Facebook Twitter

საქმე №ბს-1256(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ფ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვ.ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტ.ფ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 06.02.2023 წლის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 15.03.2023 წლის №... გადაწყვეტილების ბათლად ცნობა, ასევე ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 5415 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ტ.ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2024 წლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო ამავე კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ვ.ქ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2024წ. გადაწყვეტილებით ტ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.03.2023 წლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2025წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ცალმხრივად დააკისრა მოსარჩელეს, რაც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და კანონით დადგენილი ვალდებულების არსიდან. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებული დოკუმენტაციით არ დგინდება უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის საჭიროებას, ამასთან, საგულისხმოა, რომ საკუთრების მოწმობაში მითითებული მონაცემი (ადგილმდებარეობა) შეესაბამება სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ მონაცემს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო დაედგინა სადავო უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა და კვადრატულობა, მას უნდა მოეხდინა ადგილზე დათვალიერება შესაბამისი გეოდეზიის სპეციალისტების მონაწილეობით და დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობა და საზღვრები, რაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, აქვს ფართო შესაძლებლობა დაადგინოს მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა (ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები), რაც საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა/იდენტურობა, ამასთან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა არის გამგეობის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. საჯარო რეესტრის მიერ ადგილზე დათვალიერება გეოდეზიის სპეციალისტების მონაწილეობით ვერ უზრუნველყოფს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ფართობისა და ადგილმდებარეობის დადგენას. სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში არსებულ გეოგრაფიულ არეალში, სადაც სისტემური არეალისაგან განსხვავებით მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში სამგორის რაიონის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მათ არ ჰყავთ შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რის გამო გამგეობა მოკლებულია იდენტურობის დადგენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სააგენტოში დაცული ე.წ. „ყვითელი ფენების“ მონაცემების თანახმად სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მითითებულია ვ.ქ-ე. საკუთრების მოწმობა (ს/კ...), რომელზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი. საქმის განხილვისას გამოვლენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს, სადავო საკითხი გადაეწყვიტა არსებითად და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალებით ტ.ფ-იმა 03.11.2022 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოგვიანებით წარდგენილი იქნა აზომვითი ნახაზი 5415 კვ.მ. ოდენობის ნაკვეთზე. განცხადებაზე თანდართული საქართველოს ეროვნული არქივის 26.07.2017 წლის №15/108224 წერილის თანახმად, ...ის რაიონის, ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსია ტ.ფ-ი-დ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხება შვილი - დ.ფ-ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი და 1996, 1998-2000, 2002-2003 წლებში 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 2001, 2004-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება (ტ. 1, ს.ფ. 96). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკომლო წიგნიდან ამონაწერი განიხილება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად და წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხ. „რ“ ქვ.პ., მე-7 მუხ., „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ.).

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. მითითებული ნორმის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 01.12.2022 წელს მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ, №15/108224 საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით (ტ. 1. ს.ფ. 117). სამგორის რაიონის გამგეობის 09.12.2022 წლის წერილის თანახმად, გამგეობა მოკლებულია იდენტურობის დადგენის შესაძლებლობას, ვინაიდან ამ ეტაპზე არ ჰყავთ დარგის სპეციალისტი, რომელიც შესაბამისი აპარატურით დაადგენს ნაკვეთის ადგილმდებარეობას. საბოლოოდ 06.02.2023 წელს ტ.ფ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის (ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის) წარუდგენლობის გამო, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.03.2023 წლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა უძრავ ნივთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა უფლების რეალიზაცია ვერ მოახდინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით გათვალისწინებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმართ სზაკ-ის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა სხვა წესს არ ითვალისწინებს, ასეთ პირობებში საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან ერთად გამოიყენება სზაკ-ის ნორმები. სარეგისტრაციო სამართალურთიერთობები არის ადმინისტრაციული სამართალურთიერთობების ნაირსახეობა, თუმცა იმავდროულად მათ თავიანთი თავისებურებები გააჩნიათ (სუსგ №ბს-791-791(კ-18), 15.07.2020წ.). როგორც უკვე აღინიშნა, სამგორის რაიონის გამგეობამ მიუთითა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა და აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობაზე დარგის სპეციალისტის არარსებობის გამო, რომელიც შესაბამისი აპარატურით დაადგენდა ნაკვეთის ადგილმდებარეობას (ტ. 1, ს.ფ. 118). ამდენად, გამგეობის წერილი ეფუძნება არა იდენტურობის უარყოფას, არამედ ასეთი იდენტურობის დადგენის შეუძლებლობას შესაბამისი სპეციალისტის (აპარატურის) არარსებობის გამო. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სზაკ-ის 97-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების, მათ შორის ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას, შესაბამისად კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადგილზე დათვალიერება და იდენტურობის დადგენა მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება მხოლოდ სისტემური და არა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული სარეგისტრაციო წარმოებისას, არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის მართლზომიერებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016 წლის №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ დებულების თანახმად სააგენტოს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ამოცანებია: გეოდეზიურ-კარტოგრაფიული, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საამზომველო/აგეგმვითი და საკადასტრო საქმიანობის წარმოება, ასევე გეოინფორმაციული სფეროს სტანდარტიზაცია და განვითარება, პოლიტიკის განსაზღვრა და აღსრულება (6.1 მუხ. „ი“ ქვ.პ., 21.1 მუხ.), შესაბამისად საჯარო რეესტრის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამოირიცხება სადავო საკითხის გარკვევის მიზნით გამგეობისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-16 მუხ.). აღსანიშნავია საქმის მასალებში დაცული ვ.ქ-ის განცხადება, რომლის თანახმად მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ტ.ფ-ის სახელზე 5415კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მის (ვ.ქ-ის) სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი მდებარეობს იმავე ტერიტორიაზე, ერთი ნაკვეთის შემდგომ (ტ. 1, ს.ფ. 165). აქედან გამომდინარე დასაბუთებული არ არის აგრეთვე კასატორის პრეტენზია ე.წ. „ყვითელ ფენებში“ ვ.ქ-ის მითითებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის საჭიროებაზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (შდრ. იხ. სუსგ №ბს-988(კ-24), 24.12.2024წ.). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ:....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №..., გადახდის თარიღი 07.11.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე