საქმე №246აგ-15 16 მარტი, 2016 წელი
ბ-ე მ., 246აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით მ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 სექტემბრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით მ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 6 თვე, 14 დღე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 25 ნოემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
6. 2015 წლის 6 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენები შეიცვალა: მსჯავრდებულ მ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 თვე, 14 დღე, ასევე – 2000 ლარი ჯარიმა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით, 3 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 25 ნოემბრიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. მსჯავრდებული მ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
4. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე