საქმე №284აგ-15 21 მარტი, 2016 წელი
დ-ე დ., 284აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ დ. დ-სა და პროკურორ ლ. ს-ს შორის, რომლის თანახმად, დ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 7 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 10 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 4 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 4 ნოემბრამდე.
3. 2015 წლის 31 ივლისს მსჯავრდებულმა დ. დ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ დ. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული დ. დ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას განაჩენით მისჯილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელზე ნაკლები, ამიტომ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას პროპორციულად შემცირებას, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ხუთწლიანი ვადის შემცირებას, ვინაიდან მის ოჯახს აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, ჰყავს ინვალიდი მეუღლე და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პოზიციას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ხუთწლიანი ვადის შემცირების თაობაზე, ვინაიდან ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე