Facebook Twitter

ას-243-568-09 1 ივნისი, 2009 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ს-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ქ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,დ-ის“ მიმართ მიუღებელი ხელფასის _ 6500 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში და იღებდა ხელფასს 150 ლარის ოდენობით. მოგვიანებით აღნიშნული ოდენობა 50%-ით გაიზარდა, თუმცა ნ.ს-ძეს ხელფასი 60 ლარით ნაკლები ეძლეოდა და სს «დუშეთის გაზს» დაუგროვდა მის მიმართ სახელფასო დავალიანება.

მოპასუხემ სარჩელი 740 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,დ-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 651,20 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ.ს-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით სს «დუშეთი გაზის» უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს «ქ.», ამავე წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სს „დ-ის“ მიერ გაცემული 2007 წლის 7 აგვისტოს ცნობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ს-ძე მუშაობს სს „დ-ში“ ზეინკლის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 92,50 ლარს. ამავე ცნობისა და სს „დ-ის“ 2007 წლის 7 აგვისტოს განცხადების თანახმად, სს „დ-ს“ გააჩნია ნ. ს-ძის დავალიანება 2006 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის, ასევე 2007 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის გაუცემელი ხელფასის გამო სულ 740 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 651,20 ლარს. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს 6500 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს მითითებით, აპელანტი თავის მოთხოვნას აფუძნებს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად, 1988-2004 წლების სახელფასო დავალიანების არსებობის გამო, სს „დ-ს“ დაეკისრა 1998,99 ლარის გადახდა, სააპელაციო პალატის სხდომაზე კი აპელანტმა განმარტა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1995-2007 წლებში დაგროვილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე მსჯელობის საგანი ვერ იქნება ის საკითხები, რომლებიც განხილულ იქნა სხვა სარჩელის საფუძველზე და რომელთა თაობაზეც უკვე არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 1988-2004 წლების სახელფასო დავალიანების დაკისრებასთან დაკავშირებით. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ სასამართლოს თავად უნდა უზრუნველეყო სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპასუხისაგან გამოთხოვა, ვინაიდან ნ. ს-ძეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებული შუამდგომლობით არ მიუთითებია, თუ რა მტკიცებულების საშუალებით სურდა 6500 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის დადასტურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დასაბუთებულია სს „ქ-ის“ ვალდებულება 2006 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის, ასევე 2007 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის გაუცემელი ხელფასის, სულ 651,20 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ს-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია ის გარემოება, რომ რეალურად არსებული სახელფასო დავალიანება მოპასუხის მიერ აღიარებულ ოდენობაზე მეტია. ამასთან, კასატორი ორივე ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა სადავო დავალიანების შესახებ ცნობების გამოთხოვას, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა, რაც საპროცესო დარღვევას წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ვალდებულების შესრულების _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.