Facebook Twitter

ას-250-581-07 6 ივლისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ.კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. კ-ე-წ-ე და ნოტარიუსი თ. მ-ე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა 2004 წლის 16 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე მ. კ-ის და ქუთაისის ნოტარიუსი თ. მ-ის მიმართ. მან მოითხოვა მის მამას, კ. მ-სა და მ. კ-ს შორის ქ. ქუთაისში, ... ქ.¹44ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2003 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა თ. მ-ის საჩივარს დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ზემოაღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის ქუთაისის სასამართლოში დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება და 2006 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004 წლის 16 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ.მ-მა მოპასუხეების მ. კ-ისა და თ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ. კ-სა და კ. მ-ს შორის 2003 წლის 10 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმითა და 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერებული იქნა თ. მ-ის სარჩელის გამო მ. კ-ისა და თ. მ-ის მიმართ წარმოებულ სამოქალაქო დავაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით განახლებული იქნა საქმის წარმოება თ. მ-ის სარჩელისა გამო მ. წ-ისა და ნოტარიუს თ. მ-ის მიმართ და საქმე არსებითი განხილვისათვის დაინიშნა 2006 წლის 16 ოქტომბერს 14.00 საათზე. სასამართლო მთავარ სხდომაზე მოწვევის თაობაზე თ.მ-ს კურიერის მეშვეობით გაეგზავნა უწყება, რომელიც დაბრუნებული იქნა წარწერით, რომ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ.მ-ის სარჩელი მ. წ-ისა და თ. მ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.მ-ის მიერ სარჩელი წარდგენილი იქნა მ. კ-ისა და თ. მ-ის მიმართ და სასამართლოს მიერ სწორედ ამ მხარეთა მონაწილეობით წარმოებული სამოქალაქო საქმე იქნა შეჩერებული, ხოლო განახლების დროისათვის განჩინებაში მოპასუხე მხარედ მითითებული იქნა მ. წ-ე და დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც ამ პირის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე იქნა გამოტანილი, რომლის ვინაობის ნამდვილობაც სადავოდ იქნა მოსარჩელის მიერ გამხდარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ თ.მ-ს, როგორც მოსარჩელე მხარეს არ ეცნობა საქმის წარმოების განახლების საფუძვლები და თავდაპირველ სარჩელში მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირის გვარის შეცვლის მოტივები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ შესაბამისად, გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

პალატამ ასევე განმარტა, რომ თ.მ-ის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, იგი არ შეიცავს საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს და მითითებას დავის საგნის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ უწყებაზე სასამართლო კურიერის მიერ გაკეთებულია მინაწერი, რომ ადრესატმა უარი განაცხადა მის მიღებაზე. მის ჩაბარების შემთხვევაშიც კი იგი ვერ ჩაითვლებოდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგზავნილად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, თ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, როგორც 2003 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ისე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მ.კეპულაძის მიერ გამოთავისუფლება. ასევე, პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული მოწმე დ-ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ე-წ-ის და ნოტარიუს თ. მ-ის წარმომადგენელმა გ. კ-მ.

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმის წარმოების განახლების განჩინებაში მოპასუხედ მ. წ-ის მითითება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უკვე ხელთ ჰქონდა გამოძიების შემაჯამებელი დოკუმენტი, დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელიც თ. მ-მა ორჯერ, საქალაქო და საოლქო სასამართლოებში გაასაჩივრა და დატოვებული იყო ძალაში უცვლელად.

კასატორების მოსაზრებით საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ზეპირად იცოდა თ.მ-მა, ვინაიდან უკვე ხელთ ჰქონდა 2006 წლის 31 მაისის დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

კასატორების წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე თ. მ-ს არ ეცნობა საქმის განახლების საფუძვლები და ის, თუ როგორ გახდა მ.კ-ე მ.წ-ე, აღნიშნული არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას.

კასატორი არ იზიარებს განჩინების გაუქმების საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ უწყება არ შეიცავდა საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს და მითითებას დავის საგნის შესახებ. საქმის მომზადების მიზნით სასამართლომ ჯერ კიდევ მთავარი სხდომის დანიშვნამდე უნდა გაუგზავნოს მოპასუხეს სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლისა თუ სხვა წერილობითი მასალის ასლები, ხოლო სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნისა და ადგილის შეტყობინების მიზნით უწყების გაგზავნისას აღარ იქნება იმის აუცილებლობა მხარეებს გაეგზავნოთ წერილობითი მასალების ასლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით მ. კ-ე-წ-ისა და ნოტარიუს თ. მ-ის წარმომადგენელი გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ თ. მ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. კ-ე-წ-ისა და ნოტარიუს თ. მ-ის წარმომადგენელი გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ე-წ-ისა და ნოტარიუს თ. მ-ის წარმომადგენელი გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. კ-ე-წ-ისა და ნოტარიუს თ. მ-ის წარმომადგენელს გ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. კ-ე-წ-ისა და ნოტარიუს თ. მ-ის წარმომადგენელი გ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.