¹ ას-235-496-08 2 ივლისი, 2008 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ...-ის სამინისტრო (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ი. კ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ.-ი” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ზ. მ.-ე
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოტქომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი –ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
,,ჯ.-ის” სალიკვიდაციო კომისიამ 2005 წლის 22 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს ...-ის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა 423,717 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხეზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობის 1999 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1999 წელს 1 აპრილს, 10 ივნისს და 15 სექტემბერს მოპასუხესთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე შესრულდა 483,995 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც მოპასუხეს გადაუხდელი Hჰქონდა 423,717 ლარი. 2002 წლის 26 მარტს მხარეებს შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც დადასტურებულია დავალიანების არსებობა, მაგრამ სამინისტრომ 2003 წელს 423,717 ლარის დავალიანება ჩამოწერა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოსარჩელის განმარტებით დავალიანება წარმოადგენდა მომუშავე თანამშრომელთა ხელფასს და მასზე არ ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა.
თბილისი საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ...-ის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად განსჯადობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
მოცემულ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი გარემოებები
შპს ,,ჯ.-ი” არსებობდა სახაზინო საწარმოს ფორმით, რომლის ბაზაზეც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 1 ივნისის ¹1-3/351 ბრძანებით დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯ.-ი” სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2003 წლის 24 აპრილის ბრძანებით გაიხსნა შპს ,,ჯ.-ის” სალიკვიდაციო პროცესი და დაინიშნა სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე, რაც სასამართლოში რეგისტრირებულია 2003 წლის 22 მაისს.
საქართველოს ...-ის სამინისტროს და სახაზინო საწარმოს _ ,,ჯ.-ს” შორის 1999 წლის 1 აპრილს-ამავე წლის 31 დეკემბრამდე ვადით, 10 ივნისს -ამავე წლის 1 სექტემბრამდე ვადით და 15 სექტემბერს ამავე წლის 31 დეკემბრამდე ვადით, დაიდო ხელშეკრულებები სხვადასხვა სამუშაოთა შესრულებაზე. სამუშაოთა ღიებულება ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა 608.200 20.000 და 4.800 ლარს, რაც განსაზღვრული იყო მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება რომ, რომ მოპასუხემ საქართველოს ...-ის სამინისტრომ, 2004 წლის 4 მაისის წერილით აღიარა მოსარჩელისადმი არსებული დავალიანება რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლის წერტილად პალატამ განსაზღვრა 2004 წლის 4 მაისი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ...-ის სამინისტროს წარმომადგენელმა ი. კ.-მ.
კასატორის განმარტებით, სოციალური დაცვის სამინისტრო საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2004 წლის 4 მაისის წერილი არ წარმოადგენდა ვალის აღიარების აქტს, ვინაიდან მისი აზრით მხოლოდ მინისტრი იყო უფლებამოსილი, ეღიარებინა საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანებები.
კასატორის აზრით, თუ სასამართლომ მხედველობაში მიიღო აღნიშნული წერილიდან გამომდინარე ვალის აღიარების ფაქტი მაშინ მას ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ამავე წერილში მოყვანილი ის გარემოებაც რომ კასატორს გადახდილი ჰქონდა 151 070 ლარი და რომ დავალიანება შეადგენდა 120 901 ლარს და არა 439000 ლარს.
გარდა ამისა კასატორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარისსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილ იქნა 1999 წლის 3 სექტემბერსა და 30 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2005 წლის 22 აგვისტოს, ანუ ხუთი წლის გასვლის შემდეგ, რაც კასატორის აზრით მეტყველებს მის ხანდაზმულობაზე.
გარდა ამისა კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მის განჩინებაში განსჯადობის საკითხზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა სააპელაციო საჩივარში დასმულ განსჯადობის საკითხზე და მოეხდინა სათანადო რეაგირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვვით მიღებულად თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული არ არის, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასამართლოს დავის საგანზე საერთოდ არ უმსჯელია, არ დაუდგენია და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ მიუთითებია იმ ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებზე, რომელსაც დაეთანხმა სასამართლო, იმ შემთხვევაში კი თუ სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე შეუძლებელია საკასაციო სასამართლომ შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო ამ გარემოებათა დადგენის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერებაზე. სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეთანხმა პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისე, რომ არ იმსჯელა რამდენად წარმოადგენდა 2007 წლის 4 მაისის წერილი ვალდებულების აღიარებას და შესაძლო იყო თუ არა აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტორივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო შემოწმების შედეგები აისახება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე და გაეზიარებინა ან უარეყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები.
პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული იმავე სასამართლოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ...-ის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება