Facebook Twitter

ას-249-508-08 29 ივლისი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე

კასატორი _ დ. ბ.-ე, წარმომადგენელი თ. ფ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ბ.-ე (მოპასუხე)

მოპასუხე _ ...-ს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი სამსახურის უფროსი ლ. თ.-ე; თერჯოლის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულო (არ გამოცხადდა)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ქონების გამიჯვნა და სავალდებულო წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 აპრილს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ბ.-მ მოპასუხე ო. ბ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ქონების გამიჯვნა გარდაცვლილი დედის _ ზ. ბ.-ის დანაშთი ქონებიდან, ზ. ბ.-ის მთელი დანაშთი ქონების აღწერა და აქედან სავალდებულო წილის გამოყოფა, ო. ბ.-ის სახელზე რიცხული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობა, მიწის ფართობების ესკიზების მიხედვით მიწის ნაკვეთების მის სახელზე აღრიცხვა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა თერჯოლის რაიონ სოფელ ...-ში დედის _ ზ. ბ.-ის კომლში. 1970 წელს დედასთან ერთად ააგო საზიარო სახლი, რომლის ერთ ნახევარში ცხოვრობდა დედა, ხოლო მეორე ნახევარში _ თვითონ ოჯახით. მიწის პრივატიზების დაწყების წინ მოსარჩელე ოფიციალურად ამოეწერა დედამისის კომლიდან და დარეგისტრირდა მე-2 კატეგორიის კომლად, როგორც ცალკე გამოყოფილ კომლს, შეევსო მიწის ნაკვეთი 0,60 ჰა-მდე, რაც დასტურდება თერჯოლის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს 1993 წლის 28 ივნისის ¹58 განკარგულებით და ...-ის სახელმწიფო მეურნეობის 1993 წლის 12 ივლისის ¹23 ბრძანებით. მოსარჩელე 1970 წლიდან დღემდე ფლობს თერჯოლის რაიონის სოფელ ...-ში საცხოვრებელი სახლის ნახევარს და 1993 წლიდან 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაც ასევე დასტურდება თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით და სოფელ ...-ის საკრებულოს 2005 წლის 16 აგვისტოს ¹28 გადაწყვეტილებით. ზ. ბ.-ე გარდაიცვალა 1998 წლის 12 თებერვალს, რის შემდეგაც, როგორც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე, 1998 წლის 7 თებერვალს, ზ. ბ.-ს დაუწერია ანდერძი, რომლითაც საცხოვრებელი სახლი ქ. ქუთაისში და სოფელ ...-ში უანდერძა მოსარჩელის ძმას _ ო. ბ.-ს. ზ. ბ.-ის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 6-თვიანი ხანდაზმულობის ვადის იგნორირებით, თერჯოლის რაიონის ნოტარიუსი ახდენს დედის დანაშთი ქონების აღრიცხვას და მემკვიდრეობის გაფორმებას ო. ბ.-ის სახელზე. ამასთან, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ...-ის საკრებულო და თერჯოლის მიწის მართვის სამმართველო არ აუქმებენ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეცდომით მისი ძმის სახელზე აღრიცხვის მოწმობებს. დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრი ასევე იგნორირებას უკეთებს თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებას და მიწას არ აღრიცხავს მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჯერ უნდა გაიმიჯნოს მისი ქონება და მიწის ნაკვეთი დედამისის დანაშთი ქონებიდან და ამის შემდეგ გამოეყოს მას სავალდებულო წილი ამ ქონებიდან _ როგორც ქუთაისში, ...-ის ქ.¹23/31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, ასევე სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ტ.1, ს.ფ 2-4).

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულო და საჯარო რეესტრის თერჯოლის სამსახური (ტ.1, ს.ფ. 54).

