Facebook Twitter

ას-244-569-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მერია(მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ე. ჩ-მა და მოითხოვეს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების ნაწილობრივ, კერძოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების ნაწილში, ბათილად ცნობა მისი სამართლებრივი შედეგებით, ძალაში შესვლის დღიდან. მოგვიანებით 2007 წლის 28 დეკემბერს მ. კ-ემ, მ. მ-ემ და ე. ჩ-მა სარჩელით განმეორებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ¹....-ე, ¹....-ე და ¹....-ე ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცენობა, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ეს ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის მიერაც სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და მ. კ-ეს, მ. მ-ესა და ე. ჩ-ს გაუგრძელდათ შრომითი ურთიერთობა არასამეწარმეო იურიდიული პირების ქ. თბილისის ¹..., ¹.... და ¹.... საბავშვო ბაგა-ბაღებში, ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16ბ139.572, ¹16.134.568 და ¹16.148.581 დადგენილებების საფუძველზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მერიამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებთან შრომითი საქმიანობის შეწყვეტა განხორციელდა შრომითი ხელშეკრულების მოშლით, სშკ 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.139.572 დადგენილებების საფუძველზე დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირი ქ.თბილისის ¹...-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, რომლის დირექტორად ამავე დადგენილებით დაინიშნა ლ. (ე.) ჩ-ი; ¹16.134.568 დადგენილებით დაფუძნებულ იქნა არასამეწარმეო იურიდიული პირი ქ.თბილისის ¹....-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, რომლის დირექტორად ამავე დადგენილებით დაინიშნა მ. მ-ე, ხოლო ¹16.148.581 დადგენილებით დაფუძნებულ იქნა არასამეწარმეო იურიდიული პირი ქ. თბილისის ¹...-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, რომლის დირექტორად ამავე დადგენილებით დაინიშნა მ. კ-ე;

ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.139.572, ¹16.134.568 და ¹16.148.581 დადგენილებების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზემოთ დასახელებული არასამეწარმეო საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობებზე მ. კ-ე, მ. მ-ე და ლ. ჩ-ი დაინიშნენ განსაზღვრული ვადით და მათთან გაფორმებული უნდა ყოფილიყო შრომითი ხელშეკრულება;

შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელეებთან არ გაფორმებულა;

ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებით ქ.თბილისში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე;

კონკურსის გამოცხადების დროისათვის მოსარჩელეებს კვლავ ეკავათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების თანამდებობები;

ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებების საფუძველზე ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.139.572, ¹16.134.568 და ¹16.148.581 დადგენილებებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების ქ.თბილისის ¹....., ¹.... და ¹.... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობებზე დაინიშნენ სხვა პირები, ხოლო მოსარჩელეებთან შეწყვეტილ იქნა შრომითი ურთიერთობები;

დადგენილებაში მითითებული არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი;

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელეებს მიეცათ გარკვეული სახის ფულადი ანაზღაურება.

პალატამ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მთავრობის აღნიშნული მოქმედებით არ დარღვეულა მოსარჩელეთა უფლებები. პირველი ინსტანციის სასამართლო თავად აღნიშნავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომ კონკურსის ჩატარება არ იწვევს მუშაკთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. განსახილველ შემთხვევაშიც ასე მოხდა, კერძოდ, მოსარჩელეთა უფლება დაირღვა არა კონკურსის გამოცხადების შესახებ აქტით, არამედ მათთან შრომითი ხეკლშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემული 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილებებით.

პალატის განმარტებით, კონკურსის გამოცხადებით ანუ ოფერტის შეთავაზებით საზოგადოებისადმი, მათ შორის, მოსარჩელეთა მიერ უკვე დაკავებულ თანამდებობებზე არ შელახულა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები, რადგან კონკურსის გამოცხადებით არ მომხდარა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამდენად, აღნიშნული აქტის არაკანონიერად აღიარებისათვის მოსარჩელეებს არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

პალატამ მიიჩნია, რომ შრომის კოდექსის მე-5 მუხლი დამსაქმებელს ინდივიდუალურად უწესებს გარკვეულ კონკურსის გამოცხადების უფლებას და შრომის კოდექსი არ შეიცავს აკრძალვას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციას არ შეუძლია კონკურსი გამოაცხადოს თუნდაც არავაკანტურ თანამდებობაზე. ამგვარი ნეგატიური დანაწესი არ არის რეგლამენტირებული მოქმედ შრომის კოდექსში. ამდენად, დამსაქმებლის აღნიშნული უფლება – კონკურსის გამოცხადება კონკრეტულ შემთხვევაში არ გადაკვეთს მოსარჩელეთა უფლებების არეალს.

