Facebook Twitter

ას-246-577-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “.. ..ს” გენერალური დირექტორი პ.ხ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. კ-მ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს სს „.. ..ს“ საჩხერის ფილიალისა და კ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2002 წელს 2005 წლის 19 ივნისამდე მინდობილი საკუთრების უფლებით ფლობდა 1987 წელს გამოშვებულ ექსკავატორს ე.ო.¹... ძრავით, სერია ზავ ¹..., საიდენტიფიკაციო ნომრით გოსტ .... აღნიშნული ექსკავატორი მოსარჩელემ ათხოვა კ. კ-ს, რომელიც იყო სს „.. ..ს“ დირექტორი. კ. კ-ე დირექტორობიდან გაათავისუფლეს 2004 წელს, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა ექსკავატორის დაბრუნება, რაზეც მოპასუხე საწარმოს დირექტორმა უარი განაცხადა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მფლობელობიდან ზემოაღნიშნული ექსკავატორის გამოთხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. კ-ს, როგორც მართლზომიერ მფლობელს, დაუბრუნდა სს „.. ..ს“ არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული 1987 წელს გამოშვებული ექსკავატორი საიდენტიპიკაციო ნომრით _ ..., ძრავა ¹..., სერია ზავ¹... .

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „.. ..მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სს „.. ..ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხესა და მ. კ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. კ-მ მოპასუხეს სარგებლობაში გადასცა ექსკავატორი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსკავატორის კუთვნილების ფაქტი, კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, რადგან მიიჩნია, რომ ექსკავატორი წარმოადგენს მოძრავ ნივთს და კანონი არ ითვალისწინებს მასზე უფლებების დადასტურებას რაიმე სახის სპეციალური მტკიცებულებით. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დოკუმენტებში აღწერილი ექსკავატორი ის არაა, რომელიც 2002 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებით მ. კ-მ გადასცა მოპასუხეს. ასევე დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო არა თხოვების, არამედ – იჯარის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მ. კ-მ მოპასუხეს ექსკავატორი გადასცა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “.. ..ს” გენერალურმა დირექტორმა პ.ხ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რადგან ექსკავატორი წარმოადგენს მოძრავ ნივთს და მისი კუთვნილების ფაქტი შესაბამისი წესით უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, კერძოდ, აუცილებელი მოთხოვნა იყო საგზაო პოლიციაში რეგისტრაცია. კასატორი მიუთითებს, რომ არავითარი ხელშეკრულება სს .. ..სა“ და მ. კ-ს შორის არ გაფორმებულა და განჩინებაში საიჯარო და ქირავნობის ხელშეკრულების მუხლების მითითება აშკარად კანონსაწინააღმდეგოა. კასატორის მოსაზრებით, საპელაციო სასამრთლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2004 წლის 8 ივლისს სასუნ მამულიანმა მ. კეკენიძეს განკარგვის უფლებით მიანდო 1987 წელს გამოშვებული ექსკავატორი ე.ო ¹... ძრავით, „ზავ“ ¹..., საინდენტიფიკაციო ნომრით ... (ს.ფ.12).

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ 2002 წლის 4 აგვისტოს სს “.. ..ს” საჩხერის ფილიალსა და მ. კ-ის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს “.. ..ს” საჩხერის ფილიალი იღებდა ვალდებულებას, მუშაობის პერიოდში მოემერაგებინა ექსკავატორი საწვავ საცხები მასალებით და მიეცა ხელფასი მემანქანესათვის, ხოლო მ. კ-ს უნდა მიეღო მანქანის დატვირთვის ღირებულების ერთი ლარით ნაკლები (ს.ფ. 21).

კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ექსკავატორის, როგორც მოძრავი ნივთის, კუთვნილების ფაქტი უნდა დადასტურდეს რეგისტრაციით საგზაო პოლიციაში.

კასატორი ასევე უთითებს, რომ არ შეიძლება მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდეს მოსარჩელის მიერ მათთვის ექსკავატორის გადაცემის ფაქტი.

“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის შეძენასთან ან სხვაგვარი მფლობელობის გადაცემისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და, ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის ჩაბარებად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ექსკავატორი მოსარჩელემ მფლობელობაში გადასცა მოპასუხეს.

ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაცემის ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო (მატერიალურ) - სამართლებრივ ნორმაზე და კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა საშუალებების დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვებისა თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში უტყუარად მიუთითებენ ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობის წესების გამოყენების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგნის დიფერენცირებას. კონკრეტულ შემთხვევაში, ისეთი ფაქტების დადგენა, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკავშირებულ ურთიერთობებთან, შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევაბისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მოძრავი ნივთი, რომლის გადაცემას კანონი არ უკავშირებს გარკვეული ფორმის ან წესის დაცვას. მხოლოდ კანონით განსაზღვრული სპეციალური ფორმის ან წესის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული გარემოებების დადასტურებისათვის აუცილებელი იქნებოდა ამ წესის ან ფორმის დამახასიათებელი მტკიცებულებების წარმოდგენა (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე3 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი წესის არარსებობის გათვალისწინებით აღნიშნული მოძრავი ნივთის გადაცემის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით.

ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, არ დასტურდება ასევე პროცესუალური დარღვევები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ კასატორს არამართლზომიერ მფლობელობაში აქვს ექსკავატორი ¹... ძრავით, სარეგისტრაციო ნომრით ¹..., რადგან მინდობილობით მამულიანმა მოსარჩელეს გადასცა 1987 წელს გამოშვებული ექსკავატორი ძრავით ე.ო ¹... „ზავ“ ¹..., საინდიფიკაციო ¹... .

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ კასატორს გადასცა ის ექსკავატორი, რომელიც მან მიიღო მინდობილობის საფუძველზე.

ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის და ყურადღებას ამახვილებს არა ვინდიკაციით გათვალისწინებული კონკრეტული ნივთის დაბრუნების შეუძლებლობის ფაქტზე (რაც თავისთავად არ გამორიცხავს მოთხოვნის არსებობას, არამედ შეიძლება გამოერიცხა მხოლოდ ნატურით ანაზღაურების მოთხოვნა), არამედ აღნიშნული ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე მოთხოვნის არარსებობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ უთითებს იმ მტკიცებულებების არსებობაზე, რომლებიც გამორიცხავდნენ მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობას, რაც არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “.. ..ს” გენერალურ დირექტორ პ.ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.