მოპასუხე ო. ბ.-მ შესაგებელში განმარტა, რომ ზ. ბ.-ის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებაზე სარჩელის მოთხოვნას ეთანხმება და ამ ნაწილში ცნობს სარჩელს. დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობს, რამდენადაც ზ. ბ.-ის კომლიდან გამოყოფის შემდეგ დ. ბ.-მ რა ქონება მიიღო, სამართლებრივად არ არის გარკვეული, ეს ქონება არ აღრიცხულა არც საკომლო წიგნში და არც სხვა სარეგისტრაციო საბუთებში. ამასთან, ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე ბინა ზ. ბ.-ის საკუთრებას არ წარმოადგენდა, რის გამოც იგი სამკვიდრო მასაში ვერ შევა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს თერჯოლის სამსახურს დაევალა დ. ბ.-ის სახელზე თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე თერჯოლის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს მიერ გაცემული საკარმიდამო მიწების ესკიზების შესაბამისად აღურიცხავი მიწის ფართობის საჯარო რეესტრში გატარება; ბათილად იქნა ცნობილი ო. ბ.-ის სახელზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 ოქტომბრის ¹..., 1999 წლის 7 ნოემბრის ¹..., ¹... და ¹... მიწის ფართობის სარეგისტრაციო მოწმობები; დ. ბ.-ე ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ზ. ბ.-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 2000 წლის 27 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ქონების 1/6 ნაწილის _ სავალდებულო წილის მესაკუთრედ.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: მოსარჩელე დ. ბ.-ე ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ...-ში. დედამისი ზ. ბ.-ე, რომელიც ცხოვრობდა ამავე სოფელში, გარდაიცვალა 1998 წლის 12 თებერვალს. ზ. ბ.-მ ქონება უანდერძა მოპასუხე ო. ბ.-ს. საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზ. ბ.-ის სახელზე სოფელ ...-ში ირიცხება 96,0კვ.მ საცხოვრებელი სახლი. სოფელ ...-ის საკრებულოს 1993 წლის 28 ივნისის ¹58 განკარგულების მიხედვით, ზ. ბ.-ის ოჯახის შემადგენლობიდან ცალკე კომლად გამოიყო დ. ბ.-ე. ...-ის სახელმწიფო მეურნეობის 1993 წლის 12 ივლისის ¹23 ბრძანებით დ. ბ.-ს გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,60 ჰა. საქმეში წარმოადგენილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 27 მარტის ¹... ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ ... თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადაცემულ საგადასახადო სიებში დ. ბ.-ს საკუთრებაში ერიცხება 1822კვ.მ და 533კვ.მ მიწის ნაკვეთები 2006 წლის მდგომარეობით. იგივე დასტურდება ...-ს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის წერილით. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ...-ის საკრებულომ შეადგინა დ. ბ.-ის საკარმიდამო მიწის ფართობების ესკიზები (ს.ფ.17), რის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს ამ მიწის მის სახელზე აღრიცხვას.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად ყველასათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მის სახელზე საჯარო რეესტრში აღურიცხავი მიწის ფართობის გატარების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

