ას-245-576-07 21 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ძ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ფულადი ვალდებლების შესრულება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ლ-მ 2005 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. ძ-ს მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა. ძ-ს ა. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადახდევინების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით. ა. ლ-ს სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ძ-მა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ლ-მ.
ქუთაისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილბით ა. ლ-ის წარმომადგენლის, ნ. კ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; ა. ძ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ლ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება ა. ლ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ლ-ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ა. ძ-ს დაეკისრა ა. ლ-ს სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5090 აშშ დოლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ძ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით ა. ძ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ძ-მა, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ძ-ს საკასაციო საჩივარის დასაშვებობა. 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებლემა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუსლის მოთხოვნათა დაცვით, თუ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორს, ა. ძ-ს, განესაზღვრა 7 დღიანი ვადა საკასაციო საჩირისათვის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. იქვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩებოდა.
ა. ძ-მა 2007 წლის 24 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან ბაჟის გადახდის გადადება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე იმ საფუძვლით, რომ იგი ინვალიდია; კასატორმა ასევე წარმოადგინა ქ.ქუთაისის მერიის “ძ...ის” ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ა. ძ-ს ოჯახის წევრების მდგომარეობის შესახებ. ა.ძ-ს მიერ ს.ფ. 133-ზე წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ იგი პენსიას ღებულობს ასაკის გამო და ამ ცნობაში ინვალიდობის ჯგუფი საერთოდ არ არის მითითებული. ამიტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ყოველივე ზემოაღნიშნული არ მიიჩნია ა. ძ-ს სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების საფუძვლად და მას 7 დღით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. იქვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩებოდა. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნა ა. ძ-სა და მის წარმომადგენელს ა. ბ-ს (ს.ფ. 137; 139), რაც 2007 წლის 8 მაისს ჩაიბარეს პირადად (ს.ფ. 138; 140).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 15 მაისის ჩათვლით, მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის, გადადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადადებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ისეთ კრიტერიუმად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ა.ძ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან გადადებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან ა. ძ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ძ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.