Facebook Twitter

ას-247-572-09 26 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 5 თებერვალს ფ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ დ. გ-იანისა და ა. ც-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა,

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 9 სექტემბერს ფ. კ-ძემ საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ფ.კ-ძის საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა მისი ზეპირი განხილვა.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, რომელიც გაფრთხილებულ იქნა სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ფ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსით 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაგზავნის დრო.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი ფ. კ-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2008 წლის 21 ნოემბერს (ს.ფ.360), ხოლო საკასაციო საჩივარი კი, ფ. კ-ძემ შეიტანა 2009 წლის 11 მარტს (ს.ფ.371), ე.ი. ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, იყო 2008 წლის 22 დეკემბერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ფ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;