რაიონულმა სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილშიც, რომ ო. ბ.-ის სახელზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 ოქტომბრის ¹..., 1999 წლის 7 ნოემბრის ¹..., ... და ¹... მიწის სარეგისტრაციო მოწმობები უკანონოდ არის გაცემული და უნდა გაუქმდეს. საქმეში წარმოდგენილი სოფელ ...-ის საკრებულოს 05.03. ¹4 ცნობით დასტურდებოდა, რომ ზ. ბ.-ე გარდაცვალებამდე ფლობდა 0,90ჰა მიწას. ზ. ბ.-ის გარდაცვალების შემდგომ მის დანაშთ ქონებას კანონის ფარგლებში არც ერთი შვილი არ ფლობდა. იგივე დასტურდებოდა სოფელ ...-ის საკრებულოს 2006 წლის 05.07 ¹16 ცნობით და საქმეში არსებული სხვა გარემოებებით. კანონით დადგენილი წესით მეემკვიდრეობა ჯერ არც ერთ მემკვიდრეს არ ჰქონდა მიღებული. ზ. ბ.-ს საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გადაეცა მიწის რეფორმის შემდეგ, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, რის შემდეგაც თავისი საკუთრება არ გაუსხვისებია კანონით დადგენილი წესით. ამის გამო ო. ბ.-ის სახელზე ზ. ბ.-ის კუთვნილი მიწის აღრიცხვის დამადასტურებელი მოწმობები ბათილად გამოცხადებას ექვემდებარებოდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ.-ის კომლიდან გამოყოფის შემდეგ დ. ბ.-ს კომლის ქონება არ გადასცემია და სახლის ტექნიკური პასპორტისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით საცხოვრებელი სახლი და 729,41კვ.მ მიწა მხოლოდ ზ. ბ.-ის საკუთრებაა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, დ. ბ.-ს, როგორც ზ. ბ.-ის შვილსა და პირველი რიგის მემკვიდრეს ეკუთვნის სავალდებულო წილი, რა ნაწილშიც მოპასუხე ო. ბ.-ე სარჩელს აღიარებდა. მოცემულ შემთხვევაში სავალდებულო წილის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო სამოქალაქო კოდექსის 1374-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზრვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონისმიერი მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ანდერძი რომ არ ყოფილიყო, ზ. ბ.-ის მემკვიდრეობის მისაღებად მოწვეული უნდა ყოფილიყვნენ მისი სამი პირველი რიგის მემკვიდრე _ ო. ბ.-ე, დ. ბ.-ე და მათი აწ გარდაცვლილი და _ ც. ბ.-ე. ვინაიდან არსებობდა ანდერძი, თითოეულს ეკუთვნოდა 1/3-ის ნახევარი, ანუ სამკვიდროს 1/6 ნაწილი. მოსარჩელე სავალდებულო წილის უფლებას მოიპოვებდა სოფელ ...-ში ზ. ბ.-ის საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, რაც აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში და მიწის რეფორმის შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა ზ. ბ.-ს კერძო საკუთრებაში, რაც შეადგენდა 0,90ჰა-ს.

მოსარჩელის მოთხოვნა ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე სავალდებულო წილის მიღების შესახებ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ზ. ბ.-ის საკუთრებას არ წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის მუნიციპალური მართვის სამსახურის 10.08.2006წ. ¹677 ცნობის თანახმად, აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა ნ. ბ.-ს (ტ.1, ს.ფ. 112-117).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტ.1, ს.ფ. 125-126).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.1, ს.ფ. 169-171).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სადავო საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მთლიანი საცხოვრებელი სახლი და 729,41 მ2 მიწის ფართობი მხოლოდ ზ. ბ.-ის საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს არ წარმოუდგენიათ კომლის გაყოფის დოკუმენტი _ ე.წ. «გაყოფის ფარდი”, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო, რა ქონება გაიყო მხარეთა შორის და რა წესით უნდა გადაცემულიყო ეს ქონება. ასევე, დ. ბ.-მ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი პრივატიზებული იყო ზ. ბ.-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის სწორი გამოყენების გზით სწორად განსაზღვრა დ. ბ.-ის სავალდებულო წილი _ 1/6 ნაწილი (ტ.2. ს.ფ. 92-100).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ 1993 წლიდან იგი ცალკე კომლად გამოეყო ზ. ბ.-ის კომლს და საკუთრების უფლებით ფლობდა 0,60 ჰა კვ/მ მიწის ნაკვეთს, რაც ასევე დასტურდება სოფელ ...-ის საკრებულოს 2005 წლის 14 მარტის ¹19 ბრძანებით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო აპელირებას აკეთებს საკრებულოს მიერ გაცემულ ცნობებზე და შეფასებას არ აძლევს ამავე საკრებულოს 1993 წლის 28 ივნისის ¹ 58 განკარგულებას, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ დ. ბ.-ს დედის სახლში აქვს კუთვნილი საცხოვრებელი ფართი და მოითხოვს ცალკე კომლად გამოყოფას, საკრებულომ კანონიერად ჩათვალა მისი მოთხოვნა და გამოყო ცალკე კომლად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება მიწასთან დაკავშირებით, რადგან სადავო შენობის ნახევარი, საკადასტრო რუკის მიხედვით, კასატორის კუთვნილ 634კვ.მ მიწაზეა განთავსებული, მეორე ნახევარი აწ გარდაცვლილი ზ. ბ.-ის სახელზეა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის, 170-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნები (ტ.2. ს.ფ. 111-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.

სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2000 წლის 27 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის სავალდებულო წილის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნულ ამონაწერში მითითებულია, რომ ზ. ბ.-ის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 96,0კვ.მ (ტ.1, ს.ფ. 39). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე ამონაწერის მიხედვით, ზ. ბ.-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 729,41კვ.მ-ს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. ბ.-ის სარჩელი და სოფელ ...-ის საკრებულოსა და მიწათმომწყობს დაევალათ დ. ბ.-სათვის მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ესკიზების გადაცემა ზომებისა და საზღვრების მითითებით საჯარო რეესტრის თერჯოლის სამსახურში რეგისტრაციისათვის წარსადგენად (ტ.1, ს.ფ. 38). ამავე სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწა წარმოადგენს 1993 წელს მიწის რეფორმის დროს დ. ბ.-სათვის მიზომილ ნაკვეთებს. განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია აღნიშნული მიწის დ. ბ.-სადმი კუთვნილება და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაცია, ამ ნაწილში გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, მოიცავს თუ არა ამ მიწას 2000 წლის 27 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული მიწის ფართი და დგას თუ არა სახლი ან მისი ნაწილი ამ მიწაზე, რომელიც დ. ბ.-ის საკუთრებაა. აღნიშნული გარემოების გამორკვევის, ასევე, იმ გარემოების გარკვევის შემდეგ, თუ როდის არის ეს მიწა დ. ბ.-სათვის გადაცემული, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ხომ არ შეეფარდება სადავო ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად კი, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც, როგორსაც ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიაკუთვნებს მიწასთან მყარად დაკავშირებულ შენობა-ნაგებობებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენს შეადგენს რეალურად ზ. ბ.-ის დანაშთი ქონება და შესაბამისად, დ. ბ.-ის სავალდებულო წილი ამ ქონებიდან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, თუ რას ნიშნავს სოფელ ...-ის საკრებულოს გამგებლის 1993 წლის 28 ივნისის ¹59 განკარგულებაში (ტ.1, ს.ფ.95) იმის მითითება, რომ «დ. ბ.-ს დედის სახლში აქვს თავისი წილი (კუთვნილი) საცხოვრებელი ფართი», რა არის ასეთი მითითების საფუძველი და რა სამართლებრივ შედეგს იწვევს. ასევე, რატომ არის განსხვავება საქმეში არსებულ ამ განკარგულების ხელნაწერ და ნაბეჭდ ტექსტებს შორის და რომელია სარწმუნო ტექსტი (ტ.1, ს.ფ.10, 95; ტ.2, ს.ფ.117, 118).

მოცემულ შემთხვევაში ასევე გასარკვევია, თუ, რეალურად, რა შეადგენს დ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნას და რამდენად თანხვედრაშია მისი იურიდიული ინტერესის საგანთან. დ. ბ.-ე ითხოვს მისი ქონების გამიჯვნას ზ. ბ.-ის ქონებისაგან, ზ. ბ.-ის დანაშთი ქონების განსაზღვრას და მისთვის ამ ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფას. ამასთან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მისი იურიდიული ინტერესი საქმეზე, ფაქტობრივად, მისთვის სახლის ნახევარის მიკუთვნებაში მდგომარეობს, რომელსაც, მისი განმარტებით, იგი ყოველთვის ფლობდა. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, რას ნიშნავს მოთხოვნა: «კუთვნილი ქონების გამიჯვნა ზ. ბ.-ის დანაშთი ქონებისაგან», ხომ არ მოიცავს ეს დ. ბ.-სათვის სახლის ნახევრის მიკუთვნების ან ამ ნაწილის მესაკუთრედ მისი აღიარების მოთხოვნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.