ას-239-564-09 17 სექტემბერი, 2009 წ. ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ტ. წ-ია (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი – მ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ამხანაგობიდან გასვლის გამო ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ტ. წ-იამ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ მიმართ იმაზე მითითებით, რომ ის 1990 წელს გაწევრიანდა ზემოხსენებულ ამხანაგობაში ხუთოთახიანი ბინის მისაღებად , ფართობით 130 კვ.მ, აივნების გარეშე. 1990 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელემ ამხანაგობაში განახორციელა შენატანი 40 000 რუსული მანეთი, 1993 წლის 5 ივლისს კი – 25 000 000 რუსული მანეთი. წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულება არ მოხერხდა, ბოლოს ამხანაგობამ მოსარჩელეს მის მიერ განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ შესთავაზა ამხანაგობის მიერ აშენებულ ბინაში მხოლოდ 20 კვ.მ. ფართობი. 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით ტ. წ-იამ კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ამხანაგობიდან გასვლის გამო ამხანაგობაში მის მიერ 1990 და 1993 წლებში განხორციელებული შენატანის 40 000 და 25 000 000 რუსული მანეთის ეროვნულ ვალუტაში ლარებში დაბრუნება, კეძროდ, მოპასუხისათვის 186 648 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის მიერ შეტანილი რუსული 40 000 მანეთი სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოადგენდა 0.04 ლარს, ხოლო რუსული 25 000 000 მანეთი – 25 ლარს, შესაბამისად მოპასუხე ინდივიდულაური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი 88-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25, 04 ლარის გადახდა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. წ-იამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით ტ. წ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“ შეიქმნა 1988 წლის 8 სექტემბერს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
ტ. წ-ია 1990 წელს გაწევრიანდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ში“ ხუთოთახიანი ბინის მისაღებად ფართობით 130 კვ.მ. აივნების გარეშე.
მოსარჩელემ ამხანაგობაში შენატანის სახით 1990 წელს გადარიცხა 40 000 რუსული მანეთი;
ტ. წ-იამ 1993 წელს ამხანაგობას გადაუხადა 25 000 000 რუსული მანეთი;
ტ.წ-ია არის ამხანაგობის წევრი;
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“ წარმოადგენს 1988 წლის 8 სექტემბერს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაფუძნებული კოლექტიური ამხანაგობის უფლებამონაცვლეს.
პალატამ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ერთობლივი საქმიანობის მომრეგულირებელი ნორმებით, რადგან ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში. ამხანაგობიდან წევრის გასვლის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს შესრულების უკან დაბრუნება ან წილის ფულადი კომპენსაცია. რადგან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ იყო დადგენილი, პალატამ ჩათვალა, რომ ტ. წ-იას წილი ამხანაგობაში განისაზღვრებოდა მის მიერ განხორციელებული თანხის შესაბამისად. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს თანხა უნდა დაუბრუნდეს მსყიდველ-უნარიანობის გათვალისწინებით.
პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ფულადი მოთხოვნების შესრულებისას მოქმედებს ნომინალიზმის პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, ვალდებულება (თანხის უკან დაბრუნება) ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს; უმართებულოა ფულადი თანხის შესასრულებელი ვალდებულების გაიგივება გარკვეულ მსყიდველობითუნარიანობასთან; ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა, ფულის მსყიდველობითუნარიანობითობის ცვალებადობა არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლვილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება. იურიდიული ნომინალიზმის პრინციპი წარმოადგენს ფულადი გაანგარიშებისა და გადახდების საფუძველს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹246 1993 წ. 24 მარტის „საქართველოს რესპდუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის გამოშვების შესახებ“ დადგენილებით საგადამხდელო საშუალების სახით შემოღებულ იქნა „კუპონი“. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, თანაფართდობა კუპონსა და მანეთს შორის განისაზღვრა 1-1-ზე.
„მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გამოშვების შესახებ“ 1995 წ. 16 სექტემბრის ¹363 საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოცხადდა ეროვნული ლარი და კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1 000 000 კუპონი 1 ლარზე. შესაბამისად, ტ.წ-იას მიერ შეტანილმა თანხამ პალატის განმარტებით, შეადგინა საერთო ჯამში 25.04 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. წ-იამ.
კასატორის განმარტებით, მართალია, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ტ. წ-იას მიერ ამხანაგობაში შენატანი განხორციელებული არის ორ ნაწილად, ანუ 1990 წელს 40 000 რუსული მანეთის ოდენობით, ხოლო 1993 წელს 25 000 000 რუსული მანეთის ოდენობით, მაგრამ სასამართლომ ამხანაგობისათვის წილის ფულადი კომპენსაციის განხორციელების მოვალეობის დაკისრებისას, არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი (და შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის ¹246 დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულება „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გამოშვების შესახებ“).
კასატორის აზრით, მოცემულ შემხთვევაში სახეზე არ არის წმინდა ფულადი ვალდებულება – რამდენადაც ამხანაგობის ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ მას ტ. წ-იას მიერ განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ შეესრულებინა შემხვედრი ვალდებულება – გადაეცა ბინა და სწორედ იმის გამო, რომ ამხანაგობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, მან ტ. წ-იას, მისი ხელშეკრულებიდან გასვლის გამო (რასაც სასამართლოც უთითებს დასაბუთებაში), უნდა მისცეს წილის ფულადი კომპენსაცია. კასატორის განმარტებით, მის მიერ განხორციელებული შენატანი სარგებლით უნდა დაუბრუნდეს ფულის მსყიდველუნარიანობისა და სარგებლის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალტამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ტ. წ-ია 1990 წელს გაწევრიანდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილის 88-ში“ ხუთოთახიანი 130 კვ.მ. ფართობის ბინის მისაღებად. მან ამხანაგობაში შენატნის სახით 1990 წელს გადარიცხა 40000, ხოლო 1993 წლის 5 ივლისს 25 000 000 რუსული მანეთი
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული თანხა გადახდილია ბინის ასაშენებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი ხუთოთახიანი ბინის ასაშენებლად. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა თუ რა ფართის ბინა შეიძლებოდა აშენებულიყო აღნიშნული თანხით და შესაბამისად განესაზღვრა მისაღები ფართის, ხოლო ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში ამ ფართის საბაზრო ღირებულება. აღნიშნული ფაქტის დადგენა შესაძლებელია მოპასუხის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, ბინით დაკმაყოფილებულ პირთა მიერ გადახდილი თანხების დამადასტურებელი მტკიცებულებათა შეფასებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვენები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ღონიძიებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილია მხარეებს დაავალოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების წარმოდგენა. აღნიშნული დებულება მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე, 203-ე მუხლებშიც. ამდენად, თუ დავის გადასაჭრელად და მისთვის საჭირო გარემოებათა დასადგენად აუცილებელია მტკიცებულებანი, სასამართლო უფლებამოსილია წინადადება მისცეს მხარეებს წარმოადგინონ იგი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა გადახდილია ტ. წ-იას მიერ ბინის ასაშენებლად, ანუ მხარეები შეთანხმდნენ არა ცალკე აღებულ თანხაზე, არამედ ბინის ღირებულებაზე. ამდენად მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ბინის ფართის საბაზრო ღირებულება იმ ოდენობით, რაც გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული ნორმა ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს აკისრია თანხის გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს ბინის აშენება ევალებოდა. დღეისათვის კი თანხის დაბრუნების შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხით აშენებული ფართის ღირებულების შესაბამისი თანხაა.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისათვის უნდა დაადგინოს თუ რა ფართის ღირებულებას წარმოადგენს ტ. წ-იას მიერ განხორციელებული შენატანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ. წ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.