ას-249-580-07 4 ივლისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ც., გ., რ. და რუ. ა-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე –ტ. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
და დავის საგანი – მემკვიდრეებზე ვალის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 8 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ტ. ნ-მ სარჩელი აღძრა ც., გ., რ. და რუ. ა-ების წინააღმდეგ.
მოსარჩელემ განაცხადა, რომ 2003 წლის 7 ივლისს მასსა და აწ გარდაცვლილ ნ. ა-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ. ა-ს სესხად გადასცა 40000 აშშ დოლარი. ნ. ა-ს ვალი უნდა დაებრუნებინა 2004 წლის 7 ივლისს, მაგრამ იგი დარდაიცვალა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის, ნ. ა-ის მემკვიდრეთათვის 40000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ არ მიუღიათ სამკვიდრო და მიღებული აქტივის ღირებულება ნაკლები იყო 40000 აშშ დოლარზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ტ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა ც., რ., გ. და რუ. ა-ებს თითოეულს ტ. ნ-ის სასარგებლოდ 4423,47 ლარის გადახდა.
პალატამ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... არსებული ქონება წარმოადგენს ც., რ., გ. და რუ. ა-ების საერთო საკუთრებას და ნ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა სამკვიდრო ქონებაში ნ. ა-ის კუთვნილი 1/5 წილი. ასევე დადგენილია, რომ ნ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად დაეუფლა ც., რ., გ. და რუ. ა-ები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც., გ., რ. და რუ. ა-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორების აზრით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრენი არიან ც. და გ. ა-ები, რომელთაც უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის გრაფაში საფუძვლად მითითებული აქვთ ჩუქების ხელშეკრულება 3.04.2002 წელი და საგადასახადო სია ¹248 ანუ აღნიშნულ გრაფაში საუბარი არ არის სამკვიდრო ქონებაზე, რომელზეც უნდა გაცემულიყო სამკვიდრო მოწმობა. უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი ჩუქების ხელშეკრულება და საგადასახადო სია ¹248 არ არის მემკვიდრეობით მიღებული ქონების საფუძველი ვინაიდან, ასეთი უნდა ყოფილიყო სამკვიდრო მოწმობა. საჯარო რეესტრის მონაცემები არ შეიძლება სადაო გაეხადა სასამართლოს და მისი საწინააღმდეგო ემტკიცებინა, ვინაიდან მხარეს ასეთი რამ არ მოიუთხოვია. შესაბამისად სასამართლომ გადაწყვიტა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია რითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების ფარგლებს.
კასატორის აზრით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაზე მიუთითებს ისიც, რომ სასამართლომ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ თანაბრად ც., გ., რ. და რუ. ა-ები მიიჩნია, მაშინ როცა საჯარო რეესტრის მიხედვით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრენი არიან ც. ა-ი (საცხოვრებელი სახლი და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი) და გ. ა-ი (2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი). სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები ურთიერთ გამომრიცხავი და არასწორი განმარტება მისცა მას.
ასევე კასატორის აზრით, 2002 წლის 3 აპრილს ჩუქების ხელშეკრულებაში საუბარია კომლის წევრის ც. ა-ის თანხმობაზე მიწის ნაკვეთის გაჩუქებაზე, რომლის შედეგადაც 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხა საჯარო რეესტრში გ. ა-ის სახელზე, ხოლო დანარჩენი 600 კვ.მ საცხოვრებელ სახლთან ერთად აღნისნული ც. ა-ზე. ამასთანავე ც. ა-ის უძრავ ქონებას საჯარო რეესტრში უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის გრაფაში ცვლილება არ მოჰყოლია ანუ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული საგადასახადო სია ¹248 ანუ ის სია, რომელიც აწ/გარდაცვლილი ნ. ა-ის დროსაც არსებობდა. მოცემული მონაცემით (საგადასახადო სია ¹248) სწორედ კომლის ქონებაზეა საუბარი და მასში არაა მითითებული განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის არსებობა. საყურადღებოა სააპელაციო სასამართლოს კომენტარი ც. ა-ის სახელზე გაცემულ ამონაწერში უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად “საგადასახადო სია ¹248 –ზე”, რომელიც არ ნიშნავდა იმას, რომ ც. ა-ი სამეურნეო კომლის მესაკუთრე იყო. რაც შეეხება წილს შპს “ხ...ში”, 130 ცალ აქციას სს ბათუმის “ .. ..” და 33 448 ცალი სს ფ.ქ.ს.კ. “ი....ში” რომელიც აღრიცხული იყო ნ. ა-ის სახელზე საერთო ღირებულებაა 3 351,3 ლარი აღნიშნული აქციები გირაოში იყო ჩადებული აწ გარდაცვლილ ნ. ა-ის მიერ. ამასთანავე აპელანტმა ვერ დაასაბუთა, ვერ მიუთითა და ვერც ვერანაირი მტკიცებულება წარმოადგინა იმაზე მიღებული იქნა თუ არა აქციათა აღნიშნული წილი მემკვიდრეობით მის მიერ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, რის გამოც თანხის დაკისრება აქციების ღირებულების აქტივის ფარგლებში ასევე უსაფუძვლო იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ც., გ., რ. და რუ. ა-ები ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც., გ., რ. და რუ. ა-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც., გ., რ. და რუ. ა-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 885 ლარის 70% - 619.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც., გ., რ. და რუ. ა-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 619.5 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.