¹ას-251-576-09 8 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. ი-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე, სს «მამულის» სარჩელის გამო მოპასუხე ზ. ი-ურის მიმართ არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისა და ფართის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით ზ. ი-ურს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 31 მარტს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით ზ. ი-ურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 267-268).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 7 აპრილს (ს.ფ. 269). განჩინების ასლი ჩაჰბარდა მის წარმომადგენელ ვარდიძეს 2009 წლის 10 აპრილს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 270).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ი-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ი-ურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.