Facebook Twitter

¹ას-234-568-07 30 აპრილი, 2007წ

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 18 მაისს მ. მ-მ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ. რ-ის მიმართ და მოითხოვა შვილის _ 2005 წლის 5 მარტს დაბადებული და. რ-ის დედისთვის მიკუთვნება და მოპასუხისათვის კვირაში ერთი Dდღით ბავშვის მონახულების უფლებისა და მამობრივი მზრუნველობის განხორციელებისათვის უფლების მიცემა. მოსარჩელემ განმარტა, რომ რადგანაც კანონიერ მეუღლესთან შვილი არ შეეძინა, მოპასუხემ შესთავაზა მისთვის გაეჩინა ბავშვი და დაპირდა, რომ ბავშვის გაჩენამდე და შემდეგაც აცხოვრებდა თავის სახლში, რაზეც მისი მეუღლეც თანახმა იყო. თუმცა, პირობის მიუხედავად, ბავშვის დაბადების შემდეგ გადაწყვიტა დედისთვის შვილის წართმევა და მის გარეშე თავის ოჯახში აღზრდა, რაც შეძლო კიდეც და მოტყუებით წაიყვანა ბავშვი, ხოლო მოსარჩელეს კი აღარ მისცა შვილის ნახვის შესაძლებლობა და მასთან სახლში მისულს მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა.

აღნიშნულის გამო მოსარჩელე მ. მ-მ მოითხოვა შვილის (რომელიც ჯერ კიდევ დედის რძით იკვებებოდა) მისთვის მიკუთვნება, რადგან მისი განმარტებით, ბავშვის აღსაზრდელად ყველა პირობა გააჩნდა.

მოპასუხე დ. რ-მ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ შვილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაუჩინა. შეთანხმების თანახმად, იგი დაბადებისთანავე აღსაზრდელად მამისთვის უნდა გადაეცა, თუმცა მოსარჩელემ პირობა არ შეასრულა. ხოლო მთელი ერთი წელი ბავშვი მასთან იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში, მ. მ-ის ოჯახსაც მოპასუხე არჩენდა. და, რადგანაც მ. მ-ს არ გააჩნია არავითარი საშუალება შვილის აღსაზრდელად და ამავე დროს არის სუსტი ნებისყოფის ადამიანი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა 2005 წლის 5 მარტს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ და. რ-ის დედისთვის დაბრუნება. მოპასუხე დ. რ-ს უფლება მიეცა შვილთან ურთიერთობისთვის და დაევალა მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე დავით რობაქიძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვის აღსაზრდელად მასთან დატოვება, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგების ბათილობით დაკარგული 13000 ლარის მოსარჩელეზე დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით დ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე წარდგენილი ჰქონდა თუ არა, სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა დაეკისრებინა 13 000 ლარის გადახდა. სასამართლომ აღნიშნულის მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ რაიონულ სასამართლოში დავის საგანი მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება და მისთვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა იყო.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მასალებით მ. მ-ის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანის აღზრდისათვის დამაკმაყოფილებელი პირობებია.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება მ. მ-ის ამორალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმის მასალებში არ მოიპოვება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. რ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით ბავშვის მისთვის მიკუთვნება ან 13000 ლარის მოსარჩელეზე დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით დ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას დ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.