საქმე №119აგ-15 11 მარტი, 2016 წელი
ჩ-ე გ., 119აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განაჩენით გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 თებერვლიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და მისთვის სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ჩ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისთვისაც განსაზღვრული იყო შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება მუხლის სხვადასხვა ნაწილში მოექცა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, მართალია, მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდა, მაგრამ - გასაღება - რაშიც მსჯავრდებულს ასევე დაედო მსჯავრი, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) თანახმად, როგორც დანაშაულის კატეგორიის, ისე სანქციის ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია. ამდენად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არც დანაშაულის კატეგორიის, არც სასჯელის თვალსაზრისით არ შემსუბუქებულა და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე