების თაობაზე ნება უნდა მისვლოდა ადრესატს (ქ. ყ-იანს) და არა სხვა პირს. ბ)ადრესატს (ქ. ყ-იანს) უნდა სცოდნოდა მინდობილობის გაუქმების ფაქტი და არა ის, რომ მარწმუნებელი ან საკუთრების მიმნდობი აპირებს მინდობილობის გაუქმებას.

კასატორის განცხადებით, 2007 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებულ მინდობილობაში ცალსახადაა განსაზღვრული მისი გაუქმების წესი. კერძოდ, მინდობილობა უნდა გაუქმებულიყო სანოტარო აქტით, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინათ მინდობილი მესაკუთრისათვის. ამ წესით კი მინდობილობა არ გაუქმებულა და ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც (განჩინებით) არ არის უარყოფილი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თანახმად, „მოპასუხე მხარის მიერ არ დასახელებულა არც ერთი გარემოება იმის დასადასტურებლად, თუ რატომ არ შეეძლო მეუღლეს (თ.ნ-იანს) გადაეცა აღნიშნული ინფორმაცია მოპასუხისთვის“.

კასატორის აზრით, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხე მხარე უარყოფდა და დღესაც უარყოფს თ. ნ-იანის მიერ მინდობილობის გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიღებას. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე არ ისაუბრებდა თ. ნ-იანის მიერ ქ. ყ-იანისთვის ინფორმაციის გადაცემის ხელისშემშლელ ფაქტორებზე.

კასატორის განცხადებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც „თუკი ნების გამოვლენა ზეპირადაა გადაცემული არათანმყოფი პირისთვის. ვთქვათ, ნება გამოხატულია ოჯახის წევრის (მეუღლე) მიმართ, ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება ადრესატის ძალაუფლებაში“. მოცემულ განმარტებაში არ არის გათვალისწინებული, რომ ქ. ყ-იანი და თ. ნ-იანი სხვადასხვა პირები არიან და თ. ნ-იანისთვის რაიმეს ცნობება არ ნიშნავს ამ ინფორმაციის ქ. ყ-იანისთვის გადაცემა.

კასატორის განცხადებით, ქ. ყ-იანის მიერ ნ. ყ-იანის სახელით 2007 წლის 17 იანვარს დადებული ხელშეკრულებები არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

კასატორის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ქ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

აღნიშნული ნორმა ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებთან, ისევე როგორც სასამართლოს, როგორც პირის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალების მიზნებთან. 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. “მოკლე დასაბუთება” არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დაკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.

“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდიდა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ ფაქტს, რომ მისთვის ცნობილი იყო 2007 წლის 5 ოქტომბრის მინდობილობის გაუქმების თაობაზე. პელანტის მიერ წამოყენებულ ამგვარ პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს. სასამართლომ მათი გათვალისწინებით უნდა მიუთითოს, რატომ ეთანხმება პირველი ინსტანიცის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს სასამართლო რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს ის ფაქტი, ცნობილი იყო თუ არა ქ. ყ-იანისათვის 2007 წლის 5 ოქტომბრის საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მითითებული მინდობილობის მე-12 პუნქტით განსაზღვრული წესის თანახმად და დავა გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.