ას-243-574-07 9 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს “ .. ..” დირექტორი ნ. ჭ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჭ-ს მიმართ ფართიდან გამოსახლების შესახებ, დამატებით სარჩელში კი მოპასუხედ ასევე დაასახელა შპს “ .. ..” დირექტორი ნ. ჭ-ა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც შპს “ .. ..” დირექტორმა ნ. ჭ-მ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს “ .. ..” დირექტორმა ნ.ჭ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 22 ნოემბერს, რის შესახებ უწყებები მხარეებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “ .. ..” დირექტორმა ნ. ჭ-მ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რის დასადასტურებლად წარმოადგინა სამედიცინო ცნობა. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2006 წლის 21-27 ნოემბერს ნ.ჭ-ს ჰქონდა მწვავე რესპირატორული დაავადება და მკურნალობდა ამბულატორიულად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორ ნ.ჭ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლითა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ 2006 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ნ.ჭ-ა საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადებაზე და ჩათვალა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქ.ბათუმის შპს “¹...პოლიკლინიკის” განყოფილების გამგის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი სასამართლო პროცესზე ნ.ჭ-ს გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე პირდაპირ არ მიუთითებს და ამბულატორიული მკურნალობა საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ვერ გახდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ .. ..” დირექტორმა ნ. ჭ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა როგორც გასაჩივრებული განჩინების, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, სარწმუნოდ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს ნ.ჭ-ს ავადმყოფობა, თუმცა არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი და მხარის ავადმყოფობა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არასწორად არ მიიჩნია. კასატორმა ამავე მიზეზით ვერ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, რის გამოც გამოვიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას პალატისათვის ცნობილი იყო ნ.ჭ-ს ავადმყოფობის თაობაზე, რაც დადასტურდა კიდეც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნეტის მოთხოვნები, როდესაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..” დირექტორ ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში შპს “ .. ..” დირექტორ ნ. ჭ-ს სააპელაციო საჩივრის განიხლვა დაინიშნა 2006 წლის 22 ნოემბერს. აღნიშნულის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზებზე მიუთითებს. ამდენად, კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოების არსებობა, რის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი თავისი გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზად უთითებს თავის ავადმყოფობას, რის დასადასტურებლად მან წარმოადგინა ქ.ბათუმის შპს “¹... პოლიკლინიკის” მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებულ დოკუმენტს სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მართებულად დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილს. აღნიშნულის ნორმის თანახმად, მხარის ავადმყოფობა საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ იგი დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლით ირკვევა, რომ ნ. ჭ-ა მკურნალობდა ამბულატორიულად, რაც მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო პალატისათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზი ვერ გახდება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო შპს “ .. ..” დირექტორ ნ. ჭ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. ..” დირექტორ ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.