პალატას ასევე განსხვავებული მოსაზრება აქვს საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების გაუქმებას. მითითებული აქტის მიხედვით, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საფუძვლის გარეშე. შრომის კოდექსის 37-ე მუხლი დამსაქმებლისათვის არ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებზე მითითებას. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ქ.თბილისის მთავრობა არ იყო ვალდებული მიეთითებინა გათავისუფლების საფუძვლებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ემ.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი;

კასატორის განმარტებით, პალატამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსით და არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მაშინ როდესაც აღნიშნა, რომ შრომის კოდექსი გარკვეულწილად აპელირებს სამოქალაქო კოდექსის ნორმებზეც. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით“.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329.1 მუხლით „ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი გამოხატულია რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის შემთხვევაში (აქცეპტის) შემთხვევაში, მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება“. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე მერიამ დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსის გამოცხადებით უარი უთხრა მათ, „ვაკანტურ“ ადგილზე მომუშავე დირექტორებს შრომით ურთიერთობაზე. კასატორის აზრით, სასამართლოს მსჯელობით გამოდის, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება გაკეთდა იმ ხელშეკრულებების დასადებად, რომელიც სხვა პირებთან უკვე დადებული იყო და როგორ შეიძლება ამ დროს ითქვას, რომ კონკურსის გამოცხადების აქტი კანონიერია და მათ არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი აღნიშნული აქტის არაკანონიერად აღიარებისათვის.

კასატორის განმარტებით, იგი 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილების მე-4 პუნქტით დაინიშნა ¹....-ე ბაგა-ბაღის დირექტორად. აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა ასევე, რომ მასთან უნდა დადებულიყო ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ რატომღაც არანაირი ხელშეკრულება არ დადებულა. ამის შემდეგ მალევე, 10 დღეში 14 აგვისტოს ცხადდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების შესარჩევი კონკურსი, მათ შორის ¹....-ე ბაგა-ბაღის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე, რაზეც მას, ¹....-ე ბაგა-ბაღის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე მყოფ პირს, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. ამ დროს იგი იმყოფებოდა შვებულებაში. 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებით კი გაიგო, რომ თურმე მის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა ნ. მ-ი, იგი კი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის კოდექსის მე-5 მუხლი დამსაქმებელს ინდივიდუალურად უწესებს გარკვეულ კონკურსის გამოცხადების უფლებას და არ შეიცავს აკრძალვას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციას არ შეუძლია კონკურსი გამოაცხადოს თუნდაც არავაკანტურ თანამდებობაზე. ამგვარი ნეგატიური დანაწესი არ არის რეგლამენტირებული მოქმედი შრომის კოდექსში.

კასატორი აღნიშნავს, რომ კონკურსი თანამდებობის დასაკავებლად, თავისი შინაარსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, გულისხმობს სახელმწიფო, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებში გარკვეული მართვის ფუნქციების შემსრულებელი პირების არჩევითობის პრინციპის რეალიზაციას. კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს იმ თანამდებობაზე, რომელიც ვაკანტურია, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის მიზანი გაურკვეველია. 2007 წლის 14 აგვისტოს დადგენილების დანართი 1-შიც წერია, რომ სწორედ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადდა კონკურსი. ხოლო, როგორც სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, დირექტორების თანამდებობები არ იყო ვაკანტური. კასატორის განმარტებით, როდესაც აკეთებ ოფერტს იმ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც უკვე სხვასთან გაქვს დადებული, ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. პალატის მოსაზრებით კი გამართლებულია კონკურსის გამოცხადება არავაკანტურ თანამდებობაზე და ამას იმით ამართლებს, რომ არ მოხდეს ერთგვარი წყვეტა სამუშაოს შესრულებისას. ამგვარი განმარტება კი სრულიად უადგილოდ და ალოგიკურად მიაჩნია კასატორს. მისი განმარტებით, კონკურსი გამოცხადდა 14-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, როდესაც იგი შვებულებაში იმყოფებოდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სამუშაოს წყვეტაზე ლაპარაკი არალოგიკურად მიაჩნია.

კასატორი ასევე გასაკვირად მიიჩნევს, თუ რატომ ჩათვალა პალატამ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო ხელშეკრულების მოშლა, და არა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რადგან დადგენილებაში წერია მხოლოდ შემდეგი: მ. კ-ეს შეუწყდეს შრომის ხელშეკრულება. შრომის კოდექსის 37-ე მუხლით კი იმპერატიულად არის განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში კი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებაში საფუძველი არ არის მითითებული, რაც ნიშნავს იმას, რომ შრომითი ურთიერთობა მას შეუწყდა საფუძვლის არარსებობის გამო.

კასატორის განმარტებით, თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება, რომლის საფუძველზე ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებებში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირის ქ. თბილისის ¹... საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორთან შეწყვეტილი იქნა შრომითი ურთიერთობა, მიღებულია საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, დადგენილება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში კანონშეუსაბამო და ბათილია. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უცილოდ ბათილი გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან, რამდეგანაც ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ის ნაწილი, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ამდენად იგი ბათილია დადების მომენტიდან და მის საფუძველზე განხორციელებული ყოველი ქმედება ასევე უნდა ჩაითვალოს ბათილად.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის სარჩელი განეკუთვნება ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს.

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით საქმის განსჯადობისათვის ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ ატარებდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული –ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრასციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, აგრეთვე თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.

კონკრეტულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართვერლობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტით, ,,საქართველო დედაქალაქის--თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ე’ და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებისთ, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილებების--სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დანიშვნისა და მათი განთავისუფლების თაობაზე კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მათი ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ სამართლაურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, რის გამოც განსახილველი საქმის სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. კ-ის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში;

საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.