¹ას-250-509-08 26 ნოემბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. ც-აძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-იაE (მოპასუხე)
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2087 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
2006 წლის 3 თებერვალს რ. ც-აძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: გ. მ-იასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ........ ქუჩაზე მდებარე 46 კვ.მ კაფე-ბარის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 5 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ. მ-იასთან. 2005 წლის ივლისში, ერთობლივი ფინანსური მონაწილეობით, დაბა ურეკში, ......... ქუჩაზე კუთვნილ 46 კვ.მ ნაკვეთზე ააშენეს კაფე-ბარი. მითითებული ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებების განსახორციელებლად, კაფე-ბარის თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელმაც უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციისათვის საჭირო იყო გ. მ-იას სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოსარჩელის მითითებით, გ. მ-იას ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეისათვის შეტანილი აქვს სარჩელი განქორწინების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ კაფე-ბარის ასაშენებელი თანხა მეუღლესთან ერთად დაფარა 2005 წლის ზაფხულში, დაბა ურეკში არსებული, მათივე მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული კაფე-ბარი რომ ერთობლივი ძალებით არის აშენებული და შექმნილი, დაადასტურებენ ის პირები, რომლებიც ეხმარებოდნენ მაღაზიისა და კაფე-ბარის მშენებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ........ ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარზე თანასაკუთრედ ცნობა და გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება.
2006 წლის 16 თებერვალს კი მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც საქმის მომზადების ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნული კაფე-ბარის თანამესაკუთრედ ცნობასთან ერთად მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სამსახურის მიერ 2006 წლის 13 იანვარს გაცემული პასუხის, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობა და მითითებული სამსახურის დავალდებულება იმის თაობაზე, რომ რეგისტრირებულ იქნეს რ. ც-აძე სადავო კაფე-ბარის თანამესაკუთრედ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით რ. ც-აძის განცხადება დაკმაყოფილდა _ ყადაღა დაედო ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ......... ქუჩაზე მდებარე, გ. მ-იას საკუთრებაში არსებულ კაფე-ბარსა და 46 კვ. მ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც აღნიშნული კაფე-ბარი მდებარეობს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ც-აძის სასარჩელო განცხადება ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 იანვრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. მ-იას დაევალა, დაასრულოს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ........ ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებულ 46 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებული კაფე-ბარის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურში; რ. ც-აძე ცნობილ იქნა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ......... ქუჩაზე, გ. მ-იას საკუთრებაში არსებულ 46 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის თანამესაკუთრედ.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ც-აძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რომ არც ერთი მისი მტკიცებულება არ შეამოწმა და შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები არასათანადოდ მიიჩნია, რაც, მისი აზრით, არასწორია. სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზეპირი განმარტებები საჯარო რეესტრის ამონაწერის ნამდვილობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე¹” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რ. ც-აძე მოპასუხე გ.მოქიასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2005 წლის 5 იანვრიდან ასევე, დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ....... ქუჩაზე, გ. მ-იას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, 46 კვ.მ-ზე კაფე-ბარი აშენებულია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რასაც მოწმობს შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 9 ივნისის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათისა და საკადასტრო რუკის დამოწმებული ასლებით დგინდება, რომ ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში მდებარე 0,080 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია სადავო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ¹27/27 საფუძველზე 2001 წლის 18 დეკემბრიდან გ. მ-იას ოჯახის საკუთრებაა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სადავო კაფე-ბარის ასაშებელად არ არის გაცემული ნებართვა, ასევე, ამ შენობის დასარეგისტრირებლად გ. მ-იას არ მიუმართავს სარეგისტრაციო სამსახურისათვის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სადავო ნაგებობა აშენებულია მხარეთა ქორწინების პერიოდში, მაგრამ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან აღნიშნული ნაგებობა არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და მიაკუთვნა მოსარჩელეს ის, რაც მას არ უთხოვია, კერძოდ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების თანახმად, გ. მ-იას დაევალა საჯარო რეესტრის სამსახურში კაფე-ბარზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დასრულება, მაშინ, როცა ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს წარდგენილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე რ. ც-ძე სასამართლოში ითხოვდა გ. მ-იას დავალებოდა საჯარო რეესტრის სამსახურში კაფე-ბარზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დასრულება (ს.ფ. 110_112). სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს აღნიშნულ მოთხოვნაზე, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია, რაც არ არის სწორი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნების შესახებ, ერთობლივად განიხილოს ისინი სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაყვეტილება.
კასატორი არ უთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერებაზე, ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ ი ნ ა :
რ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.